Monday, May 18, 2015

IQ და დანაშაული

ჯიმი ქეინმა, 26 წლის სიმპატიურმა, ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა, შეძლო შეეგროვებინა საკუთარი ასაკისათვის და ოჰაიოს შტატისათვის,   ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე კრიმინალური რეკორდი. ქურდობა, ყაჩაღობა, თავდასხმა, გაუპატიურება-ეს იყო იმ დანაშაულთა მცირე ჩამონათვალი, რომლითაც სახელი გაითქვა ჯიმიმ. ჯიმი დააკავეს 45 წლის მიმტანის,  განსაკუთრებული სისასტიკით  გაუპატიურების გამო. ჯიმიმ დანის მუქარით გააუპატიურა მიმტანი, რის შემდეგაც ის ეცადა  თავი მოეჭრა ქალისათვის.  მცდელობის წარუმატებლობის გამო, ჯიმიმ მიმტანი იქვე მდგომი სასმელის ბოთლის თავში ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაული დამთავრდა იმით რომ მან სასმელი გადაასხა მიცვალებულს და დაწვა დაუპირა, თუმცა ხმაური შემოესმა და გაიქცა. 45 წუთის შემდეგ ჯიმი დაიჭირეს სწრაფი კვების ობიექტში, ვახშმის დროს (Antony Walsh, Craig Hemmens, 2011).

ჯიმის დემოგრაფიული პროფილი არ შეესაბამებოდა, იმ პირთა ინდივიდუალურ პროფილს რომლებიც მსგავსი დანაშაულით არიან დაკავებულნი. მას ქონდა საშუალოზე ოდნავ დაბალი IQ-ს მაჩვენებელი. ის  იყო საშუალო შეძლების სოციალური ფენიდან. მიუხედავად ამისა ჯიმი იყო პრობლემური პიროვნება ბავშვობიდანვე და შეფასებული იყო ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ. ფსიქიატრებმა 8  წლის ასაკში,  მას დაუდგინეს ქცევითი აშლილობა(conduct disorder) და 18 წლის ასაკში ანტი-სოციალური აშლილობა(antisocial personal disorder). ჯიმის კაზუსი გვიჩვენებს რომ დევიანტური ქცევის შესწავლისა და ახსნისათვის საჭიროა ჩავუღრმავდეთ ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებს როგორიცაა ასაკი, რასა, გენდერი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ. გარდა ფართოდ გავრცელებული სოციოლოგიური თეორიებისა,  ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ცდილობენ ახსნან კრიმინალური ქცევა, მათი ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური მიდგომები ხაზს უსვამენ დანაშაულის ინდივიდუალურ ბუნებას და სოციალურ გარემოს განიხილავენ როგორც აქტივობისათვის მოსამზადებელ სცენას სადაც მთავარ მოქმედად უშუალოდ ინდივიდი განიხილება.
არსებული კვლევებიდან გამომდინარე, დანაშაულის ამხსნელ  თეორიებს უპრიანია ვუწოდოთ ფსიქოსოციალური თეორიები, ვიდრე მხოლოდ ფსიქოლოგიური თეორიები, რადგანაც უამრავი კვლევისა და თეორიის საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ფსიქოლოგიური და სოციალური მიდგომების მკვეთრად გამიჯვნა ერთმანეთისაგან არ შეიძლება. პიროვნება როგორც ინდივიდი, მიუხედავად მისი უნიკალურობისა და თანდაყოლილი ნიშნებისა, საბოლოო პროდუქტად მაინც სოციუმთან ინტერაქციის შედეგად ყალიბდება.  რა თქმა უნდა, არსებულ თეორიებში, ქცევის ახსნისას უფრო მეტად კეთდება აქცენტი   ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე  და სოციოლოგიურ მიდგომებზე. კრიმინალური ქცევის ახსნის ფსიქოსოციალური თეორიები უფრო მეტად აქცენტირებულნი არიან,  ჩადენილ დანაშაულს შორის ინდივიდუალურ სხვაობების დადგენაზე, ვიდრე იმ გარემო ფაქტორებზე, რომლებმაც გამოიწვიეს ეს დანაშაული.
ადრეულმა ფსიქო–სოციალურმა თეორიებმა მკვეთრად გაუსვევს ხაზი  ინტელექტისა და ტემპერამენტის მნიშვნელობას, ინდივიდუალური კრიმინალური ქცევის გაგების მიმართულებით. განიხილებოდა, რომ დაბალი ინტელექტი შეუძლებელს ხდის ადამიანის მიერ საკუთარი კრიმინალური ქმედებით გამოწვეული შედეგების შეგნებას და  ზოგიერთი ტიპის ტემპერამენტი ართულებს პიროვნების ადაპტირების პროცესს სოციუმთან.
დევიდ ვეშლერის (David Washler)[1] განმარტებით „ინტელექტი ეს არის პიროვნების გლობალური პოტენციალი, რომლის საშუალებითაც ის ახორციელებს მიზანმიმართულ ქცევას, ფიქრობს  რაციონალურად და ეფექტურად ეწყობა გარემოცვას“(in Matarazzo, 1976, p.79).
IQ-ს თანამედროვე კვლევები მოიცავს ნეირობიოლოგიას და გენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ დავიწყებულია გარემოს ზეგავლენა ინტელექტის ფორმირებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა რომ გარემო ზეგავლენას ახდენს ინტელექტის ფორმირებაზე, დღესდღეობით არის ფლინის ეფექტი (Flynn effect). ფლინმა (2007) აჩვენა რომ IQ- საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ყოველ დეკადაში იზრდება 3.1 ქულით, 1932 წლიდან 2000 წლამდე. არსებული დასკვნები განსაკუთრებით კარგად ჩანდა ისეთ დაბალი სოციო–ეკონომიკური შესაძლებლობების სოციალურ ჯგუფებში, სადაც გაუმჯობესდა არსებული სოციალური ფონი (უკეთესი სწავლა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.) ფლინის მოსაზრებით (2007,p.90)  პირდაპირი გენეტიკური კავშირი IQ-ს თან მიმართებაში არის დაახლოებთ 36%. დანარჩენი ნაწილი კი განპირობებულია გარემოს ზეგავლენის შედეგად. არსებული კვლევის საფუძვლად ლოგიკურია ვიფიქროთ რომ სოციალური თანაფარდობის პირობებში გენები დაემთხვევა გარემოს, ანუ მაღალი თანდაყოლილო ინტელექტის მქონე პიროვნება კიდევ უფრო მეტს აიღებს გარემოდან და პირიქით. თუმცა, არათანაბარი სოციალური პირობების დროს აქცენტი უფრო მეტად გარემოზე შეიძლება გაკეთდეს, რადგანაც „კარგ სოციალურ პირობებში“ დაბადებული სუბიექტი მეტ შანს იღებს გარემოდან, რომ განვითარდეს. არახელსაყრელ გარემოში დაბადებული პიროვნების განვითარების შანსი მცირდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება“.
IQ-სა და დანაშაულს შორის კავშირის შესახებ არსებული ნაშრომების უმრავლესობა მიუთიტებს ამ ორ ცვლადს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს (Ellis&Walsh, 2003; Lynham,Moffitt & Stouthamer-Loeber, 1993).  აღმოჩნდა, რომ სუბიექტები, რომლებსაც მცირე მნიშვნელობის დანაშაული აქვთ ჩადენილი, განსხვავდებიან საკონტროლო ნეიტრალური ჯგუფისაგან დაახლოებით ერთი ქულით, როდესაც მძიმე დანაშაულის ჩამდენი სუბიექტები საკონტროლო ჯგუფისაგან (რომელთაც დანაშაული არა აქვთ ჩადენილი) განსხვავდებიან დაახლოებით 17 ქულით (Moffitt,1993).
ყველაზე გავრცელებული ახსნა დანაშაულისა და ინტელექტის დამოკიდებულებას შორის, უკავშირდება დაბალ სასკოლო მოსწრებას, რომელსაც მივყავართ სკოლის/სწავლის მიტოვებას და ამ სუბიექტების დელიკვანტურ დაჯგუფებებთან დაკავშირებასთან (Ward & Tittle,1994). არსებული თეორიის მიხედვით, ინტელექტი ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე, ხოლო დაბალი აკადემიური მოსწრება ზეგავლენას ახდენს  სუბიექტის დევიაციური ქცევის ფორმირებაზე. არსებული თეორია ეყრდნობა, 158 კრიმინალური კაზუსის კვლევას, სადაც ოფიციალური სტატისტიკით ეს კავშირი მყარდება 89 პროცენტით.(Ellis & Walsh,2000).  შესაბამისად, აკადემიური მოსწრების ინდექსი (GPA), წარმოადგენს დელიქვანტური ქცევის უკეთეს პრედიქტორს ვიდრე  IQ . შეიძლება ვიგულისხმოთ რომ ინტელექტი ახდენს ირიბ ზეგავლენას პიროვნების ცხოვრების სტილის ფორმირებაზე. დაბალი ინტელექტი ნაკლები ზეგავლენის მქონეა პიროვნების  მიერ ცხოვრების სტილის არჩევაზე, როდესაც აკადემიური მოსწრება განვითარებულ ქვეყნებში პიროვნებას გზას უხსნის მზა სოციალური ფენებისაკენ, შესაბამისად ინტელექტზე მეტად დელიკვანტურ ქცევასთან კორელირებს აკადემიური მოსწრების მაჩვენებლი.
IQ როგორც პიროვნების ძირეული მახასიათებელი კავშირშია სუბიექტის ცხოვრების მრავალ ასპექტთან, შესაბამისად ამ ასპექტთა თავისებურება უკავშირდება უშუალოდ დევიაციურ ქცევას.  12,686 სუბიექტზე ჩატარებული  ლონგიტუდურ კვლევის შედეგად (NLSY)[2] აღმოჩნდა შემდეგი შეფარდება: ციხეში გამოკითხულ 1 მაღალი ინტელექტის სუბიექტზე, მოდიოდა 31 დაბალი ინტელექტის მქონე სუბიექტი(ratio=31.0:1). რის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ არსებულ კოჰორტაში, ინტელექტის დონემ ზეგავლენა მოახდინა კრიმინალური ქცევის ფორმირებაზე.


No comments:

Post a Comment