Pages

Wednesday, November 11, 2015

ბრალდებულთან კომუნიკაციური კონტაქტის ზოგადი მიმოხილვა

ადამიანთან პირველად შეხვედრისა და გაცნობისას, გქონიათ თუ არა შეგრძნება, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან გსიამოვნებთ, ბევრი საერთო გაკავშირებთ და გსურთ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეთ მას?  გაუზიაროთ მას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება? ესაუბროთ მას? - მსგავსი ტიპის ინტერპრეტაციები საკმაოდ ხშირია ყოველდღიურ ურთიერთობებში და არსებული ფენომენი იურიდიული ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა შესწავლის საგანს წარმოადგენს.
გამომძიებლები და ფსიქოლოგ-კონსულტანტები, სამიზნე ობიექტთან საგამოძიებო ინტერვიუს დაგეგმარების პროცესში, ხშირად იყენებენ სწორედ ისეთ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ასეთი ტიპის მზა სიტუაცია ხელოვნურად იქმნება  და სასურველი შედეგის(ინფორმაციის მოპოვების) ალბათობა იზრდება. სოციალური ფსიქოლოგიის დაშვებებიდან გამომდინარე პიროვნებასთან ურთიეღთობის სურვილი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია არსებული ობიექტის მიმართ ზოგადი სიმპათიის არსებობაზე, უხეშად, რომ ვთქვათ ადამიანები ვსაუბრობთ მათთან ვისთან საუბარიც მოგვწონს. შესაბამისად კომუნიკაციური კონტაქტის დამყარებისათვის(რიგ ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ფსიქოლოგიური კონტქტი ან რაპორტი) საჭიროა, რომ მოვძებნოთ პირთან საუბრისათვის საჭირო საფუძველი(ნებაყოფლობითი საფუძველი) და გავითვალისწინოთ ის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც ადამიანს უყალიბდება სიმპათია მეორე ადამიანის მიმართ(ატრაქციის საკითხები).
სანამ  უშუალოდ გამომძიებელსა და დასაკითხ პირს შორის კონტაქტს შევეხებოდეთ, საჭიროა ამ პროცესისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადება, რადგანაც სწორედ ეს მომზადება იქნება იმის ფუნდამენტი, შევძლებთ თუ არა სამიზნე ობიექტთან კომუნიკაციური პროცესის წარმართვას. არ არსებობს ობიექტურად არსებული უნივერსალური რეკომენდაციები პიროვნებასთან კომუნიკაციური კონტაქტის დამყარებისათვის, უნდ ადავიმახსოვროთ, რომ პიროვნება უნიკალურია და მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე  არცერთი ცალკემდგომი კომუნიკაციური რეკომენდაცია არ მუშაობს.
დაგეგმარების ეტაპზე(სანამ უშუალოდ tete a tete კომუნიკაციაზე გადავალთ) უპირველეს ყოვლისა, უნდა გავეცნოთ ამ პირის საქმეს, დავაკვირდეთ მასში აღწერილ დეტალებს, ადგილს, სადაც მოხდა დანაშაული (კარგი იქნება თუ დანაშაულის ადგილის სურათებია დართული), რა პირობებში მოხდა ეს დანაშაული, გავესაუბროთ ექსპერტებს სამედიცინო სფეროში (პატალოგანატომები, ქირურგები და ა.შ. რათა დავადგინოთ (სიკვდილის შემთხვევაში), ჰქონდა თუ არა ამ ქმედებას ძალადობრივი ხასიათი). გავესაუბროთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებს, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია ბრალდებულის ტემპერამენტის და პიროვნული მახასიათებლების შესახებ. დაველაპარაკოთ პოლიციელებს, რომლებიც ჩვენამდე შევიდნენ  კონტაქტში ამ ადამიანთან და რა უთხრა მათ ბრალდებულმა, რა დმოკიდებულებები გამოავლინა სამართალდამცავი სისტემისდა ზოგადად ჩადენილი დანაშაულის მიმართ. 
ამის შემდეგ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევაგროვოთ ბიოგრაფიული მონაცემები ამ ადამიანის შესახებ(იმ ტიპის მონაცემები, რომლებიც დაგვეხმარება პიროვნების ზოგადი ფსიქოლოგიური მახასიათებლების დადგენაში და მეტნაკლებად მისი ქცევის პროგნოზირებაში). მაგ: დედისერთაა თუ არა, ოჯახური სატუსი, სამსახური, სამეგობრო წრე, ინტერესები, ჰობი, ჩაცმულობის სტილი და სხვა. ამ სახის ინფორმაციის მოძიება დღეისთვის ძალიან მარტივდება სოციალური ქსელების დახმარებით. (არასრულწლოვანი ან აქამდე არანასამართლევი დამნაშავეების შემთხვევაში, ეს უფრო ადვილი  და გამართლებული ხერხი იქნება ვიდრე უკვე გამოცდილ დამნაშავეებთან, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავზე ინფორმაცია არ გამოაშკარავონ. თუმცა გართულებულ შემთხვევებში, ამერიკული სისტემა აძლევს ნებართვას IT ექსპერტების დახმარებით ასეთი ადამიანების პერსონალური კომპიუტერების „გატეხვა“ და ინფორმაციის მოძიება). 
 ეს მოძიებული ინფორმაცია, ჩვენ უშუალოდ დაკითხვის პროცესში გამოგვადგება, რათა ბრალდებული შედარებით მარტივად და მოკლე დროში ჩვენდამი დადებითად განვაწყოთ, მოვძებნოთ ის სასაუბრო თემატიკა რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნება და ამავდროულად დაგვეხმარება საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ, როგორც მისი „გუნდის“ წევრი, როგორც „მისიანი“.
ბრალდებულის დაკითხვის ოთახში ანუ გარემოში სადაც მოგვიწევს მუშაობა, უნდა იყოს კარგი განათება, რათა არაფერი გამოგვრჩეს თვალთახედვიდან. ოთახში არ უნდ აიყოს ზედმეტი დეტალები, რაზეც შეიძლება პიროვნებას ყურადღება გადაქონდეს. მიზანშეწონილია, რომ სამიზნე და ინტერვიუერი არ იჯდენ მაგიდის გარშემ არამედ გამოყენებული იქნეს ჯდომის კუთხოვანი სტილი, რაც ხელს უწყობს ბარიერების შემცირებას და რაპორტის დამყარების ალბათობის ზრდას კომუნიკაციურ პროცესში.   
ოთახში შესავლამდე, ინტერვიუერმა უნდა გაითვალისწინოს პირველი შთაბეჭდილების მოხდენისათვის საჭირო მახასიათებლები, , რადგანაც პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია კომუნიკაციური პროცესის წარმატებით წარმართისათის. უმეტეს შემთხვევაში საგამოძიებო ინტერვიუს მიმდინარეობისას საკმარისია საკუთარი თავის წარგდენა, გაღიმე, ხელის ჩამორთმევა. თუ ბრალდებული მჯდომარე მდგომარეობაშია,  შეგვიძლია ხელი  ცოტა  შორიდან გავუწოდოთ, რათა  „შეწუხდეს“ და ფეხზე წამოდგეს  ჩვენთან მისასალმებლად(ამით მას ქვეცნობიერად ჩამოუყალიბდება ცოდნა, თუ ვინ დომინირებს კომუნიკაციის პროცესში)  შეგვიძლია ვკითხოთ „როგორ ბრძანდებით?“ და აუცილებელია თვალის კონტაქტი არ გავწყვიტოთ.
დასხდომისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრალდებულის მთლიანი სხეული მაქსიმალურად იყოს თვალთახედვის არეში. ვეცადოთ დავიცვათ დისტანცია და არ შევიჭრათ მის პირად სივრცეში, რადგან ეს უნდა მოხდეს თან და თანობით, რაპორტის დამყარების ხარისხის ზრდის პარალელურად.
მაგალითად:
(მისალმებისას)      სალამი პატივცემულო, მე ვარ xxxxx. yyyy,  სასიამოვნოა, დაბრძანდით/ბრძანდებოდეთ.
(დასხდომის შემდეგ)   ბატონო  .....    ,  როგორც მოგახსენეთ,მე ვარ xxxxx. yyyy, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, რომელიც გამოიძახეს xxxxx საქმესთან დაკავშირებით.  ჩვენი შეხვედრის მიზეზია ეს და ეს შემთხვევა(კონკრეტული ქეისის სპეციფიკა). სანამ უშუალოდ საქმეს შევეხებოდეთ, მინდა რამოდენიმე დეტალი დავაზუსტო თქვენს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იწყებს აღშფოთებით და ემოციური უკუკავშირის მოცემას საკუთარი უდანაშაულობის შესახებ(რატომ მოიყვანეს აქ, რას ერჩიან და ა.შ. )  მშვიდი ხმით ვპასუხობთ, რომ სწორედ ამის გასარკვევად შევხვდით, რათა გავერკვათ ამ სიტუაციაში და რომ უდანაშაულო ადამიანს არაფერი აქვს სანერვიულო (თუ ვეჭვობთ, რომ ეს ადამიანი მაინც დამნაშავეა, ეს ბოლო ფრაზა შეგვიძლია მოგვიანებით გამოვიყენოთ, დაკითხვაზე გადასვლისას, რათა ერთგვარი ემოციური ბიძგი მივცეთ.).
(შემდეგ ვიყენებთ ჩვენ მიერ მოძიებულ ინორმაციას, ვუსვამთ კითხვებს, ვცდილობთ ურთიერთშეხების წერტილის მოძებნას, რათა გავშალოთ დიალოგი) 
სად ცხოვრობთ? - (ჰმ, მართლა? ხშირად მიწევს მანდ გავლა, კარგი ფუნთუშეულის მაღაზია გაქვთ ახლოს)
დედისერთა ბრძანდებით?  -  (არა? ჩვენც ბევრნი ვართ და-ძმანი)
რა განათლების ბრძანდებით? სად სწავლობდით? - (ჩემი ნათესავიც გეოგრაფია, ძალიან საინტერესოა, თქვენც ჯავახიშვილი დაამთავრეთ?! მეც მიწევდა თქვენს კორპუსში სირბილი, შეიძლება საერთო ლექტორზეც ერთი-ორი  სიტყვის ჩაგდებაც)
რამდენი შვილი გყავთ?  -  3? მეც 2-ს ან 3-ს ვფიქრობ მომვალში ......... და ა,შ.

 ამ ტაქტიკით, ბრალდებული შეიგრძნობს სიახლოვესა და მსგავსებას ჩვენთან და მეტი შანსია აბსტრაგირების მდგომარეობიდან გამოვიდეს.აღსანიშნავია, რომ  ფსიქოლოგს შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ თავსა და პოლიციას შორის სხვაობას, რათა ნდობა კიდევ უფრო გაამყაროს სამიზნე ობიექტთან. როდესაც პატარა დიალოგი მაინც შეიკვრება, ჩემი აზრით უადგილო არ იქნება ამ მომენტში რაიმე სასმელის შეთავაზება (სასურველია ცივის), რადგან თუ დაკითხვისას ადამიანი იგრძნობს სირცხვილს ან შიშს, ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ის „გახურდება“/გაწითლდება (სირცხვილი) ან/და პირი გაუშრება, ხოლო სიახლოვეს წყლის არსებობის შემთხვევაში, შეგვეძლება დავაკვირდეთ, როგორ სვამს, რა სიხშირით, რაოდენობით, რა კითხვის დასმისას და ა.შ.(რაც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც სიცრუის ინტერპრეტირების ერთ-ერთი საშუალება)  თვითონ სასმელის შეთავაზება კიდევ უფრო უკეთესად განაწყობს ადამიანს, აგრძნობინებს, რომ მასზე ზრუნავენ.

ვაგრძელებთ საერთო ინტერესის თემებზე დილოგის გაფართოებას, თუ ბრალდებული თვითონ შეეხება ისეთ სპეციფიკურ თემებს, როგორც მორალი, ოჯახის პრინციპები, რელიგია და მსგავსი სხვა, ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ინტერესებში, მაგალითად, თუ ღმერთის სწამს, ეს მხოლოდ სიტყვებზე არ უნდა აისახოს, არამედ საქმეებზეც. ან რას იტყოდნენ/იფიქრებდნენ თქვენი შვილები ეს დანაშაული მართლაც თქვენ, რომ ჩაგედინათ. ამ დროს არ ვწყვეტთ თვალის კონტაქტს და ვაკვირდებით. 
როდესაც ვატყობთ, რომ ადამიანი საკმარისად გაიხსნა და საუბრის ინიციატივასაც იღებს საკუთარ თავზე, ამ დროს უნდა შევაჩეროთ და გადავინაცვლოთ უშუალოდ დაკითხვაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რიგ შემთხვევაში, შეგვიძლია რაიმე „მიზეზით“ დავტოვოთ ოთახი, უმჯობესია, რომ ვინმე მესამე პირმა „შეგაწყვეტინოთ“,  მაგალითად საბუთების მიწოდების მიზნით, რადგან ოთახიდან გასვლა და ბრალდებულის ისევ მარტოდ დატოვებამ შეიძლება ის „გამოაფხიზლოს“ და ისევ ჩაიკეტოს.  ის ენერგია, რაც მან ბოლომდე ვერ დახარჯა თქვენთან ნეიტრალურ თემებზე საუბრისას, დაეხმარება გამომძიებელსა თუ ფსიქოლოგს გამოიყენოს დაკითხვისას და ასაუბროს მისთვის საინტერესო საკითხებზე. 
ზემოთმოყვანილი მეთოდოლოგია წარმოადგენს ბრალდებულთან კომუნიკაციური კონტაქტის ზოგად მონახაზს და სქემას, პრაქტიკული საქმიანობის პროცესში მას შეიძლება დაემატოს ან მოაკლდეს კონკრეტული დეტალები. თუმცა ზოგადად აღსანიშნავია, რომ ის ესკიზი რომელსაც მიყვება არსებული ტაქტიკა საკმაოდ მარტივი და ეფექტურია საგამოძიებო საქმიანობის პროცესში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი ინტერვიუერი კარგად ფლობს სპეციფიკურ ცონას ფსიქოლოგიისა და კონკრეტული კაზუსური სიტუაციის შესახებ. 
ავტორი: ირინა უთურგაური

No comments:

Post a Comment