Tuesday, July 7, 2015

დამნაშავეთა ფსიქოლოგიური ტიპოლოგია


    კრიმინალური ფსიქოლოგია არის სწავლება დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი ინდივიდის სურვილების, ფიქრების, განზრახვებისა და რეაქციების შესახებ. გამოძიება ყოველთვის წარიმართება იმის მიხედვით თუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი-ადამიანი მოქმედებდა მასში მყარად არსებული კოგნიტური სქემების მიხედვით, თუ მისი ქმედება გამოწვეული იყო გარემო პირობების ზემოქმედებით. დანაშაულის მოტივის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბრალდებულისაგან/სავარაუდო ბრალდებულისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად საჭირო პროცესის დაგეგმარებისათვის, რადგანაც თუკი გამომძიებელმა იცის პიროვნების ქცევითი აქტიობის მოტივი, მას შეუძლია ააგოს დამნაშავის ქცევის ესკიზური და ლოგიკურად გამართული ხატი, შეუძლია შევიდეს მის მდგომარეობაში(მოახდინოს პირთან იდენტიფიცირება) და მოძებნოს ის დამატებითი საყრდენები, რომლებიც დაეხმარება პირთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარებაში, რაც აღიარებითი ჩვენების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
     დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის ფსიქოლოგიური თავისებურება აიხსნება ისეთი კოგნიტური სქემების არსებობით, რომელიც განაპირობებს კანონსაწინააღმდეგო ქცევის განხორციელებას და განსაზღვრავს პიროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ქცევით მახასიათებლებს.


   დამნაშავის, როგორც ანტისაზოგადოებრივი პიროვნების ამოცნობა მოითხოვს მისი ფსიქოლოგიური თავისებურებების კომპლექსურ შესწავლას, რაც უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ დასაბუთებას იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ესა თუ ის ფსიქოლოგიური ფაქტორი დამნაშავის ქცევაში.
   დამნაშავის ქცევა განისაზღვრება მისი მოტივებით, ფსიქიკური მდგომარეობით და მიზნებით. ზოგჯერ დასჯა არაა საკმარისი ქმედების აღმოსაფხვრელად და აუცილებელია გავიგოთ ინდივიდის ეთიკური პრინციპები, მრწამსი, ღირებულებები და მისწრაფებები, სოციალური ქმედების ძირითადი სფეროები, მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების დონე და ადამიანური ურთიერთობების თავისებურებები. აუცილებელია გავიგოთ არის თუ არა ინდივიდი მატერიალური უზრუნველყოფის დაკმაყოფილების მიზნით დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი.
  დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მზაობა ყალიბდება ინდივიდის ფსიქიკის ფორმირებასთან ერთად. ანტისამართლებრივი ქცევა კი დამოკიდებულია პირის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ინდივიდუალურ შესაძლებლობასა და განათლების დონეზე.


    არსებობს კრიმინალური ქცევის რამდენიმე ტიპი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დამნაშავეთა ფსიქოლოგიური აღწერა. არსებული ტიპოლოგია აგებულია კონტინიუმზე, ერთ უკიდურეს მხარეს განიხილება დამნაშავეთა ის ტიპები, რომელთათვისაც დანაშაული, როგორც ასეთი წარმოადგენს თვითმიზანს, მეორე მხარეს კი განიხილება დამნაშავეთა ის ტიპები, რომლებიც დანაშაულს სოციალური ზეგავლენიდან გამომდინარე ჩადიან და მათი უშუალო მიკუთვნება დანაშაულებრივ ქმედებასთან განპირობებულია კონფორმულობის მაღალი დონით. 

        პირველი ტიპი ხასიათდება ანტისოციალური ქცევისადმი მზაობით. ამ შემთხვევაში მიზანი არა მხოლოდ ქმედების სისრულეში მოყვანა, არამედ თავად საქმიანობის პროცესი. ასეთი ტიპის კრიმინალი ახლოსაა ფსიქიკურ შლილობასთანდანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მოთხოვნილება აქტუალიზირდება დამოუკიდებლად, გარემო პირობების ზემოქმედების გარეშე. ამგვარი მოთხოვნილება შეიძლება გაჩნდეს, როც წარმოიქმნება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხელშემწყობი გარემოება. ასეთი ტიპის ადამიანისთვის ყოველგვარი სიამოვნება (კმაყოფილების განცდა, აზარტი, განტვირთვა) დაკავშირებულია კრიმინალურ ქმედებასთან(იხილეთ სტატია (ანტისოციალური პიროვნებები(ფსიქოპათია)).

     კაცმა დაინახა ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ქალი და გადაწყვიტა მისი მოკვლა, რადგან იცის, რომ ის მას წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა თავს ვერ დაიძვრენს მოძალადისგან. ქალის შეტყუება დანაშაულის ადგილის ჩადენისთვის უსაფრთხო ადგილას, ძალადობა, მისგან წინააღმდეგობის მიღება, მსხვერპლის მიერ განცდილი ემოციები და შემდეგ კი მკვლელობის პროცესი ამ ტიპის მოძალადეს სიამოვნებას ანიჭებს.

მეორე ტიპი არ ეწინააღმდეგება დევიანტურ ქცევ. ის თავიდანვე მისაღებად მიიჩნევს კრიმინალურ საქმიანობას. ამგვარი მედებით იკმაყოფილებს ზოგიერთ მოთხოვნილებას და ანტისოციალური ქცევის განხორციელება პრობლემის გადასაწყვეტ კანონიერ ქცევაზე უფრო ეფექტურ გზად მიაჩნია. დამნაშავე სოციალურად მისაღებად თვლის, საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოძებნოს ობიექტი ან სიტუაცია, რომელსაც გამოიყენებს დევიანტური ქმედების განსახორციელებლად.

გიორგი ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციის მთავარი მენეჯერია, რომლის დაწინაურებასაც აპირებენ. თუმცა მას გამოუჩნდა კონკურენტი. სამუელი კლავს თავის კონკურენტ კოლეგას, რათა არ დაკარგოს დაწინაურების შანსი და დაიკმაყოფილოს წინსვლის სურვილი და მოთხოვნება.

მესამე ტიპის კრიმინალური ქმედების წინაპირობა დანაშაულის ჩადენისთვის შესაბამისი პირობები. ამ შემთხვევაში პირადი ღირებულება არ არის საკმარისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ასეთ ადამიანს არ აქვს პრობლემა იმოქმედოს კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ არსებობს შესაბამისი ხელსაყრელი პირობები და დაცულია ამ ადამიანის უსაფრთხოება, ის ჩაიდენს დანაშაულს

        კლინიკის ექიმი,  პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობებს: იღებს პაციენტებს, ატარებს ოპერაციებს, აქვს კარგი რეპუტაცია, მაგრამ დროდადრო, როდესაც სიტუაციაზე კონტროლი შემსუბუქებულია და ის დარწმუნებულია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს, იპარავს კლინიკის მარაგიდან ადამიანის ორგანოებს და ყიდის წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით.

   მეოთხე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას თან ახლავს შინაგანი წინაღმდეგობა. ინდივიდი ფიქრობს, რომ არ არსებობს პრობლემის გადაწყვეტის კანონიერი გზა, ამასთანავე განიცდის საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობას, მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებად კი ანტისოციალურ ქმედებს ხედავს. ამ ტიპის ადამიანები არიან პოტენციური კრიმინალები, რომელთაც იციან, რომ მათი ქცევა არის რისკის შემცველი და მიუღებელი. ამის გამო ანიცდიან წინააღმდეგობას საკუთარ თავთან და ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია გამოუვალია.

     45 წლის მამაკაცი, რომელიც ქიმიის მასწავლებელია, 20 წლის განმავლობაში ოჯახის მძიმე ეკონომიკური პრობლემებიდან თავის დაღწევის მიზნით, იწყებს მეტამფეტამინის დამზადებას და გასაღებასას. მისი ქცევა სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, რადგან ის ვერ ხედავს ფულის შოვნის პატიოსან გზას, მაგრამ მუდმივად განიცდის სინდისის ქენჯნას, ტანჯავს დანაშაულის გრძნობა და აქვს ამ საქმიანობისთვის თავის დანებების სურვილი


  მეხუთე ტიპის დამნაშავის ქცევა ხასიათდება იმპულსურობით, აფექტური მდგომარეობებით, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაზე რეაქციის გამოსახატად ჩნდება. რეაქცია ძირითადად ვლინდება ფიზიკურ ძალადობაში, შეურაცხყოფასა და მატერიალური ზიანის მიყენებაში. ამ ტიპის ადამიანის ქცევა შესაძლოა გამოიხატოს როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური მდგომარეობის, აგრეთვე მომატებული ნერვული მდგომარეობის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ფონზე. ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედე შესაძლოა გამოწვეული იყოს სტერეოტიპების არსებობითაც.

     ალკოჰოლური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა დაინახა თავისი მეუღლე უცნობ მამაკაცთან ერთად და ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ცოლი.

მეექვსე ტიპის დამნაშავეთა დევიანტურ ქმედებას განაპირობებს კონფორმულობა (ჯგუფთან მიკუთვნებულობის გრძნობა). ჯგუფის წევრობის სურვილი, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და არამყარი ანტიკრიმინალური ღირებულებები განაპირობებს იმას, რომ დამნაშავე ვერ ეწინააღმდეგება არაკანონიერი ქმედების განხორციელების მოთხოვნას. ამ ტიპის დამნაშავის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ბავშვობაში მშობელთა მხრიდან განხორციელებული ძალადობა და დასჯა მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, აგრეთვე პიროვნების შინაგანი მორჩილება სოციალური ნორმების მიმართ და შიში იმისა, რომ თუ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, დაისჯება.

      ერთ-ერთი გარე უბნიდან ქალაქის ცენტრში საცხოვრებლად გადასულ 15 წლის ბიჭს თანაკლასელები ცუდად ექცეოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. იმის გამო, რომ ის ჯგუფის წევრად მიეღოთ, თანაკლასელმა ბიჭებმა აიძულეს მასწავლებელზე ძალადობრივი ქმედების განხორციელება.

        არსებულ კლასიფიკაციაში, პიროვნების მოქცევა იძლევა საშუალებას გაკეთდეს დასკვნა მისი ზოგად ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ, რაც გარკვეულ წილად წარმოადგენს დამნაშავის სამომავლო ქცევითი აქტიობის წინასწარმეტყველების საფუძველს. რაც შეეხება დაკითხვის პროცესს,  ტიპოლოგიაზე დაყრდნობით შესაძლებელია მოიძებნოს პიროვნების ქცევის "გამამართლებელი მოტივი", რაც დასაკითხ პირთან დისკუსიის პროცესში შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც დასაყრდენი წერტილი აღიარებითი ჩვენების მისაღებად.



ქცევის წამყვანი  სუბიექტური მოტივი

გარემოში არსებული მოტივატორი
I ტიპი
შინაგანი მოთხოვნილება განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედება

აქტუალიზირდება გარემო პირობების არსებობა/არარსებობის მიუხედავად

II ტიპი
მოთხოვნილების დაკმაყოფილება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გზით

არსებული ობიექტი(პოტენციური მსხვერპლი) და გარემოება
III ტიპი
დანაშაულისთვის ხელსაყრელი პირობის არსებობა

დანაშაულის ჩადენისთვის უსაფრთხო გარემო
IV ტიპი
მოთხოვნილების დაკმაყოფილება

კანონიერი გზის არარსებობა/იძულებითი არჩევანი
V ტიპი
იმპულსური / აფექტური ქცევა
პიროვნებისთვის მიუღებელი სიტუაცია/გარემოება

VI ტიპი
ჯგუფთან მიკუთვნებულობა
ინდივიდები, რომლებიც აიძულებენ კრიმინალური ქცევის განხორციელებას

No comments:

Post a Comment