Friday, April 15, 2016

თეთრსაყელოიანთა დანაშაული: მოტივები, წესები, მახასიათებლები


    თეთრსაყელოიანები წარმოადგენენ მაღალ თანამდებობაზე მომუშავე, განათლებულ, წარმატებულ, რეალიზებულ, პროფესიონალ, ნიჭიერ ადამიანებს. ამიტომ უცნაურია რატომ ჩადიან ისინი ისეთ დანაშაულს როგორიცაა თაღლითობა, ტყუილი, ქურდობა. პასუხი მარტივია:“რადგან მათ აქვთ ამის შესაძლებლობა/ძალაუფლება“. 2007 ჩატარებული კვლევა ეხება თეთრსაყელოიან კრიმინალთა შეხედულებებს, ის ჩატარდა 45 გამოცდილი პროკურორებისა და ადვოკატების ინტერვიუირების საფუძველზე, რომლებიც სპეციალიზირდებოდნენ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის სფეროში (P.H.Bucy; E.P.Formby; M.S. Raspanti; K.E.Rooney 2007);  კვლევის მონაწილეთა გამოცდილება იყო ფართო, ვრცელი, (საშუალოდ 25დან 36 წლიანი გამოცდილება).

     კვლევის ჰიპოთეზები იყო: 1)თეთრსაყელოიან კრიმინალთა დიდი ნაწილი კატეგორიზდება, როგორც:“ ლიდერი“ ან „მიმდევარი“. 2)თითოეულ კატეგორიაში მოხვედრა არის პიროვნების პროფაილირების გამოვლინება; 3) დანაშაულის შემცირების მეთოდები თითოეული კატეგორიისთვის განსხვავებულია;
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ თეთრსაყელოიანთა დანაშაული არ მოიცავს ძალადობას, ის ორიენტირებულია ნორმების, კანონების სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაზე, ოღონდ არა ძალადობრივად.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კრიმინალური ქცევა ფასდებოდა კლასიკური პერსპექტივიდან და კრიმინოლოგები მას ძირითადად მიიჩნევდნენ როგორც ფსიქოლოგიურ, სოციალურ და  ბიოლოგიურ პათოლოგიას. მიიჩნეოდა, რომ დანაშაულებრივ ქცევას ახორციელებდნენ დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლები, ღარიბები. მაგრამ კრიმინალის მიმართ თეორიული შეხედულება პოზიტივისტური თვალსაზრისით შეიცვალა და განვითარდა, როცა 1939 წელს სოციოლოგმა ედუინ საზრლენდმა (Edwin Sutherland) გამოიყენა ტერმინი “თეთრსაყელოიანი დამნაშავეები“  ამავე სახელწოდების თავის წიგნში. მან კრიმინალის აღნიშნული სახე განსაზღვრა, როგორც მაღალი სოციალური სტატუსისა და პასუხისმგებლობის მქონე პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება.
     სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის სიხშირე მაღალია. მაგალითად: თაღლითობის სერთიფიცირებულ გამომკვლევთა ასოციაცია CFE, აღნიშნავს, რომ ა.შ.შ.ს დიდი კომპანიების ყოველწლიური ფინანსური დანაკარგის 6% (რაც 660 მილიარდ დოლარს შეადგენს),  სწორედ თანამშრომელთა თაღლითობის შედეგია. ასევე აღსანიშნავია, რომ მაღალი კლასის თაღლითების 46% ირჩევს  საშუალო ზომის კომპანიებს და არა საერთაშორისო კომპანიებს.
დღესდღეობით თეთრსაყელოიანთა თაღლითობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის არამხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, როგორც დიდ ისე მცირე ბიზნესს.
ფაქტია, რომ თაღლითობით გამოწვეული საშუალო წლიური დანაკარგი შემოსავლების დაახლოებით 5%ია, რაც ნიშნავს იმას რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად $3,7 ტრილიონი დოლარი იკარგება.
ის რომ თეთრსაყელოიანი თაღლითები შინაგანად არიან დამნაშავეობისკენ მიდრეკილები მცდარი გავრცელებული აზრია. დაახლოებით 87% ამ ადამიანებისა პირველად ჩადის დანაშაულს.
ჩვეულებრივ, ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებისას მათ არ აქვთ ამგვარი ქმედების ჩადენის განზრახვა. როგორც წესი ისინი ხასიათდებიან მაღალი სოციალური სტატუსით, განათლებით და საზოგადოების წევრებისგან პატივისცემით.
დაახლოებით 50% თეთრსაყელოიანთა დანაშაულისა 31-45 წლის ასაკშია ჩადენილი. მათი უმრავლესობა მუშაობდა საბუღალტრო , საფინანსო,  აღმასრულებელ ორგანოებში, გარდა ამისა მათ ჰქონდათ მაღალი თანამდებობა და ძალაუფლება ამ პოზიციებზე. მსოფლიო მასშტაბით მათი უმრავლესობა მამაკაცია.
50% შემთხვევებში ეს ადამიანები დაახლოებით 3-10 წლამდე მუშაობდნენ კონკრეტულ ორგანიზაციებში , 25% კი 10 წელზე მეტი.
ძველი თანამშრომლები უფრო ხშირად იდენენ ამ ტიპის დანაშაულს ვიდრე ახალბედები, გამომდინარე იქიდან რომ ისინი უკეთ იცნობენ გარემოს და სისტემის სუსტ მხარეებს. ბევრი თეთრსაყელოიანი დამნაშავე მრავალი წლის განმავლობაში ყოველგვარი თაღლითური ქცევის გარეშე მუშაობს კომპანიაში, მანამ სანამ დანაშაულს ჩაიდენს. ეს დაკვირვება მხარს უჭერს კონცეფციას, რომ საშუალოდ თეთრსაყელოიანი დამნაშავეები ბუნებით არიან უფრო პატიოსნები ვიდრე მატყუარები.

კვლევის შედეგები 

თეთრსაყელოიანი დამნაშავეები: ლიდერები თუ მიმდევრები?
მოსაზრება, რომ თეთრსაყელოიანი დამნაშავეები კატეგორიზდებიან ან ლიდერებად ან მიმდევრებად მხარდაჭერილია ფედერალური აღკვეთის სახელმძღვანელო პრინციპებით (Federal Sentencing Guidelines). ეს დაფუძნებულია 2 ფაქტორზე: დანაშაულებრივი ქცევა და ბრალდებულის კრიმინალური წარსული. კატეგორიზაციის მთავარი კრიტერიუმია ვინ არის დანაშაული ინიციტორი და ვინ მონაწილეობს მასში. გამოკითხულთა 77,8% ადასტურებდა ლიდერებად და მომდევრებად კატეგორიზაციის სიზუსტეს.   მაგრამ მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მიმდევრებსა და ლიდერებს შორის ზღვარი ბუნდოვანია და დამოკიდებულია გამოძებასა და ბრალის წარდგენის ხასიათზე. პირობითად შეიძლება მათი დახასიათება: ერთნი ვინც დანაშაულის სქემას ქმნიან და მეორე კატეგორია, ვინც მხოლოდ მონაწილეობს დანაშაულებრივი ქცევის განხორციელებაში.

თეთრსაყელოიან დამნაშავეთა მოტივები

„ლიდერების“ მოტივაცია

დამტკიცებულია, რომ სიხარბე არის  ძირითადი მიზეზი, რის გამოც ლიდერი თეთრსაყელოიანი დამნაშავეები ერთვებიან დანაშაულებრივ ქმედებებში.  კვლევის მონაწილე ყველა პროკურორი მოტივებად ასახელებდა ფულს, ფინანსურ სარგებელს და სიხარბეს. ასევე მიუთითებენ სიამაყეზე, ამპარტავებაზე, კონკურენტუნარიანობასა და რაციონალიზაციაზე, როგორც კრიმინალური ქცევის მოტივებზე. კვლევის მონაწილეთა გარკვეული კატეგორია აღნიშნავდა, რომ ლიდერ კრიმინალებს ეშინიათ ცხოვრების სტილის, სამსახურის დაკარგვისა და წარუმატებლობის. ამგვარი შიში უიმედობა ქრება და მას ფარავს ინდივიდის შინაგანი მორალური ორიენტაცია. (?) სხვა თვალსაზრისით, ისინი განიცდიან თანამდებობრივად მათზე მაღლა მდგომი ინდივიდების ზეგავლენას, რათა მიიღონ ფინანსური სარგებელი. ინტერვიუს დროს გამოკითხულთა მხოლოდ 5% ასახელებდა ლიდერი თეთრსაყელოიანების მოტივად ამორალურ და ავ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.
 მაგალითად, განვიხილოთ უოლს პავლო (Walt Pavlo) კრედიტ კოლექციის მენეჯერი კომპანია „MCI Telecommunications-ში“. მისი მოვალეობა იყო სოლიდური კომპანიების მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების მონიტორინგი, ეს არ იყო ადვილი სამუშაო, მოითხოვდა მაღალგანვითარებულ კოგნიტურ  უნარებს და განათლებას.  პავლოს ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი ინდუსტრიულ ინჟინერიასა და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.  ის იყო ქერა, სიმპათიური გარეგნობის, სკოლაში/კოლეჯში წარმატებული სპორტსმენი, ყავდა მეუღლე და ორი შვილი, ცხოვრობდა პრესტიჟულ უბანში, მდიდრულ სახლში. მას შეექმნა სამსახურის დაკარგვის საშიშროება, რის გამოს გააყალბა/ „გატეხა“ კომპანიის სადებეტო  „ექაუნთები“ და უკანონოდ მიითვისა 6 მილიონი ა.შ.შ. დოლარი. რის გამოც 1995 წელს დააპატიმრეს, და აღიარა, რომ მისი ქცევის მთავარი მოტივი იყო პრესტიჟის დაკარგვის შიში და სიხარბე. მან ციხეში გაატარა 41 თვე და გამოსვლის შემდეგ, 41 წლის ასაკში გაშორდა ცოლს, ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და ეძებდა სამსახურს.
 კვლევის პროცესში გამოკითხეს თავად უოლტ პავლო. მას ჰკითხეს თაღლითობის მიზეზის შესახებ. მისი თქმით მთავარი მოტივაცია იყო, დიდი ფინანსური მოგება და ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივა.

           “მიმდევრების“ მოტივაცია

 მაშინ, როცა ლიდერების მოტივაციაზე ყველა ერთხმად თანხმდება, მიმდევრების მოტივები არ არის ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ზემოთ აღნიშნულ კვლევაში გამოვლინდა 4 მთავარი მოსაზრება: 1) მიმდევრები არიან არაასერტული, სუსტი ადამიანები, რომლებიც „სხვის ჩრდილში არიან“ კრიმინალური ქცევის განხორციელებისას; 2) მიმდევრები დარწმუნებულები არიან თავიანთი მოსაზრების მართებულობაში, ხასიათდებიან მაღალი თვითიმედოვნებით და მიჰყვებიან ლიდერებს, რომელთა მიმართ განიცდიან შიშს ან ნდობას. 3) მიმდევრები ერთვებიან კრიმინალურ აქტივობებში, რადგან სურთ მიიღონ ფინანსური სარგებელი, მიაღწიონ მიზნებს. და მიიჩნევენ, რომ თუ ლიდერს დაუჭერენ მხარს, ამ გზით განახორციელებენ თავიანთ ამბიციებს. 4) მიმდევრები მოტივირებულები არიან, რადგან აქვთ ფინანსური თუ ფიზიკური დანაკარგის შიში.

"თეთრსაყელოიანების" პიროვნება

ლიდერების პიროვნული მახასიათებლები

კვლევის მონაწილეები ასახელებდნენ ლიდერების შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს : განათლებულობა, ინტელექტუალურობა, წარმატებულობა, აგრესიულობა, ნარცისიზმი, ქარიზმატულობა, მიზანდასახულობა, სიეშმაკე, ცბიერება, ქედმაღლობა, სარისკო ქცევებისკენ მიდრეკილება, სიძუნწე.  დემოგრაფიული მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ თეთრსაყელოიან დამნაშავეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის მამაკაცი, თეთრკანიანი, საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენელი და განათლებული.
ლიდერი თეთრსაყელოიანი დამნაშავის მაგალითია დენის კოზლოვსკი (Dennis Kozlowvski) კომპანია TYCOს აღმასრულებელი დირექტორი. ის დახასიათებულია როგორც უმაღლესი კლასის ნარცისი, რომელსაც შეეძლო ადამიანებით მანიპულირებით პირადი მიზნების მიღწევა. ხოლო მეორე მაგალითად განიხილება ბერნი იბერსი (Bernie Ebbers) კომპანია WorldComის აღმასრულებელი დირექტორი, ის დახასიათებულია როგორც ამაყი, ამპარტავანი, თავხედი, ფეთქებადი, დამცინავი ყველას მიმართ.

               მიმდევრების პიროვნული მახასიათებლები

მიმდევრების პიროვნულ მახასიათებელთა შორის გამოირჩევა: ნაკლები აგრესიულობა, ნაკლები თავდაჯერებულობა, პასიურობა, ნაკლები ამბიციურობა, მიმნდობობა, დაქვემდებარებულობა, სხვათა გადაწყვეტილებების შესრულებისკენ მიდრეკილება და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების ნაკლები ინიციატივა. კვლევის მონაწილეები მიუთითებდნენ, რომ მიმდევრები, როგორც წესი, არ განიცდიან დანაშაულის გრძნობას, რადგან ისინი მოქმედებენ სხვისი მითითებებით.
ედუინ საზერლენდმა გამოიკვლია როგორ მოქმედებს პიროვნული მახასიათებლები დანაშაულებრივ ქცევაში (Edwin Sutherland 2003). მან გამოყო შემდეგი მახასიათებლები: კონტროლის საჭიროება, ბულინგი, ქარიზმა, დაცემის შიში, ჯგუფური ამბიციები, მთლიანობის ნაკლებობა, ნარცისიზმი, სოციალური  სინდისის/პასუხისმგებლობის ნაკლებობა.  

ა) კონტროლის საჭიროება:
ადამიანები, კონტროლის მაღალი სურვილით, ხასიათდებიან ასერტიულობით, აქტიურობითა და გადაწყვეტილების მიღების უნარით. ჩვეულებრივ, ჯგუფურ სიტუაციებში, ისინი იღებენ ლიდერის პოზიციას, შეუძლიათ მიზნების დასახვა, ჯგუფის მუშაობის წარმართვა ამ მიზნებისკენ, შეუძლიათ ძალისხმევის განაწილება. მათ აქვთ კონტროლის გარეგანი ლოკუსი წარუმატებლობის შემთხვევაში.

ბ) ბულინგი:
სხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კომპანისს ხელმძღვანელები ხშირად იყენებენ ბულინგს თავიანთი დაქვემდებარებულების მიმართ, პირადი მიზნების განხორციელების მიზნით. მაგალითად კომპანია Qwestის აღმასრულებელი დირექტორი ჯო ნაჩიომ (Joe Nacchio) კომპანიაში შექმნა “შიშის კულტურა“, მომუშავე პერსონალის თქმით ის ამ გზით ახორციელებდა თავის თაღლითურ გეგმებს და ვერავინ ბედავდა კითხვის დასმას.

გ) ქარიზმა:
ქარიზმა ძირითადად დამახასიათებელია ლიდერებისთვის. სწორედ ქარიზმა აძლევს საშუალებას მას აკონტროლოს ჯგუფი და შეძლოს „აიძულოს“ ჯგუფის წევრები გაიზიარონ ლიდერის აზრი, მიზნები.

დ) დაცემის შიში:
შეიძლება ითქვას ეს იგივეა, რაც დამარცხების შიში. თეთრსაყელოიან დამნაშავეებს ეშინიათ პროფესიონალიზმისა და ფინანსური სტატუსის დაკარგვის. ამიტომ მზად არიან განახორციელონ არაეთიკური ქცევები, რათა შეინარჩუნონ მატერიალური სიმდიდრე, პროფესიული რეპუტაცია, ძალაუფლება. ამდენად, ნებისმიერი  ცვლილება სამუშაო ადგილზე, მათ მიმართავს თაღლითობისკენ, ქრთამის აღებ-მიცემობისკენ თუ სხვა ტიპის დანაშაულისკენ, რაც უზრუნველყოფს მათ სტატუს ქვოს შენარჩუნებას.

 ე)კორპორაციული წარმატების საჭიროება:
მართალია ეს არ არის პერსონალური მახასიათებელი, მაგრამ კორპორაციული წარმატების საჭიროება წარმოადგენს თეთრსაყელოიანთა ქცევის ერთერთ წამყვან მოტივს, სურვილს, ინტერესს. ამ მახასიათებელთან ასევე დაკავშირებულია სიხარბე.

ვ) ნარცისიზმი:
ავსტრალიელი ფსიქოლოგი გრეის დაფილდი (Grace Duffield) თეთრსაყელოიანებს ახასიათებს, როგორც ზეამბიციურებს, ძალაუფლების და კონტროლის მოყვარულებს. აქვთ მაღალგანვითარებული აღმატებულობისა და  ნარცისიზმის გრძნობა. ისინი საკუთარ თავს ვერ აყენებენ სხვის ადგილას, არ შეუძიათ მოვლენის შედეგების განსაზღვრა სხვისი პოზიციიდან.

ზ) მთლიანობის ნაკლებობა:
Mortimer Dittenhoferი აღნიშნავს, რომ ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს ინდივიდის პიროვნების მთლიანობას( ასეთი მახასიათებლების მორალი, ეთიკურობა, პატივისცემა) თეთრსაყელოიან დამნაშავეებს შორის არ არის სათანადოდ განვითარებული. მისი თეორიის თანახმად, ადამიანები, რომლებიც განიცდიან პიროვნული მთლიანობის ნაკლებობას მიდრეკილები არიან კრიმინალური ქცევებისკენ.


თაღლითობის მოტივაციის კლასიკური თეორიები

დიფერენციალური ასოციაციის თეორია (Edwin Sutherland) ცდილობს ახსნას რა უბიძგებს პიროვნებას თაღლითური ქცევისკენ. იგი ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქცევა არის არა ადამიანისთვის შინაგანად დამახასითებელი, არამედ დასწავლილი გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად.
 თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანი ახორციელებს კრიმინალურ აქტივობას პირველად აღქმული ჯილდო ბევრად აჭარბებს კანონის დაცვით არსებულ შედეგს.
თეორიამ დიდი როლი ითამაშა ამ საკითხში, რადგან ბევრი მკვლევარი თვლიდა ამ ტიპის დანაშაულს მემკვიდრეობით ტენდენციად და არა დასწავლილად. სწორად E.Sutherland-მა შემოიტანა ტერმინი „თეთრსაყელოიანთა დანაშაული“.



                              თაღლითობის სამკუთხედი


ყველაზე ცნობილი თეორია თაღლითობის მოტივაციასთან დაკავშირებით განავითარა Donald R. Cressey-მა. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად არ იყენებდა ამ ტერმინს მის მიერ შემუშავებული მოდელი საყოველთაოდ ცნობილია როგორც თაღლითობის სამკუთხედი.
გამოიყოფა თაღლითური ქცევის 3 გამომწვევი ელემენტი. ესენია: შესაძლებლობა, ზეწოლა და რეციონალიზაცია.
იმისათვის რომ ქცევა განხორციელდეს აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სამივე ელემენტი, თუ რომელიმე ელემენტი აკლია მაშინ თაღლითური ქცევა არ განხორიცელდება.
შესაძლებლობა არის თაღლითური საქმიანობის სასიცოცხლო ელემენტი. პოტენციურ თაღლითს შეიძლება ჰონდეს თაღლითობის ჩადენის სურვილი მაგრამ შესაძლებლობის გარეშე ნაკლებსავარაუდოა მისი განხორციელება. გამოყოფა ამ ელემენტის 2 ძირითადი ასპექტი. პირველია ზოგადი ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს რომ მისი  თანამდებობრივი პოზიციით შეუძლია ისარგებლოს და ითაღლითოს. მეორე ასპექტი არის ტექნიკური უნარი რომელიც გულისხმობს იმ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც სჭირდება დანაშაულის ჩადენას-მაგალითად ბუღალტერიული აღრიცხვის ცოდნა, როგორ დაიინოს და შემდეგ გადამალოს გაფლანგვა, აწარმოოს გაყალბების დაფარვისთვის საჭირო ჩანაწერები და .შ.
შემდეგი ელემენტი არის ფინანსური ზეწოლა, რომელიც შეიძლება იყოს რეალური ან აღქმული. მაგალითისთვის რეალური ფინანსური ზეწოლა მოიცავსმოულოდნელ სამედიცინო ხარჯებს ან დიდი ოდენობით დავალიანებას. აღქმული ფინანსური ზეწოლა კი მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრება და სტატუსი.
მესამე ელემენტი არის რაციონალიზაცია. პოტენციური თაღლითი ამართლებს დანაშაულს თაღლითობის ჩადენამდე. მაშნაც კი როდესაც სახეზეა შესაძლებლობა და ფინანსური ზეწოლა ბევრი თაღლითი საჭიროებს თავიანთი ქცევის გამართლებას, რომ არ გამოჩნდნენ სოციალურად დევიანტურები. უამრავი მათგანი ზოგადად კანონმორჩილი მოქალაქეა, მორალური სტანდარტების მატარებელი, რაციონალიზაცია კი არის გასაღები იმისა  რომ მიიღოს ჩადენილი. მაგ. ჭირდება ფული ოჯახისთვის, ფიქრობს, რომ ცუდად ეპყრობა დამქირავებელი, რომ კომპანია იღებს ძალიან ბევრ ფულს მათი მუშაობის ხარჯზე და ა.შ.



                                     
        ნეიტრალიზაციის თეორია

1950 წელს Sykers-მა და Matza-მ შექმნეს ნეოტრალიზაციის თეორია. ის გულისხმობს რომ, იმ შემთხვევაშ თუ პიროვნება იზიარებს საზოგადოების რწმენებს და შეხედულებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა მოძებნოს გზა სირცხვილის გრძნობის გასანეიტრალებლად.  ნაიტრალიზაცია ამავდროულად აძლევს მათ საშუალებას იმოძრაონ კრიმინალურ და არაკრიმინალურ ქცევებს შორის ანუ თავი არ მიაკუთვნონ დამნაშავეთა კატეგორიას.
გამოიყოფა ნეიტრალიზაციის 5 ძირითადი მეთოდი:
1.                  უარი პასუხისმგებოლაბაზე- ამბობს რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა ან სიტუაცია მის კონტროლს მიღმა იყო.
2.                  დაზიანების  უარყოფა - აცხადებს, რომ მისი ამ ქმედებით არავინ დაშავებულა.
3.                  მსხვერპლის უარყოფა - აცხადებს რომ რაც მოხდა მსხვერპლმა თავის თავს დამართა ან იმსახურებდა
4.                  სასჯელის უარყოფა - ამტკიცებს, რომ პროკურორები არ მოიქცნენ ეთიკურად
5.                  გამართლება უფრო მაგაღალმატერიალური პრინციპებით - ამბობს რომ ეს ქმედება შეესაბამება მაღალ პრინციპებს მაგ. ერთგულებას.
  
         რაციონალიზაცია დანაშაულის ჩადენის საბოლოო გადამწყვეტი ფაქტორია და ხდება მანამ სანამ დანაშაული განხორციელდება.




                  M.I.C.E - თანამედროვე თეორია

Jason Thomas-ის მიხედვით ფული, იდეოლოგია, იძულება და ეგო არის 4 ძირითადი მოტივი დანაშაულის ჩადენია.
 შეიძლება ითქვას რომ ეს არის განვცობილი მოდელი თაღლითობის სამკუთხედის თეორიისა სადაც ეგო განიხილება როგორც გრძნობების, ემოციებისა და უფლებების თავმოყრა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური ზეწოლის კონცეფციასთან.


  
                                                 თაღლითობის პრევენცია

თაღლითობის მოტივაციის შესწავალა არამხოლოდ იმის გაგებაში ეხმარება ორგანიზაციბს თუ რატომ და როგორ ხდება თაღლითობა, არამედ ასწავლის მათ მიიღონ ის ზომები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს გაყალბებას. 
ახალი თანამშრომლების წინა სამსახურეობრივი ისტორიების გაცნობა მხოლოდ მცირე როლს თამაშობს, რადგან თაღლითების უმრავლესობა ამ ტიპის დანაშაულს ჩადის პირველად. ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის ჩადენისა და მხედველობაში მიიღონ ეს რისკი.
თაღლითობის სამკუთხედის 2 ელემენტი ზეწოლა და რაციონალიზაცია შინაგან ფაქტორებად ითვლება და მეტწილად ორგანიზაციის კონტროლს გარეთაა, ამიტომ ყველაზე დიდი ძალისხმევა მესამე ელემენტზე - შესაძლებლობაზე უნდა ფოკუსირდეს.
როგორც წესი მენეჯერები პასუხისმგებლები არიან ფართო სპექტრის ორგანიზაციებზე. ეს ფაქტორი მეტად უბიძგებს მათ თაღლითობისკენ. სათანადო ზედამხედველობა და ხშირი ვიზიტები სათაო ოფისსში დაეხმარებათ ორგანიზაციებს  თაღლითბის რისკის შემცირებაში , ამავდროულად ეს პროცესი გავლენას ახდენს რაციონალიზაციის შენცირებაზეც, რადგან მათ მოუწევთ ხშირად ჩახედონ თვალებში პოტენციურ მსხვერპლს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც რაციონალიზაციას უკავშირდება მდგომარეობს შემდეგში:
როდესაც კომპანია ცდილობს ძლიერი, ეთიკური კორპორატიული კულტურის შენებას რაციონალიზაციის პროცესი რთულდება. იმისათვის რომ შექმნილმა ეთიკურმა წესებმა რეალურად გავლენა მოახდინონ თანამშრომელთა ქცევებზე საჭიროა მთელი ორგანიზაცია ერთ გუნდად იყოს შეკრული და თითოეულ წევრს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდეს.
თამაშრომელბის ფინანსური ზეწოლისგან დაცვა კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორია, მათ არ უნდა დაუსახონ ისეთი ფინანსური მიზნები რომელთა შესრულება რეალობასაა მოკლებული.
საბოლოო ჯამში კი ყველა ეს პირობა ერთად ღებული ამცირებს თეთრსაყელოიანთა დანაშაულის რისკებს.


ფაქტორები რომლებიც განსაზღვრავენ პროკურორების გადაწყვეტილებას დანაშაულებრივ ქმედებებში კორპორაციების როლის შესახებ

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თეთრსაყელოიანი დანაშაულის მოქმედ პირად ითვლება არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ თავად კომპანიაც.
კვლევის მონაწილეთა 80%ს წარმოადგენდა აქტიურად მომუშავე ან დიდი გამოდილების მქონე პროკურორები.  კვლევის მონაწილეთა 27% აღნიშნავდა , რომ პრაქტიკაში არ ჰქონდა  შემთხვევა, როცა თეთრსაყელოიანთა თაღლითობის ან ქრთამის აღების შემთხვევაში საქმე აღიძრა იურიდიული პირის წინააღმდეგ.  მაგრამ  პროკურორების უმრავლესობა წარმოადგენდა წარმოადგენდა  მონაცემებს, კონკრეტულად რა გარემოებას აქცევენ ყურადღებას  კომპანიათა ბრალეულობის განხილვისას.
კვლევის მონაწილეები მიუთითებდნენ, რომ ზოგადად,  არ არის ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი და განსაზღვრული იურიდიული პირის ბრალეულობა კორპორაციაში განხორციელებულ დანაშაულში.
რა შეეხება დანაშაულებრიობის ფაქტორებს: პირველ ფაქტორად მიუთითებდნენ კომპანიის სტრუქტურებში არაკანონიერი ქმედებების გავრცელებას, მენეჯერებისა და მაღალ პოზიციებზე მყოფი პირების ჩართულობას დანაშაულში. ამდენად, კომპანია დამნაშავეა იმდენად, რამდენადაც მასში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრები არიან ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებაში.
მეორე ფაქტორად დასახელდა კორპორაციაში თანამშრომლობის დონე, მოქმედების გეგმა, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ, როცა საჭირო ხდება ფაქტის გამოაშკარავება. კომპანიის ბრალეულობა განიხილება მაშინ, როცა კომპანიაში დანაშაულის შესახებ ინფრომაცია არსებობს, მაგრამ არ ამჟღავნებენ.
ასევე დასახელებული იყო თაღლითობის შედეგად კომპანიის, აქციონერებისა თუ თავად თანამშრომლების ფინანსური ან/და ფიზიკური ზარალი/ზიანი; კორპორაციაში დასახული მიზნები; კოპმანიის მიმართ ერთგულება და რწმენა; შესრულებისთვის დახარჯული ძალისხმევა; პირადი მიზნები და განზრახვა;  ასევე პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მისანიჭებლად იყენებდნენ ა.შ.შ.ს იუსტიციის დეპარტამენტის მეთოდურ რეკომენდაციებს (guidlines)



როგორ უნდა დაიცვან თავი კორპორაციებმა თეთრსაყელოიანთა დანაშაულში დადანაშაულებისგან

არსებობს ერთგვარ რჩევათა კატეგორიები, რომლებიც კომპანიას საშუალებას მისცემს თავი დაიცვას ბრალის წაყენებისგან:
1.                  ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინება;
2.                  კორპორაციული და ინდივიდუალური საკუთრების განსხვავება;
3.                  დანაშაულის/დარღვევის გამოძიება და გამოაშკარავება;
გამოკითხულ კორპორატიულ ადვოკატთა 43.6% ადასტურებს კომპანიების ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა  თეთრსაყელოიანთა დანაშაულის თავიდან არიდებისთვის. ადვოკატთა 46.2% აღნიშნავდა, რომ კომპანიები ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან ერთად, უნდა ახორცხიელებდნენ „ინტერნალურ სტრატეგიას“. ეს სტრატეგია მოიცავს კომპანიის პროგრამებზე ზედამხედველობას, დამრღვევი პერსონალის გამოაშკარავებას და დასჯას.  ადვოკატების 51.3% ამბობდა, რომ კომპანიებმა აუცილებლად უნდა გამოადიფერენციროს კომპანია, როგორც მთლიანი და დამრღვევი პერსონალი, როგორც ინდივიდი. რათა აჩვენონ, რომ თეთრსაყელოიანთა დანაშაული იყო ერთეული შემთხვევა, ამის შესახებ არ იცოდა კომპანიამ და არ იზიარებდა მას.


ორგანიზაციის მახასიათებლები, რომლებიც განამტკიცებს კრიმინალურ აქტივობას

კვლევის შედეგად გამოვლინდა 4 ტიპის ორგანიზაცია, რომელიც აძლიერებს, განამტკიცებს კრიმინალური ქცევის, კერძოდ თაღლითობის გამოვლენის ალბათობას. ეს კლასიფიკაცია დამყარებულია კორპორაციებში არსებულ პრაქტიკასა და პოლიტიკაზე.
1.                  პირველი ტიპის ორგანიზაციაა, ის ორგანიზაცია, რომელიც იმართება დაბალი პოზიციის მიერ. ამ ორგანიზაციაში ყურადღების ფოკუსი მიმართულია მოგებისკენ, საქმიანობა ფასდება მხოლოდ მისი ღირებულების მიხედვით. აღნიშნული ტიპის ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, ორგანიზაციაში მსგავსი პოლიტიკა მათ თაღლითობისკენ უბიძგებს;
2.                  მეორე ტიპის ორგანიზაციად, დასახელებულია ორგანიზაცია, სადაც თაღლითობა ხდება კომპანიის მართვის გეგმის გაუმართავობის, შეუსაბამობის  გამო. გამოკითხულთა 26.7% აღნიშნავდა, რომ კომპანიაში ძლიერი გეგმის არ არსებობა მას მიმღებლურს და ლოიალურს ხდის თაღლითობის მიმართ.
3.                  გამოკითხულთა 31%ის მიხედვით, ორგანიზაციის მესამე ტიპი, რომელიც აძლიერებს კრიმინალური ქცევის გამოვლინებას ხასიათდება ორგანიზაციაში დაბალი შინაგანი კონტროლით. როგორც წესი, ამგვარ კომპანიებში აღმასრულებელი დირექტორი არის სუსტი, არ ხასიათდება ლიდერის თვისებებით, ხოლო მომუშავე პერსონალი არ არის სატანადოდ კვალიფიციური.
4.                  24 % კი მიიჩნევდა, რომ ორგანიზაციათა მეოთხე ტიპს აქვს არა მყარი, ჩამოუყალიბებელი ორგანიზაციული კულტურა. ამ ორგანიზაციაში ბუნდოვანია რომელი ქცევაა მისაღები და რომელი მიუღებელი. ამიტომ ამგვარი კომპანია გაუაზრებლად ქმნის კრიმინალური ქცევის განხორციელების პირობას.


ორგანიზაციის მახასიათებლები, რომლებიც იცავს მას კრიმინალური აქტივობისგან

გამოკითხულების მიერ დასახელებული დამცავი ფაქტორებია: ორგანიზაციული კულტურა, ეფექტური შესრულება, ეთიკური გეგმა და ძლიერი შინაგანი და გარეგანი კონტროლი.
გამოკითხულთა 66% მიიჩნევდა ორგანიზაციულ კულტურასა და კომპანიის შესრულების გეგმის წარმატებით იმპლემენტაციას დამცავ ფაქტორად თეთრსაყელოიანთა დანაშაულისგან დაცვისთვის. ეს მოიცავს ანონიმურ ცხელ ხაზს, თაღლითობის გამოვლენის და დასჯის გამჭვირვალე სისტემას.


კორპორატიული ლიდერები, რომლებიც განამტკიცებენ კანონმორჩილ ქცევას

გამოკითხულთა 57,8%მა აღნიშნა, რომ კომპანიაში კანონმორჩლი ქცევის წახალისებისთვის აუცილებელია მენეჯერებმა მიაღწიონ კომპანიის თანამშრომელთა შორის  ერთიანობას/ორგანიზაციულ მთლიანობას. 26% მიუთითებდა ხელმძღვანელის უნარზე, გააკონტროლოს შესრულება და განახორციელოს შესრულების ეფექტური მართვა.
რაც შეეხება, თავად კორპორაციებს. იცინი ახორციელებენ მთელ რიგ პროცედურებს თაღლითობისა და ქრთამის აღების შემთხვევების გამოსავლენად და თავიდან ასარიდებლად. ისინი ქმნიან აუდიტის კომიტერებს, იურიდიულ დეპარტამენებს, რომლებიც პერიოდულად ამოწმებენ მომუშავე პერსონალის შესრულებას,  ავალდებულებენ ყოველთვიური ანგარიში ჩააბარონ უშუალო ხელმძღვანელს.



ტენდენციები

კვლევის 45 მონაწილე აღწერდა თავიანთ გამოცდილებაში არსებულ  თეთრსაყელოიანთა დანაშაულთან დაკავშირებულ ტენდენციებს.  გამოვლინდა 4 ძირითადი ტენდენცია:
·         24 % აღნიშნავდა, რომ თეთრსაყელოიანთა კორპორატიულ დანაშაულს აქვს გაზრდის ტენდენცია. 11.1%მა დააკონკრეტა, რომ გაზრდის/გავრცელების ტენდენცია აქვს  ბიზნესთან დაკავშირებულ კრიმინალს.
·         შემდეგ ტენდენციად მონაწილეები (პროკურორები) ასახელებდნენ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის გამოძიების კომპლექსურობას/სირთულეს.  ამიტომ სახელმწიფო აფინანსებს პროკურორების გადამზადების პროექტს. რათა მოხდეს გამოძიების ახალი მეთოდების სწავლება და დანერგვა.
·         კვლევაში გამოვლენილი მესამე ტენდენცია ეხება თეთრსაყელოიან დამნაშავეთა გამოძიების პროცესს. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ თეთრსაყელოიანთა დანაშაულის გამოძიების პროცესი კომპლექსურია და მოითხოვს რამდენი ორგანიზაციის, სამსახურის ჩართულობას, ერთობლივ მუშაობას. ამგვარი სამსახურებია: პოლიცია, ფინანსური გამოძიების სამსახურები, იუსტიციის დეპარტამენტი, პროკურატურა.   მესამე ტენდენცია ეხება სწორედ აღნიშნული  სამსახურების მუშაობას. მონაწილეების თქმით, ჩვეულებრივ, რთულია და ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელი, აღნიშნული დეპარდამენტების ერთობლივი მუშაობა. რაც, ბუნებრივია, ართულებს თეთრსაყელოიანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
·         მეოთხე ტენდენციის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ  მონაწილეების აზრით გამოძიების პროცესში რესურსები მიმართულია უფრო მეტად, კრიმინალური დანაშაულის გამოძიებისკენ, ვიდრე ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

ნაშრომზე მუშაობდენ: ნანაძე მარიამ
                                          ქავთარაძე ქეთი



გამოყენებული ლიტერატურა:
1)                  Pamela H. Bucy Elizabeth P. Formby Marc S. Raspanti Kathryn E. Rooney :"Why Do Thy Do It?: Th Motives, Mores, and Character of White Collar Criminals" 2012


2)                  The Psychology of Fraud: What Motivates Fraudsters to Commit Crime? Kelly Fisher This paper is submitted in partial fulfillment of the requirements for BUS 5903.70 Forensic Accounting Texas Woman’s University Graduate School of Management Dr. John Nugent, LLM, CPA, CFE, CISM, FCPA Spring 2015



No comments:

Post a Comment