Monday, August 7, 2017

მძევალი და მძევლად აყვანა როგორც დანაშაული


მძევალი არის ადამიანი რომელიც დაკავებულია, ორი კონფლიქტური პირის ან ჯგუფიდან ერთ-ერთის მიერ, გარკვეული მოთხოვნის დაწესების უზრუნველყოფისთვის, ან ომის პრევენციისთვის. მაგრამ თანამედროვეობაში ამ ცნებაში იგულისხმება პიროვნება, ვინც იძულებით დაკავებულია რათა დამნაშავემ აიძულოს სხვა მხარეს- ნათესავი, დამსაქმებელი, სამართალდამცავი, მთავრობა, სასურველი ქმედების განხორციელება ან ქმედების შეკავება. ხშირად მძევლის ფიზიკურად დაზიანების მუქარით, თუ ულტიმატუმი არ შესრულდა. მძევლის აყვანა მოიცავს ფართო კატეგორიებს, როგორიცაა გატაცება, დატყვევება, ტრანსპორტის გაცატება და ზოგი ტერორისტული აქტი.

მძევლის აყვანა საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, მოყოლებული ანტიკური ხანიდან. თავდაპირველად პრაქტიკულად ჩვეული ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებში, დანებების, ზავებისა და შეთანხმებების მიღწევისთვის, სადაც ორი კონფლიქტური მხარის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ამ პროცესის წარმატებით დასრულებაზე. მაგალითად რომაელები ხშირად იტაცებდნენ ვასალი სახელმწიფოების პრინცებს ახალგაზრდობიდანვე, რათა ჰქონოდათ დაპყრობილი ერების ლოიალურობის გარანტია, ასევე მათ ზრდიდნენ რომაული იდეოლოგიისა და შეხედულებების მიხედვით, საბოლოოდ კი მმართველებად აბრუნებდნენ თავიანთ მიწებზე. შუა საუკუნეებში, ირლანდიელმა მეფემ, ნიალმა დაიპყრო 9 სახელმწიფო, 9 მძევლის აყვანის საშუალებით, საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც ხშირად იყენებდნენ მსგავს პრაქტიკას. ასეთი ქმედება ოფიციალურად 1970-იან წლებიდან ითვლება დანაშაულად და ისჯება კანონით.
Miron, Goldstein(1978)-მა მძევლის აყვანის დანაშაულში მოქმედი ფსიქოლოგიური საფუძვლები ორ ტიპად დაყვეს. ინსტრუმენტალური და ექსპრესიული. ინსტრუმენტალური ტიპის დამნაშავის მოტივი ცხადია- მატერიალური ინტერესი, მაგალითად ბავშვის გატაცება რათა მის მშობლებს გამოსასყიდი მოთხოვოს. ექსპრესიული ტიპის შემთხვევაში მოტივაცია მეტად ბუნდოვანია. ეს შესაძლოა იყოს ძალაუფლების შეძენა, თავის ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვება. ინდივიდი, რომელიც მსგავსი მოტივით ჩადის დანაშაულს, ხშირად დაბალი თვითაქტუალიზაციისა და რეალიზაციის დონით გამოირჩევა, მას უნდა რომ გახდეს მნიშვნელოვანი, ზუსტად ამისთვის მძევლის აყვანა, სხვისთვის ულტიმატუმის წაყენება და მედიაში გავრცელება აძლევს საშუალებას მიაღწიოს თავის მიზანს. ამ შემთხვევაში, უბრალო დამკვირვებლისთვის ასეთი ქმედება მეტწილად უაზრო და თვითგანადგურების მანიშნებელია. მაგალითად თვითმფრინავის გამტაცებელი, რომელიც პილოტს აძალებს ერთი კონტინეტიდან მეორეში დაშვებას. რა თქმა უნდა ეს ფაქტორები არ არის რადიკალურად დაშორებული ერთმანეთისგან, ზოგჯერ შესაძლოა დანაშაულის თავდაპირველი მოტივი ინსტრუმენტალური იყოს და შემდგომ ექსპრესიულში გადაიზარდოს, როდესაც დამნაშავე იტაცებს ვიღაცას მატერიალური მოგების მიზნით და ხვდება, რომ მისი მოთხოვნები ზედმეტად არარეალურია და დიდი ალბათობით არ დაკმაყოფილდება, ქმედებას განახორციელებს უკვე ყურადღების მიპყრობისა და იმ ძალაუფლების მოპოვების მიზნით რასაც მსგავსი ქმედება იძლევა. აქედან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერი მსგავსი დანაშაულის ფსიქოლოგიური ფაქტორების განხილვისას ორივე ტიპის ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული.
მძევლის ფსიქოლოგია
მძევლად ყოფნა დაკავშირებულია მრავალ, როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობებთან. ამ გავლენებზე ცალ-ცალკე, კატეგორიებად საუბარი ერთდროულად მიზანშეუწონელია და უხეში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ურთიერთდამოკიდებულია და ერთმანეთით გაშუალებულია. მაგრამ შესაძლოა ამ ფაქტორების გავლენების განხილვა. ის სტრესი და შიში, რასაც ადამიანი ამ მდგომარეობაში განიცდის, ხშირად პანიკის, იმპულსურობის, გონების დაკარგვის, აგრესიულობისა და გარკვეულ შემთხვევებში ისეთ პარადოქსულ მოვლენებთან როგორიცაა სტოკჰოლმის სინდრომი. ნახსენები მოვლენა საფუძველს, 1973 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ფაქტიდან იღებს.  ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ — 32 წლის იან-ერიკ ოლსონი და 26 წლის კლარკ ოლაფსონი — ბანკის შენობაში შეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის იყო სამი ქალი – 33 წლის ბრიგიტონ ლუნდბერგი, 26 წლის კრისტინა ენმარკი, 21 წლის ელიზაბეთ ოლდგრენი და ერთი მამაკაცი – ბანკის მენეჯერი სვენ სეფსტრემომი. მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის დაჯავშნულ საცავში. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. ჯერ კისერზე თოკჩაბმულებმა გაატარეს რამდენიმე ხანი, ორი დღის მანძილზე არ აძლევდნენ საჭმელს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ბრიგიტას შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა, კრისტინამ ჯერ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლო, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან თავისი გამყიდველობა აღიარა. მეოთხე დღეს მან ტელეფონით მოითხოვა მიეცათ მძევლებისთვის უფლება თან გაჰყოლოდნენ გამტაცებლებს, რადგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. სვენი გათავისუფლების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც. ამ მოვლენის აღწერა და შემდგომ ახსნა ძალიან რთულია, მაგრამ შეაძლოა გარკვეული ფაქტორების გამოყოფა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ფამილიარობა, ნებისმიერ შემთხვევაში ზრდის მიზიდულობას ადამიანისა ან ობიექტის მიმართ. Schachter(1971)-ის მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება ფიზიკური აღგზნებულობის მდგომარეობაში, უჭირს ამის სათანადო ემოციასთან დაკავშირება, რადგან ხშირად რამდენიმე კონფლიქტური ემოცია შესაძლოა ედოს საფუძვლად. როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა იმას დადებითია თუ უარყოფითი სიტუაცია. მაგალითად სექსუალურმა დეპრივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური აღგზნებულობა, ეს მოვლენა კი პიროვნებამ დაუკავშიროს სიყვარულს. მძევლად ყოფნის შემთხვევაშიც, ფამილიარობის ჩამოყალიბება და აღგზნების მაღალი დონე შესაძლოა იყოს დამნაშავესა და მსხვერპლს შორის ატრაქციის განმაპირობებელი. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ თუ დამნაშავე დეინდივიდუალიზებულია რაიმე ნიღბით, სტოკჰოლმის სინდრომის სინდრომის გამოვლენის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება. ამ მოვლენის საპირისპიროა ლონდონის სინდრომი, როდესაც ინდივიდი ნებისმიერი გზით ცდილობს შეეწინააღმდეგოს დამნაშავეს, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების გათვალისწინების გარეშე, რაც ფატალური შედეგებით სრულდება.
დამნაშავისა და მსხვეპლის ურთიეთქმედება
რუსეთში, 2002 წელს თეატრში მომხდარი ფაქტის მაგალითზე სადაც დამნაშავეების დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა 700 ადამიანი. ამის მაგალითზე შეგვიძლია დავყოთ დამნაშავისა და მსხვერპლის უერთიერთქმედება გარკვეულ ზოგად ეტაპებად. ყველა ეტაპი გამოირჩევა თავისი სოციალურ-ფსიქოლოგიური სპეციფიკით.
             პირველი ეტაპი- მძევლების გატაცება, ხასიათდება დამნაშევეების სწრაფი მოქმედებითა და მსხვერპლებისთვის სრული მოულოდნელობით.
             მეორე ეტაპი- მძევლების დაქვემდებარება შეშინების გზით. დამნაშავეების მხრიდან აგრესიული ქცევა, გასროლები, მუქარა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი განეიტრალება და წინააღმდეგობის შემცირება
             მესამე ეტაპი- პანიკის კონტროლი. რომელიმე მძევლის მხრიდან აღმოცენებული პანიკა, ყვრილი და ძალის გაწევა, ამის შესაკავებლად შესაძლოა გამოყენებული იქნას ფიზიკური აგრესია ან მკვლელობა კიდეც, რაც დროებით დანარჩენ მსხვერპლებს აიძულებს შეიკავონ თავი ასეთი გამოვლინებებისგან
             მეოთხე ეტაპი- მძევლებისთვის კონკრეტული წესების წარდგენა, რა შეუძლიათ, რომ აკეთონ და რა არა.
             მეხუთე ეტაპი- სამიზნე დაწესებულებისთვის, ჯგუფისთვის მიმდინარე სიტუაციის განცხადება და მუქარა მძევლების დაზიანებით
             მეექვსე ეტაპი- მძევლების განაწილება ისე, რომ არ ჰქონდეს ადგილი მათ შორის რაიმე შთანხმებისა ან ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
             მეშვიდე ეტაპი- მძევლების სიცოცხლის უზრუნველყოფა, ძილი, საკვები, სასმელი და ა.შ.
             მერვე ეტაპი- სიტუაციისადმი ადაპტაცია, გადაღლილობა და ემოციური „აფეთქებები“ მძევლების მხრიდან
             მეცხრე ეტაპი- როგორც მძევლების, ასევე დამნაშავეების მხრიდან, მძიმე სტრესული ფონისგან გამომდინარე დეპრესიის განვითარება, იმპულსური ქმედებები და დაძაბულობა
             მეათე ეტაპი- სამართალდამცავების მიერ დამნაშავეების დაკავება ან ლიკვიდაცია და მძევლების გათავისუფლება
ასეთი მოვლენის გადატანის შემდგომ მსხვერპლებს უყალიბდებათ მრავალი ფსიქიკური პრობლემა, ყველაზე ხშირ შემთხვევაში პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა. მათი ნაწილი ახერხებს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას, ზოგს კი არასდროს გამოსდის ამ მოვლენის გადალახვა.
სიტუაციის განეიტრალება
სამართალდამცავ სისტემებს, მსოფლიოს გარშემო შემუშავებული აქვთ ასეთ სიტუაციებში ქმედების სტრატეგიები. ყველა მათგან რაღაცით ჰგავს ერთმანეთს და განსხვავდება. ზოგადი ტიპოლოგიისთვის შესაძლოა შემდგომი პუნქტების გათვალისწინება.
             დამნაშევეებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სასურველია ნებისმიერი ფონური ხმაურის შეწყვეტა, არ უნდა ილაპარაკოს ერთზე მეტმა წარმომადგენელმა
             საუბარის დაწყება სასურველია მისალმებით, გაცნობითა და იმის წარდგენით, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ყველასთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
             რაპორტის დამყარებისას საჭიროა დამნაშავის ფორმალური მიმართვა, რათა არიდებული იქნას ნებისმიერი შეურაცხყოფის განცდა
             სპეციალისტი საუბრობს მშვიდი და გაწონასწორებული ხმით, ტმებრის ცვლილება დაუშვებელია რაიმე განცდის მიხედვით, მაგალითად გაღიზიანება
             აუცილებელია დამნაშავეს აგრძნობინოს სპეციალისტმა, რომ იგი ითვალისწინებს, როგორც მძევლების კეთილდღეობას, ასევე მის მოთხოვნებსაც განიხილავს და ცდილობს დახმარებას
             ყურადღება ექცევა სიტუაციის დადებით ასპექტებს, მაგალითად ის, რომ არავინ არ დაშავებულა ჯერ, დამნაშავეს კიდევ აქვს საშუალება შეჩერდეს და შეინარჩუნოს, როგორც სხვების ასევე საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოება, დამდგომი შედეგების უკიდურესობის აღნიშვნისგან შეკავება.
             დამნაშავის მოტივაციის სრულად გაგება, ულტიმატუმის რეფორმირების მცდელობა, მათთან ემპათიური და თანამგრძნობი საუბრის განხორციელება, ზარალის მინიმუმადე დაყვანა, ულტიმატუმის ვადის გაზრდა და საბოლოოდ დამნაშავის მხრიდან დანებება წარმოადგენს იმ მთავარ მიზნებს, რაც მოლაპარაკებების სპეციალისტებს აკისრით ასეთ სიტუაციებში.


ავტორები: მარიამ რევიშვილი
თორნიკე ჩიხლაძე
ნიკა ქრისტესიაშვილი
ქეთი გეგეჭკორი
ნინა ტატანაშვილი







გამოყენებული ლიტერატურა:
1.                  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2.                  http://www.spamlaws.com/psy-frauds.html
5.                  Violent Economic Crime and Crimes of Intimidation
6.                  საქართველოს მთავარი პროკურატურა ანალიტიკური სამმართველოსტალკინგი
9.                  http://psyfactor.org/lib/pochebut1.htm
12.              http://psihomed.com/piromaniya/


13.              http://diletant.media/articles/34437556/






No comments:

Post a Comment