ადამიანის ქცევა რთული და მრავალფაქტორიანი მოვლენაა. თითოეული მოქმედება განისაზღვრება მისი ადგილმდებარეობით, პიროვნების ზოგად სამოქმედო სტრუქტურაში. ინდივიდის განვითარების მიმდინარეობისას ინდივიდუალური ქცევითი სისტემები ტრანსფორმირდება, ბევრად უფრო რთულ ქცევით სტრატეგიებად, რის შედეგადაც ინდივიდის ბაზაზე ყალიბდება ინდივიდუალური, პიროვნებისათვის დამახასიათებელი ქცევითი ტიპი. პიროვნების მიერ განხორციელებული ქცევითი აქტივობა, ემსახურება მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლები და თავისებურებები, ყველაზე კარგად ზუსტად მის მიერ განხორციელებულ ქცევით აქტიობაში გამოიხატება.
პიროვნების და ზოგადად ადამიანის აქტივობის ასახსნელად, როგორც ფილოსოფიაში, ასევე სხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებში, ფართოდაა გავრცელებული, ქცევის ახსნის კაუზალური მოდელი. ადამიანის ქცევას ყოველთვის იწვევს გარკვეული ფაქტორი(ან ფაქტორთა ჯგუფი), ქცევა და მიზეზი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება. ტრადიციულად ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად, ესენია ბიოლოგიური ფაქტორები, კერძოდ კი გენეტიკა და სოციალური ფაქტორები(გარემო) . ბიოლოგიური მიდგომის მომხრეები პიროვნების აქტივობას მისი შინაგანი თანდაყოლილი იმპულსებით ხსნიან, სოციალური თეორიების მომხრეები კი პიროვნებას პასიურ არსებად განიხილავენ და პიროვნების ქცევას, გარემოს მაკონტროლებელი ფუნქციით ხსნიან. სოციოლოგიური/სოციალური თეორიები ადამიანს ბიჰევიორისტული მიდგომიდან განიხილავენ, მათთვის ადამიანი წარმოადგენს ერთეულს რომელიც ექვემდებარება, გარემოს ზემოქმედებას და შესაბამისად ის წარმოდგენილია როგორც პასიური მიმღები, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის თანამედროვე ჰუმანისტურ გაგებას.
პრაქტიკაში გამოვლენილი თავისებურებებიდან და თანამედროვე კვლევებიდან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი დუალისტური მიდგომა უარყოფილია სისტემური (ინტეგრირებული) მიდგომის თვალსაჩინო უპირატესობის გამო (Еникеев, 2005). ორ ფაქტორიან მოდელში გარემო თუ თანდაყოლილობა შეტანილია, მესამე გამაერთიანებელი ფაქტორი „ფსიქიკა“, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ადამიანის ქცევას განაპირობებს ბიო–ფსიქო–სოციალური ფაქტორი (სამფაქტორიანი მოდელი). ფსიქიკის ფუნქციას ამ შემთხვევაში წარმოადგენს თანდაყოლილი ბიოლოგიური მახასიათებლების (გენეტიკა) და გარემო (სოციალური) ფაქტორების ინტეგრაცია. ქცევის ახსნის სამფაქტორიანი მოდელის მიხედვით, პიროვნების თანდაყოლილი თავისებურებები გარემოსთან ინტერაქციის შედეგად, პიროვნებას უყალიბებს ინდივიდუალურ ფსიქიკას, რომელიც შემდგომში უშუალოდ პასუხისმგებელია ქცევითი აქტივობის განხორციელებაზე. მკვლევართა აზრით (Lyman, 2014) ისევე როგორც გარემოს, ასევე ინდივიდში არსებული ფსიქოლოგიურ სტრუქტურებს არ ძალუძთ უშუალო ზეგავლენის მოხდენა ქცევის ფორმირებაზე. გარემო პირობები აისახებიან ინდივიდის პიროვნული თავისებურებების ჭრილში და მათი ჯამური მდგომარეობა ახდენს უშუალო ზეგავლენას ქცევის ფორმირებაზე. პიროვნებისათვის გარდამტეხი პრიზმის როლს ასრულებს მისი: ღირებულებათა სისტემა, მიზანდასახულობის თავისებურებები, ქცევის ზოგადი ფორმები, თვითრეგულაციის თავისებურებები და ა.შ.
დელიქვანტური ქცევა ეწოდება, პიროვნების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ კანონებს. თავისი არსით დანაშაული წარმოადგენს ქცევის სპეციფიკურ ფორმას, რომელიც ჩვეულებრივი ქცევისაგან განსხვავდება მისი შინაარსობრივი დატვირთვით და საზოგადოების მხრიდან მისი შეფასებით.
თანამედროვე სამეცნიერო წრეებში დელიქვანტური ქცევის პრობლემით ძირითადად დაინტერესებულნი არიან კრიმინოლოგები, რომლებიც ცდილობენ, დამნაშავისა და ზოგადად დანაშაულის მაქსიმალურად ადეკვატური და რეალობაზე მორგებული ხედვა ჩამოაყალიბონ. ამ მიზნის განხორციელებაში ჩართულია არაერთი პროფესიის წარმომადგენელი, კერძოდ კი კრიმინალისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, იურისტები და ა.შ. იქედან გამომდინარე, თუ რა პროფესიის წარმომადგენელია მონაწილეობს არსებულ საქმიანობაში, იცვლება მისი ხედვაც უშუალოდ დანაშაულის თეორიული მოდელისა და მისი შინაარსის შესახებ. არსებული ნაშრომის ძირითადად მიზანს წარმოადგენს დანაშაულის ფსიქოლოგიური ხედვისა და დამნაშავის ფსიქოლოგიური თავისებურებების მიმოხილვა, რადგანაც გარკვეულწილად დანაშაული ცნება რომელიც მოწოდებულია ფსიქოლოგების მიერ საკმაოდ განსხვავდება სხვა სპეციალობის მკვლევართა ხედვისაგან.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად დანაშაული განისაზღვრება როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება/უმოქმედობა. არსებული განსაზღვრებიდან გამომდინარე დანაშაული განისაზღვრება როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება არა ვიწრო გაგებით დადგენილ ნორმებს არამედ უშუალოდ საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურულ ღირებულებებსაც და შესაბამისად ესეთი აქტივობის ჩადენისათვის საქმის სუბიექტს წარედგინება ბრალი ანუ მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო.
დანაშაულის სამართლებრივი გაგება ეფუძნება ნორმირების პრინციპს, „ადამიანი გმირად ჩაითვლება თუ ბოროტმოქმედად-ეს მხოლოდ საზოგადოების იმ კანონსა და ნორმებზე იქნება დამოკიდებული, რომლებსაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საზომად გამოიყენებენ“ (ბელქანია, 2011). აღნიშნული გაურკვევლობას იწვევს პიროვნების მიერ განხორციელებული ქცევის ახსნის თვალსაზრისით. მაგალითად, საზოგადოება პიროვნების კონტროლს დაწერილ კანონმდებლობასთან ერთად, თვით საზოგადოებაში არსებული დაუწერელი მორალური და ეთკური ნორმებით აკონტროლებს. მორალური ნორმის დარღვევის გამო პირი პასუხისგებაში არ მიეცემა თუმცა მის მიერ განხორციელებული ქცევა არც ნორმირებულად ან მისაღებად განიხილება საზოგადოების მხრიდან.
იურიდიული საქმიანობა აგებულია ნორმაზე და არსებული ნორმის შესახებ საზოგადოების შეთანხმებაზე, რაც გამოიხატება პრინციპით „NULUM CRIMEN SINE LEGE” ანუ არ არის დანაშაული მასზე კანონში მითითების გარეშე. არსებული პოსტულატი აქტიურად გამოიყენება დღევანდელ საპროცესო საქმიანობაში, რაც შესაბამისად ართულებს დანაშაულისათვის მყარი დეფინიციის მიცემას. რადგანაც სოციუმის განვითარების, ახალი ხედვების დანერგვის ან უბრალოდ პოლიტიკურ/იდეოლოგიური კურსის ცვლილებიდან გამომდინარე კონკრეტული ქმედების დანაშაულებრიობა შეიძლება გაუქმდეს, ან პირიქით საზოგადოების თვალსაზრისით ნეიტრალური ქმედება ფორმირდეს დანაშაულად. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით 2004 წლამდე ცილისწამება წარმოადგენდა დანაშაულს, 2004 წლის 7 ივნისის შესწორების შემდეგ კი ცილისწამება აღარ წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, იურისტთა ხედვა იმის შესახებ თუ რა არის დანაშაული რიგ შემთხვევაში არ წარმოადგენს მყარ დასაყრდენს და შედარებით ადვილად ექვემდებარება ცვლილებას.
ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე რთულდება დანაშაულის დეფინიცის საკითხი, რადგანაც ჩნდება კითხვა დანაშაული წარმოადგენს უბრალოდ სოციალური შეთანხმების/კონტრაქტის დარღვევის ფაქტს თუ დანაშაულის საფუძვლები თვითონ ადამიანის, როგორც უნიკალური ინდივიდის ფსიქიკაში იმალება და შესაბამისად წარმოადგენს უფრო მყარ დისპოზიციას ვიდრე ეს სოციალური კონტრაქტის დროს ჩანს. არსებული საკითხი ფსიქოლოგიის თვალსაზრისიდან უფრო მეტ ინტერესს იძენს, რადგანაც მისი შესწავლის საგანი მუდმივია და წარმოადგენს ადამიანს. სოციოლოგების და იურისტების შესწავლის საგანი უფრო ცვალებადია და ორიენტირებულია საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმაზე.
No comments:
Post a Comment