Pages

Sunday, October 4, 2015

დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირება

      ფსიქოლოგების ერთ-ერთი ამოცანაა გაიგონ, თუ რატომ სჩადის ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ დანაშაულს, რა მოტივები თუ მოთხოვნილებები უდევს საფუძვლად მათ ქცევებს , რა როლი აქვს ამ ყველაფერში გარემოს , სოციუმს , ოჯახს და ა.შ.   არსებობს დანაშაულის ახსნისა და გაგების სხვადასხვა მეთოდები , ერთ-ერთი მათგანი დამნაშავისა და დანაშაულებრივი ქცევის ლოგიკური მოდელირებაა. დამნაშავის პიროვნების წარმოდგენა შესაძლებელია ლოგიკური მოდელისა და გრაფიკების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება უკეთესად წარმოვიდგინოთ დანაშაულის არსი  და გავერკვეთ მასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მიზეზებში.
    მოვლენები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს, შეგვიძლია აღვნიშნოთ წრეების დახმარებით, რომლებსაც მივანიჭებთ ციფრებს მაგ: 1,2,3,4. თუ ეს წრეები ერთმანეთთან არ იქნება დაკავშირებული, ამ შემთხვევაში საქმე გვექნება ნულოვან გრაფასთან (ნახ.1ა).  თუ წრეებიდან რამდენიმე/რომელიმე ერთმანეთთან დაკავშირებულია ხაზებით, მაშინ ასეთი გრაფიკი არასრულია (ნახ.1ბ), შესაბამისად - თუ ყველა წრე ერთმანეთთანაა დაკავშირებული , გრაფიკი სრულია. (ნახ.1გ).


       მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ კონკრეტული დანაშაულები გამოწვეულია შიდა და გარე ფაქტორებით, რომლებიც ბიძგს აძლევენ დამნაშავეს, ჩაიდინოს საზოგადოებისათვის საშიში საქციელი. ყოველი კონკრეტული დანაშაული გამოწვეულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში მოქმედი  კომპლექსური გარემოებებით.  გარე ფაქტორებში იგულისხმება ის ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ  დანაშაულის  ჩადენის განზრახვის და ამისათვის ხელსაყრელი პირობების წარმოშობას. შიდა ფაქტორები კი მოიცავს დამნაშავის ანტისოციალურ შეხედულებებში, ინტერესებში, მოთხოვნილებებსა და ურთიერთობებში. დანაშაულსაც სწორედ შიდა და გარე ფაქტორების ურთიერთქმედება იწვევს. კონკრეტული დანაშაულის მიზეზების მოდელირება უმჯობესია მოხდეს მაშინ, როცა დანაშაული დასრულებულია, რათა თვალყური მივადევნოთ მიზეზების ჯაჭვს, დაწყებული ყველაზე რეალურით და დამთავრებული ნაკლებ-სავარაუდოთი.
   გარემო უმეტეს შემთხვევებში გავლენას ახდენს პიროვნებაზე და მუდმივად სთავაზობს მას ქცევითი მოდელების სხვადასხვა ვარიანტებს.  თუმცა, ადამიანთა ქცევა არ არის უბრალო რეაქცია სიტუაციის ზემოქმედებაზე, ისევე როგორც მათი ქცევა არ არის მხოლოდ მათთვის შეთავაზებული შესაძლებლობების რეალიზაცია.  ადამიანის ცნობიერი უდიდეს სამუშაოს ჩადის, ის ფილტრავს რეალობიდან წამოსულ ზემოქმედებებს, ზოგიერთი მათგანის შენახვა და განმტკიცება ხდება, დანარჩენის კი - განდევნა. ადამიანები შეუჩერებლად რეაგირებენ გარემოს ზეგავლენაზე  და ქმნიან საკუთარი თავისათვის სასარგებლო, საჭირო, ან აუცილებელ სიტუაციებს.
    ცხოვრებისეული სიტუაცია იწვევს ამა თუ იმ ქმედებას, მხოლოდ მაშინ, როცა მოხდება ადამიანის ფსიქიკაში მისი გარდატეხა და ურთიერთქმედება ისეთ თვისებებთან, როგორიცაა მისწრაფება, ორიენტაცია და ა.შ. ამის შედეგად ვიღებთ ახალ მოთხოვნილებებს, მოტივებსა და ინტერესებს. რაც უფრო რთულია ბუნებისაა სიტუაცია, მით უფრო რთულდება ურთიერთზემოქმედების მექანიზმიც. ნებისმიერი სახის დანაშაული და ქცევა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  არსებობს  ამისათვის ხელსაყრელი და შესაბამისი პირობები. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევებიც, როცა კონკრეტულ სიტუაციას არ აქვს დიდი როლი ქცევის განხორციელებაში, თუმცა ძირითადად მისი მნიშვნელობა დიდია.
   დანაშაული (1) შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც სპეციფიკური ქცევითი აქტივობა,  პიროვნებისა (2) და კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციის ურთიერთქმედების შედეგი (3) (ნახ.2ა). გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ , პირიქით, დანაშაულიც ახდენს გავლენას პიროვნების ემოციებზე, ინტერესებზე, შეხედულებებსა და გრძნობებზე. (ნახ. 2ბ).


     რაც შეეხება სიტუაციასა და დანაშაულს, მათ შორის კავშირი არ არსებობს, ანუ სიტუაციას არ შეუძლია მიიყვანოს ადამიანი დანაშაულის ჩადენამდე, თუ ადამიანს არ აქვს უკვე ჩამოყალიბებული ანტისოციალური შეხედულებები და ჩვევები, რომლებიც პიროვნების ფორმირებისას არასახარბიელო პირობების ზემოქმედების შედეგია.
  საყოველთაოდ ცნობილია, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიკროსისტემას, ანუ ოჯახს, მეგობრებს და თანამშრომლებს აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსისტემის ზეგავლენა პიროვნებაზე უმეტესად დადებითი ხასიათის მატარებელია, მისი ინტერესები შეიძლება შეუსაბამო იყოს მაკროსისტემასთან, სოციუმთან და ეს ორი წინააღმდეგობაში მოდიოდეს ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოჯახიც (4) , სკოლაც (5) , სამსახურიც (6) და მცირე არაფორმალური ჯგუფებიც (7) კი სოციუმის (8) ზეგავლენის ქვეშაა. სიციუმის გავლენა პიროვნებაზე შეიძლება იყოს პირდაპირი, ან ირიბი , სკოლის, ოჯახის და ა.შ. დახმარებით. ეს ყველაფერი შეგვიძლია გრაფიკით გამოვსახოთ:

    ბავშვის სოციალიზაციისა და განვითარების თეორიის ავტორი ური ბრონფენბრენერი ბავშვის განვითარებაში ეკოლოგიური სისტემების როლს ნათლად წარმოაჩენს.  მისი თეორიის მიხედვით ეკოლოგიური სისტემა ოთხი ნაწილისგან შედგება, რომლების მოიცავენ ერთმანეთს:

1) მიკროსისტემა - ბავშვის ოჯახი
2) მეზოსისტემა - ბაღი, სკოლა, ეზო , საცხოვრებელი გარემო
3) ეგზოსისტემა  - მოზრდილი სოციალური ორგანიზაციები
4) მაკროსისტემა - ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირებულებები და რესურსები



  ბრონფენბრენერი აღნიშნავს, რომ თითოეული სისტემა დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს და შესაბამისად გავლენა მოახდინოს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. წარმოდგენილი თეორია ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას პიროვნების ფორმირებაზე. ადამიანის პიროვნული თვისებები, რომლებიც დეტერმინირებულია წარსულში სოციალური ზემოქმედებით, აყალიბებს ადამიანს პიროვნებად.  თუ წარმოვიდგენთ ერთსა და იმავე ადამიანს, სხვადასხვა დროს და ერთსა და იმავე სიტუაციაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ ადამიანის ქცევა იდენტური იქნება ორივე შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა ერთხელ უკვე ჩაიდინა დანაშაული, ის მომავალშიც გაიმეორებს მას.  იმისათვის, რომ შეიცვალოს ქცევა, აუცილებელია შეიცვალოს შიდა (პიროვნული თვისებები) და გარე (სოციალური გარემო) დეტერმინატებიც.
  სოციალური პირობების ასეთი ზეგავლენა ადამიანის ქცევაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებელია დანაშაულებრივი ქცევის პრევენცია. გარდა იმ ძირითადი ასპექტებისა, რომლებიც გამოვყავით დეტერმინატების სახით, შეგვიძლია ასევე გამოვყოთ პერიფერიული ელემენტებიც. პერიფერიულ ელემენტებში მოიაზრება ის ადამიანები ან სიტუაციები, რომლებიც არ შედიან ინდივიდის მიკროსისტემაში, მაგრამ გავლენას ახდენენ მასზე. მაგ: „პიროვნების“ პერიფერიული ვარიანტები შეიძლება იყოს ასეთი:
1) ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ანტისოციალური შეხედულებებით და უარყოფითად აფასებენ გარემოს. (I)
2) ადამიანები, რომელთა ანტისოციალური შეხედულებები არ არის სტაბილური ხასიათის მატარებელი. სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გააჩნიათ. არ გამოირჩევიან სოციალური აქტივობით , მიეკუთვნებიან მცირე სოციალურ ჯგუფს და ცხოვრობენ მის მიერ დადგენილი წესებით. (II)
3) ადამიანები, რომლებისთვისაც დანაშაულის ჩადენა არის არა ჩვეულებრივი საქციელი, არამედ სიტუაციაზე რეაგირება. (III)

სიტუაციის პერიფერიული ვარიანტებია :
1) კრიმინალური სიტუაცია, რომელიც დანაშაულის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის საუკეთესოა. (IV)
2) არაკრიმინალური სიტუაცია, რომელიც ხელს უშლის დანაშაულის ჩადენას. (V)
წარმოვადგინოთ ეს ყველაფერი გრაფიკით:


   რასაკვირველია ეს ინფორმაცია არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი , რომელზეც ცუდად ზემოქმედებს სხვადასხვა  ფაქტორი, აუცილებლად ჩაიდენს დანაშაულს. სოციუმში ჭარბობს დადებითი სახის ზეგავლენები, ადამიანის ცნობიერს კი შეუძლია მიზნის მისაღწევად საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და კანონების  ფარგლებში იმოქმედოს.
  ადამიანის ქცევის მოდელირებისას გასათვალისწინებელია ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ურთიერთქმედებაც. მაგ: მშობლების  უარყოფითი ზეგავლენის (3) შედეგად პიროვნებას (1) გამოუმუშავდა ანტისოციალური ხასიათის თავისებურებები, რაც გამოიხატა სწავლის მიტოვებითა და სამსახურზე უარის თქმით.  ამ შემთხვევაში პიროვნების ანტისოციალურობა იყო მიზეზი, შედეგი კი - სწავლისა და სამსახურის უარყოფა (2).  ამ შემთხვევაში გვექნება ასეთი სურათი:

   სიტუაციის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ჯანსაღი საზოგადოებისგან მოწყვეტა და ა.შ  აუცილებლად განამტკიცებენ პიროვნების ანტისოციალურ შეხედულებას. ასეთ შემთხვევაში ხდება შედეგის ზემოქმედება მის გამომწვევ მიზეზზე და ვიღებთ შემდეგნაირ სურათს:
   სხვა შემთხვევაში, თუ მაგალითად მოზარდს მოუწია სწავლის დატოვება (2) მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად (3), ამას შეუძლია გამოიწვიოს მოზარდის ანტისოციალური ხასიათის ფორმირება (1). აქედან გამომდინარე , თუ თავიდან სწავლის დატოვება იძულება იყო , ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვეულ მდგომარეობად იქცეს , ე.ი მოხდეს  ადამიანის პიროვნებაზე ზემოქმედება. ასეთ შემთხვევაში სურათი ასეთია:


  ამ გრაფიკებში უკუკავშირს ერთი თავისებურება გააჩნია, საწინააღმდეგოდ მიმართული კავშირი აძლიერებს გამომწვევი მიზეზის ზემოქმედებას , რითიც პიროვნება სულ უფრო და უფრო შორდება საზოგადოებრივ ნორმებს. ასეთი მდგომარეობა დანაშაულებრივი ქცევის ერთ-ერთი მახასიათებელია. მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მაკროსისტემისა (სოციუმის) და მიკროსისტემის (მცირე ჯგუფების) შესწავლა. მათი ურთიერთქმედება წარმოშობს დანაშაულებრივი ქცევის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
  ლოგიკური გრაფიკების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სპეციფიკური პროცესები, რომლებიც გამოსაკვლევი სისტემის ნაწილს შეადგენენ. მაგ: თუ გადავხედავთ დაბალი განათლების, (4) კულტურის, (5) ალკოჰოლიზმისა (6) და დანაშაულებრივი ქცევის კავშირს ერთმანეთთან , მივიღებთ ასეთ გრაფიკს:

    ეს გრაფიკი ყველა ამ მოვლენის ურთიერთკავშირის დემონსტრირებას ახდენს: დაბალ განათლებასთან მჭიდრო კავშირშია სულიერი სიღარიბე (2) , რომელიც ალკოჰოლიზმის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ალკოჰოლიზმი აღრმავებს სულიერი სიღარიბის მდგომარეობას და დანაშაულებრივი ქცევისკენ უბიძგებს ადამიანს.
  ყველა ამ გრაფიკის მიზანია გვაჩვენოს მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტები, რომლებსაც უბიძგებენ ადამიანს ანტისოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბებისაკენ. ეს მოდელები არ ამტკიცებენ იმას, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელზეც ცუდად იმოქმედა სოციალურმა გარემომ აუცილებლად ჩაიდენს დანაშაულს. ფაქტორები, რომლებიც უბიძგებენ პიროვნებას დანაშაულის ჩადენისაკენ ბევრია, თუმცა მათ ეწინააღმდეგება მაკროსისტემის დადებითი მხარეები.
   ბოლოს, მინდა გამოვხატო ჩემი აზრი დამნაშავის ლოგიკურ მოდელირებათან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ მეთოდის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ იგი ქმნის თვალსაჩინო წარმოდგენებს. ჩვენ შეგვიძლია ბევრად მარტივად აღვიქვათ მისი დახმარებით სიტუაცია, დავინახოთ კავშირები , რომლებსაც აქამდე ვერ ვხედავდით. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა არც ერთი დეტალი და სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან დეტალები ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია.
                                                  

ავტორი: ტატა ქორიძე









No comments:

Post a Comment