Sunday, November 20, 2016

‘’სტალკინგი’’ და "სტალკერები"


‘’სტალკინგი’’ გულისხმობს კონკრეტული მსხვერპლის მიზნად ამოღებას, მისთვის არასასურველ და თავსმოხვეულ დევნას, რაც გამოიხატება ადევნებით ან სხვაგვარი შევიწროვებით (Mullen et al., 2000). ეს არის წინასწარ განზრახული უკანონო თვალთვალი, შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი , სატელეფონო , ელექტრონული ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს, შიშს, რაც აიძულებს მას მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მდევრის ქცევა გვიჩვენებს, რომ იგი შეპყრობილია აზრებით მსხვერპლის შესახებ. ამ ქცევის სპექტრი ვრცელია და მოცავს:
  •  უკან გაყოლას და ადევნებას;
  • კომუნიკაციას ტელეფონით, ფოსტით; ელექტრონულ კომუნიკაციას;
  • ნივთებისა და მომსახურების შეკვეთას მსხვერპლის სახელით; აგრესის და მუქარას, რომელშიც შედის ძალადობა, საკუთრების დაზიანება და ცილისწამება;   
  • მდევრები უმეტესად მამაკაცები არიან, ხოლო მათი მსხვერპლი-ქალები. მსხვერპლი მუდმივად განიცდის მწვავე დისტრესს.



 თვალთვალისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებია:
  • მოთვალთვალემ უნდა განახორციელოს რამდენიმე წინასწარგანზრახული ქმედება მსხვერპლის წინააღმდეგ, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინოს შიში, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
  • მოთვალთვალემ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედებების შედეგად მსხვერპლს გაუჩნდა შიში, რაც აიძულებს მას შეცვალოს თავისი ცხოვრების სტილი; 
  • მსხვერპლი რეალურად უნდა განიცდიდეს შიშს, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.


სტალკინგის ელემენტები

სტალკინგი რჩება დანაშაულად, რომლის დამტკიცებაც რთულია, გამოცდილებაში მისი ქონა კი შემაძრწუნებელი. თვალთვალი შედგება რამდენიმე ელემენტისგან. აღვწეროთ თითოეული მათგანი.

ინფორმაციის შეგროვება

ბევრი სტალკერი იწყებს სტალკინგს მსხვერპლის შესახებ  ინფორმაციის შეგროვებით.  ყოფილი პარტნიორი სტალკერები იყენებენ პირად ინფორმაციას მსვერპლის დასაშანტაჟებლად. სტალკერების უმეტესობას სჭირდება ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც ეხება მსხვერპლის ცხოვრების სტილს, რუტინას, სამუშაო გარემოს, ოჯახს, პირად ურთიერთობებს.
ინფორმაციის პოტენციური წყაროები სტალკერისთვის არის:
·         თანამშრომლები
·         კლასელები
·         მეგობრები
·         ნათესავები
·         კომუნალური  მომსახურება (წყალი, ელექტროენერგია)
·         სატელეფონო კომპანიები
·         საფოსტო ოფისი
·         ინტერნეტში ძებნის სისტემები
·         ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სამუშაოზე
·         ბანკები
·         საკრედიტო კომპანიები

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი წყაროების  უმრავლესობა იცავს  პიროვნების მონაცემების კონფიდეციალურობას , მოხერხებულად ნათქვამი ტყუილის  და მანიპულაციის საშუალებით,  სტალკერებს აქვთ  პირად ინფორმაციაზე წვდომა.

არასასურველი კონტაქტი- საჩუქრები, შეტყობინებები, ზარები, დევნა, თვალთვალი

არასასურველი კონტაქტები სტალკინგის ყველაზე გავრცელებული ელემენტია.  საწყის ეტაპზე, სტალკერები  მომხიბვლელნი  შეიძლება იყვნენ ტოვებენ რა საჩუქრებს, ყვავილებს, სასიყვარულო წერილებს, ან ლექსებს  მათი ინტერესის ობიექტის- პოტენციური მსხვერპლისთვის.  როდესაც ნათელი ხდება, რომ ამ ჟესტებს არ მოაქვთ სასურველი შედეგი , კონტაქტები ხდება უხეში და მუქარის შემცველი. დამჭკნარი ყვავილები, სიძულვილის წერილები და მკვდარი ცხოველებიც კი ანაცვლებს თავდაპირველ საჩუქრებს.
ტელეფონი აირის სტალკერის ფავორიტი იარაღი. ზარები, შეტყობინებები და
მ უდმივი მცდელობა  მსხვერპლთან დიალოგის ქონის არის ძალიან გავრცელებული.
თვალთვალის კიდევ ერთი ფორმა არის  ‘’შემთხვევით’’ გამოჩენა იქ, სადაც მსხვერპლი მიდის- წვეულებები, ფიტნეს ცენტრი, კინო,  სკოლა, სამუშაო და ა.შ.  სტალკერი შეიძლება იდგეს მსხვერპლზე დასაკვირვებლად ხელსაყრელ მანძილზე, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება სცადოს მსხვერპლთან დიალოგის დაწყება. თუ სტალკერი   მსხვერპლმა ვერ შენიშნა თვალთვალის პროცესში, მან შეიძლება დაურეკოს მოგვიანებით მსხვერპლს და მიაწოდოს ინფორმაცია კონტაქტის შესახებ. მაგალითად დაურეკოს და უთხრას, ‘’მშვენიერი ლურჯი კაბა გეცვა გუშინ ღამეს’’.
ამ ტიპის თვალყურის დევნება და დევნა მსხვერპლისთვის შეუძლებელს ხდის მოთვალთვალისგან თავის არიდებას.  ბევრი მსხვერპლი იცვლის საცხოვრებელ ადგილს,  ტელეფონის ნომერს და ყოველდღიურ რუტინას.  სტალკერები იგებენ ახალ მობილურის ნომრებს  სატელეფონო ოპერატორებისგან, მისდევენ მსხვეპლს სამსახურიდან სახლში და /ან  ღებულობენ ახალ ინფორმაციას მსხვერპლის ახლობლებისგან. სტალკერისთვის ეს ხდება კატა- თაგვობანას თამაში ,მსხვერპლისთვის კი -დაუსრულებელი კოშმარი.

ესკალაცია- ვანდალიზმი, მუქარა და ძალადობა

ზოგიერთი სტალკერი არასდროს  ამწვავებს მდგომარეობას მხოლოდ არასასურველი კონტაქტებით და ინფორმაციის შეგროვებით შემოიფარგლება. სხვები დროთა განმავლობაში  მუქარას, ვანდალიზმის ჩადენას და ძალადობას მიმართავენ. ძნელია იმის წინასწარმეტყველება, ვინ გახდება, ან არ გახდება უფრო მეტად მოძალადე. ამ შემთხვევაში ყველაზე სანდო პრედიქტორი არის სტალკერის წინა ქცევა- აქვს თუ არა მას ძალადობრივი ქმედების ჩადენის ისტორია (განსაკუთრებით ძალადობა ოჯახში). ძალადობრივი ქცევის გამოცდილების შემთხვევაში, ძლიერი ალბათობა არსებობს იმისა, რომ სტალკერი კვლავ მოძალადე გახდება. თუმცა, ზოგიერთი სტალკერი, რომელსაც წარსულში ძალადობრივი ქმედების ჩადენის ისტორია არ აქვს,  მაინც ჩადის ვანდალიზმს, ახორციელებს მუქარას, მიმართავს ძალადობრივ ქცევას.
სტალკერებისთვის დამახასიათებელია მსხვერპლის სატრანსპორტო საშუალებაში შეღწევა, ინტერიერის ნაწილების მოძრობა, სარკეების და სავარძლების პოზიციის შეცვლა, ინტერიერის დაზიანება. სტალკერებს სურთ, მათმა მსხვერპლებმა იცოდნენ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ვანდალიზმის აქტი, არამედ წინასწარგანზრახული ტერორიზმი. მსგავსი კვალის დატოვება ხდება მსხვერპლის სახლში. ავეჯი გადაადგილებულია, ფოტოსურათები მოპარული, ადგილშეცვლილი ან სხვა მინიშნებებია დატოვებული. ხშირად მსხვერპლის ჩივილი, რომ ვიღაც შევიდა მათ მანქანაში და შეცვალა სარკეების და სავარძლების პოზიცია, არასერიოზულად არის აღქმული  პოლიციის ოფიცრების მიერ. ამ შემთხვევაში, მსხვერპლი შეიძლება ფსიქიკური დაავადების მქონედ მიიჩნიონ.
მსხვერპლის მიმართ მუქარა შეიძლება იყოს ექსპლიციტური და პირდაპირი ან არაპირდაპირი, ირიბი. ექსპლიციტური მუქარა, როგორიც არის წერილები , აღწერს პოტენციურ სიკვდილს ან ზიანს, ყველაზე მარტივად გამოსაყენებელია სტალკერის მიმართ სასამართალწარმოებისდასწაყებად. ბევრმა სტალკერმა იცის ეს და იყენებს არაპირდაპირ ან სიმბოლურ მუქარას.  სიმბოლური მუქარა, როგორიც არის, მაგალითად, შინაური ცხოველის გატაცება, შეიძლება უკიდურესად დამატერორებელი იყოს მსხვერპლისთვის.
სტალკინგის შემთხვევების ერთ მეოთხედზე ნაკლები აღწევს ძალადობის ეტაპს. ამ შემთხვევაში, მსხვერპლი, ისევე, როგორც მისი განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები, ხდებიან ძალადობრივი თავდასხმის პოტენციური სამიზნეები. თუ სტალკერს რომანტიკული ინტერესები აქვს მსხვერპლის მიმართ, შეიძლება გააუპატიუროს ის. 2%-ზე ნაკლები  სტალკერი ჩადის წინასწარგანზრახულ მკვლელობას. ამჟამად ჩვენი შესაძლებლოვა ვიწინასწარმეტყველოთ ვინ იქნება შეპყრობილი მკვლელობის შესახებ აზრებით, შეზღუდულია (Meloy 1996).

მხოლოდ ახლახანს დაიწყეს ფსიქოლოგებმა და კანონდამცველებმა სტალკერების პიროვნული მახასიათებლების და  მთი მოქმედებების სტრატეგიების შესწავლა.
სტალკერს ახასიათებს:
·         ეჭვიანობა
·         ნარცისიზმი
·         ობსესიები და კომპულსიები
·         უეცრად შეყვარება
·         მანიპულაციურობა
·         პასუხისმგებლობის აუღებლობა საკუთარ გრძნობებსა და ქცევებზე
·         სხვებზე კონტროლის დამყარების მოთხოვნილება
·         სოციუმში თავს არაკომფორტულად გრძნობს
·         საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც საზოგადოების, ოჯახის და სხვების მსხვერპლს
·         მატყუარობა
·         ძნელად ასხვავებს ფანტაზიას და რეალობას
·         უარყოფის გამკლავების უუნარობა
·         მიიჩნევს, რომ პრობლემები სხვების გამო აქვს
·         საშუალოზე მაღალი ინტელექტი


უარყოფა

უარყოფილობის აღქმა გავრცელებული თითქმის ყველა სტალკერში. უარყოფა შეიძლება იყოს რეალური ან  გამოგონილი სტალკერის გონებაში. მსხვერპლმა შესაძლოა არ უპასუხა მის რომანტიკულ ინიციატივებს, რომანტიკული ან მეგობრული ურთიერთობა  დასრულდა, მომუშავე  შეიძლება გაანთავისუფლეს სამსახურიდან , ან სტუდენტს ლექტორმა არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერა.  სტალკერისთვის მნიშვნელობა არ აქვს უარყოფის სტილს. მხოლოდ უარყოფის ფაქტია მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ზოგიერთმა სტალკერმა შეიძლება მისი მსხვერპლის ქორწინება აღიქვას, როგორც პირადი უარყოფა, მაშინაც კი როდესაც მას არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა მსხვერპლთან. ირონიულად, სტალკერები აღიქვამენ საკუთარ თავს, როგორც ‘’ნამდვილ მსხვერპლებს’’.  ბევრ მათგანს სჯერა, რომ ისნი შეცდომაში შეიყვანეს, გააბრაზეს,  მიატოვეს, სასტიკად მოექცნენ და ზიანი მიაყენეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად არალოგიკური და სიმართლესთან შეუსაბამოა ეს აღქმები.

ობსესიები

რადგან სტალკინგის ქმედებები მუდმივია,  სტალკერი სულ უფრო და უფრო მეტას ფიქრობს მსხვერპლის შესახებ. უჩვეულო არ არის, რომ სტალკერები  არინ ობსესიურიები მათი ცხოვრების ბევრ ასპექტში. ეს თვისება კარგად არის დემონსტრირებული ფილმში Sleeping With The Enemy, სადაც მოძალადე ქმარი იჟინებს, რომ სუპის ქილები  ელაგოს ერთნაირად. სტალკერის აზროვნების პატერნები ბუნებრივად განმეორებადობისკენ არის მიდრეკილი და მათ არ შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ სხვა რამეზე მათი მსხვერპლის გარდა.
მსხვერპლისთვის საფრთხე იზრდება, როდესაც სტალკერის ობსესიები აღწევს დონეს, სადაც ის თავს ანებებს ფუნქციონირებას. ე.ი. ჭამა, ძილი და მუშაობა მისთვის ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრები და ქცევები, რომლებიც მსხვერპლს უკავშირდება. მათი უნარი დასახონ პრიორიტეტები  უკიდურესად დარღვეულია. რაც უფრო მეტად დამოკიდებული ხდება სტალკერი მის აკვიატებაზე, მით უფრო სახიფათო ხდება სიტუაცია მსხვერპლისთვის.

ფანტაზია/წარმოსახვა

ბევრი სტალკერისთვის, ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას შორის ბუნდოვანია, ან არ არსებობს.  ფანტაზიის თემები ხშირად ტრიალებს სახელდებას (‘’ჩემი ხარ’’), ბრაზს („პასუხს აგებ ამ ყველაფრისთვის’’) და/ან ბედისწერის („ჩვენ ერთად ყოფნისთვის ვართ დაბადებულნი’’) გარშემო. ზოგიერთ შემთხვევებში რწმენა, რომ ფანტაზია რეალობაა იმდენად ძლიერია, რომ სტალკერები უფრო სანდო ადამიანებად ჩანან, ვიდრე მსხვერპლები. ამ კონკრეტული ტიპის სტალკერები უნდა გადამისამართდნენ  ფსიქოლოგებთან , როგორც ეროტომანიით დაავადებულნი. მათ აქვთ ბოდვითი იდეა, რომ მსხვერპლთან აკავშირებთ სასიყვარულო ურთიერთობა, მაშინ როდესაც ამ ტიპის ურთიერთობა არ არსებობს. ასეთი ინდივიდები წარმოადგენენ სტალკერების მცირე რაოდენობას. სტალკერების უმრავლესობა აქვს ფანტაზიები, თუმცა ისინი ინარჩუნებენ რეალობასთან მჭიდრო კავშირს. მაგალითად, სტალკერს შეიძება ნამდვილად სჯეროდეს, რომ მას ექნება რომანტიკული ურთიერთობა მსხვერპლთან, მაგრამ ხვდება, რომ მას მოცემულ მომენტში არ აქვს რომანტიკული ურთიერთობა ამ ინდივიდთან. (ე.ი. ფიქრობს, რომ  ერთ დღეს ერთად იქნებიან).

ნარცისიზმი

სტალკერების შემთხვევაში, ნარცისიზმი მიიჩნევა  სხვისი საჭიროებებისა და გრძნობების შეცნობის უუნარობად. სტალკერებს სჯერათ, რომ მათი ფიქრები და ქმედებები პრიორიტეტულია.  ეს განსაკუთრებით სამართლიანია სიტუაციებისთვის, როდესაც არსებობდა ახლო , ინტიმური ურთიერთობა სტალკერსა და მის მსხვერპლს შორის. სტალკერი გაამართლებს საკუთარ ქმედებას რწმენით: ‘’თუ მე ვიტანჯები, დაიტანჯე შენც’’.  გამკლავების უნარების ნაკლებობის გამო, არ შეუძლიათ აიტანონ დისკომფორტი, უარყოფა, დანაკარგი, სირცხვილი. წინადადება: ‘’თუ არ შემიძლა მყავდე, არც სხვას შეეძლება’’  კარგად გამოხატავს კუთვნილების ნარცისულ რწმენას.

ფსიქოლოგიური პროფილი

მეცნიერული კვლევა, რომელიც სტალკერების პროფილის შექმნაზეა ორიენტირებული მხოლოდ ახლა იწყებს წარმატების მიღწევას. ზოგიერთი მკვლევარი სწავლობს ცნობილი ადამაინების სტალკერებს, სხვები ფოკუსირებულნი არიან უკვე თავისუფლება აღკვეთილ სტალკერებზე. სამწუხაროდ, ეს შერჩევები არ არის  ყველა სტალკერის პოპულაციის რეტრეზენტატული.  სტალკერების კატეგორიები ეფუძნება შემდეგ განსხვავებებს:

·         სტალკერის რწმენების ხარისხი (ეროტომანია და მოსაზღვრე ეროტომანია) (Meloy 1989).
·         ურთიერთობის ტიპი , რომელიც არსებობდა სტალკინგის დაწყებამდე (ახლო , ინტიმური ურთიერთობა, ნაცნობობა, ჩვეულებრივი პაემანი, სამუშაოსთან დკავშირებული, უცნობი).
·         მიზანი, რომელიც ამოძრავებს სტალკერს: ურთიერთობის ქონა, დაცულად ყოფნა (იყოს მართალი), ან შურისძიება (Lindsey 1993).
·         არიან ისინი ანტისოციალურები თუ ფუნქციონირებენ სოციალურ გარემოში (კვლავ მუშაობენ, ჭამენ, უვლიან თავს, მაგალითად). (Lindsey, 1993).

თვალთვალის განმახორციელებელი პირის ფსიქოლოგიური დეტერმინანტების მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის სტალკერებს:
  • უარყოფილი სტალკერი- მოცემულ შემთხვევაში მოთვალთვალე კარგად იცნობს მსხვერპლს და მასთან ახლო ურთიერთობა აქვს, მაგრამ უარყოფილია მისგან. მოძალადის მიზანია, აღადგინოს ურთიერთობა;
  • განაწყენებული სტალკერი- საკუთარ თავს მიიჩნევს მსხვერპლად და თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა. ის არის მოტივირებული, გაწბილებული და უკანონო ქმედებებით ცდილობს სასურველი მიზნის მიღწევას;
  • არსებობენ ინტიმური ურთიერთობების მაძებარი სტალკერები. როგორც წესი, მსგავსი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან მარტოსულები და მათ ესაჭიროებათ მსხვერპლი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასეთ ვითარებაში მოძალადე ცდილობს მსხვერპლი იყოს უცნობი, რათა ის დარჩეს ინკოგნიტოდ თუ მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობისთვის ესაჭიროება;
  • მტაცებელი სტალკერი მსხვერპლის შერჩევის შემდეგ გადადის პირდაპირ თავდასხმაზე. მას აქვს სექსუალური ლტოლვა და ამ მიზნით იტაცებს მსხვერპლს. თავდამსხმელი, როგორც წესი, მსგავს ვითარებაში არის მამაკა.ცი, ხოლო მსხვერპლი-ქალი.


იმ ნიშნებზე  დაყრდნობით, რაც მოთვალთვალეებს ახასიათებთ შეიძლება გამოიყოს მოთვალთვალეთა 4 კატეგორია: ესენია: მოთვალთვალე, რომელსაც იცნობ; მოთვალთვალე, რომელსაც არ იცნობ; მოთვალთვალე, რომელიც ფიქრობს, რომ გიყვარს; ცნობილების მოთვალთვალე (ე.წ. ‘’პაპრაცი’’).  განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მოთვალთვალე, რომელსაც იცნობ
ხშირ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ახორციელებს თვალთვალს, იცნობს მსხვერპლი, ვინაიდან მასთან წარსულში ჰქონდა ურთიერთობა. შესაძლებელია ეს იყოს ყოფილი ქმარი ან მეგობარი ბიჭი, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ პრობლემები ურთიერთობაში ან არსებობდა ოჯახური ძალადობის ნიშნები. ადამიანი, რომელიც ახორციელებს თვალთვალს შესაძლებელია იყოს ოჯახის წევრი,ძმა , მამა, შვილი და .შ. მეტწილად, მოცემულ სიტუაციაში მოთვალთვალე დაინტერესებულია მსხვერპლის ადგილსამყოფელით, მისი პირადი ურთიერთობებით და ინფორმაციის შეგროვებით. ბუნებრივია, მას აქვს თავისი მიზანი თვალთვალის, გადაკიდების შემთხვევაში, თუმცა ის უკვე ფლობს მსხვერპლზე საკამო ინფორმაციას და დაინტერესებულია მსხვერპლის ყოველდღიური აქტივობებით.
მოთვალთვალე, რომელსაც არ იცნობ
მოთვალთვალე , არც თუ ისე იშვიათად , არ იცნობს მსხვერპლს. ის უბრალოდ ამოირჩევს რომელიმე მათგანს და იწყებს ინფორმაციის შეგოვებას. მსგავს სიტუაციეში მოთვალთვალეს შიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოტივაცია, მაგალითად, პირადი სურვილები, ვნება, ინტერესი და სურს მსხვერპლთან ურთიერთობა. მას სურს მსხვერპლის მოხიბვლა და ამ მიზნით, ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია მის შესახებ, მისი მეგობრების შესახებ. შესაძლოა, მოთვალთვალეს ჰქონდეს დავალება სხვა პირისგან, რომ მოიპოვოს კონკრეტული ინფორმაცია პირზე, რის სანაცვლოდაც მიიღებს ანაზღაურებას. აღნიშნულ კატეგორიაში უნდა გავაერთიანოთ ე.წ. ‘’დეტექტივის’’ ინსტიტუტიც, სადაც ადამიანებს მალულად უთვალთვალებენ, უსმენენ, აწარმოებენ ფარულ ვიდეო, აუდიო გადაღებას და ჩაწერას.
მოთვალთვალე, რომელიც ფიქრობს რომ გიყვარს
არსებობს მოთვალთვალეთა კატეგორია , რომელიც ფიქრობს, რომ მსხვერპლი შეყვარებულია მასზე და ის სხვადასხვა მიზეზის გამო არ ამჟღავნებს ამას. მსგავსი ტიპის ადამიანები, უმეტესწილად დაავადებულნი არიან ეროტომანიით. მათ აქვთ ზეღირებულოვანი იდეა, რწმენა, წარმოდგენა, რომ მსხვერპლი ოცნებობს მასთან ურთიერთობაზე. მსგავსი კატეგორიის მოთვალთვალეს სჯერა, რომ მსხვერპლი უგზავნის, აწვდის მას უხილავ სიგნალებს და აგრძნობინებს, რომ მისით დაინტერესებულია.  უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კატეგორიის მოთვალთვალე იშვიათია, თუმცა საკმაოდ საფრთხის შემცველი და ხანგრძლივია.
ცნობილების მოთვალთვალე (.პაპარაცი“)
მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული მოთვალთვალეთა კატეგორია არის ცნობილების მოთვალთვალე, იგივეპაპარაცი“. თუ ადამიანი არის ცნობილი სახე, (მსახიობი, ტელეწამყვანი) ხშირად ჩანს ტელევიზორშ ი ან სხვა მედია საშუალებებში, თუ აქვს მაღალი სოციალური სტატუსი ან თანამდებობა, არსებობს მაღალი რისკი, რომ ის გახდეს თვალთვალის მსხვერპლი. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი ტიპის ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი მათი მსხვერპლად გახდომისა. ცნობილების მიმართ თვალთვალი განსხვავდება ოჯახური ძალადობის საფუძველზე განხორციელებული თვალთვალისგან. მოცემულ შემთხვევაში მოთვალთვალეს აქვს სხვა მიზანი. ეს შეიძლება იყოს პირადი მტრობა, ფულის შოვნის სურვილი, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ფულის შოვნა და .. სტალკინგის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი გახლავთ უელსის პრინცესა დაიანას შემთხვევა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. პრინცესა დაიანა მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მეუღლესთან განშორების შემდეგ მისდამი ინტერესი არ შემცირებულა დაპაპარაცებიგამუდმებით უთვალთვალებდნენ. 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში, პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფაში მოყვა და გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მას სურდა თავის დაღეწევაპაპარაცებისაგან“, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ფოტოების გადაღებას .



მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთი დაყოფები, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ყველა სტალკერს ერთი ან მეტი ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი აქვს. თავისუფლება აღკვეთილი სტალკერების  კვლევამ აჩვენა, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი ინტელექტი, ვიდრე სხვა კრიმინალებს. სოციალურად იზოლირებულებს აქვთ წარუმატებელი პირადი ურთიერთობების გამოცდილება და აკლიათ სოციალური უნარები. (Meloy 1996).



           მანიპულაცია

საკუთარი ნარცისული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სტალკერები აიძულებენ სხვებს , რომ დაეხმარონ მათ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში. სტალკერები მანიპულირებენ საკუთარი მსხვერპლით შემდეგი ხერხებით:

ბრალის გამოყენება: ‘’რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ტელეფონზე ვერ  გეტყვი’’. ‘’შენ ერთადერთი ხარ , ვისაც ნამდვილად ესმის ჩემი, არ შემიძლია სხვასთან ამ თემაზე საუბარი’’. ‘’რატომ მიკეთებ ამას? არ გადარდებ?“.

დაპირებები ‘’ეს ბოლოა’’:  სტალკერი იტყუებს მსხვერპლს მსგავსი სიტყვებით: ‘’აღარასდროს შეგაწუხებ’’.

შანტაჟის გამოყენება: მიუხედავად იმისა, მსხვერპლს გაუკეთებია თუ არა რაიმე შეუფერებელი, სტალკერი იპოვის ან შექმნის რამეს, რისი საშუალებითაც დააშანტაჟბს მას.

უსაფუძვლო ბრალდება:  სტალკერებმა ხშირად იციან რასთან დაკავშირებით უფრო მეტად იქნება  ადამიანი მგრძნობიარე, პოულობენ მსხვერპლის ყველაზე სუსტ წერტილს. ‘’შენ ფიქრობ რომ საუკეთესო ხარ’’. ‘’ არ განაღვლებს არავინ საკუთარი თავის გარდა’’.

სიტყვების დამახინჯება: სტალკერი ცვლის მსხვერპლის სიტყვებს ისე, რომ საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგოს ისინი. ‘’ვიცი, რომ შენც გიყვარვარ და რომ შენი მეგობრები ცდილობენ ჩემს წინააღმდეგ განგაწყონ’’.

საჩუქრების ჩუქება:  სტალკერმა შეიძლება აჩუქოს მსხევრპს ძვირადღირებული საჩუქრები  მისგან პასუხის მიღების ხელშესაწყობად. ათასობით ვარდი, ლექსები, უგულუხვი ჟესტები (მანქანის შესაკეთებელი თანხის გადახდა) ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული  იყოს როგორ ემოციური ‘’ჭურვი’’. ‘’ბოლოდ და ბოლოს, მე ხომ ყველაფერი გავაკეთე შენთვის’’.

სტალკერები არამხოლოდ მსხვერპლის მანიპულირებაში არიან წარმატებულები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსხვერპლთან ასოცირდება, სამიზნეში შეიძლება იქნეს ამოღებული. წინდახედული მშობელიც კი შეიძლება სტალკერის მიერ მანიპულირებული აღმოჩნდეს. მოთვალთვალემ შეიძლება სთხოვოს მას მსხვერპლის მისამართი , უთხრას, რომ ის კლასელების შეხვედრის ორგანიზებისთვის სჭირდება. სტალკერები ოსტატები ხდებიან ტყუილის თქმაში.

გენდერი

როგორც ქალები, ასევე მამაკაცები შეიძლება გახდნენ სტალკერები. მათ შორის უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი. მსხვერპლი კი უფრო მეტად ქალია, ვიდრე მამაკაცი. მაგრამ ორივე გენდერი არის კარგად წარმოდგენილი დანაშაულის ორივე მხარეს. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ქალი სტალკერი ვერ იქნება მოძალადე. სინამდვილეში მოძალადე ქალი ბრალდებულების რაოდენობა იზრდება სხვადასხვა  ტიპის დანაშაულში. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეიძლება იყვენ მოძალადეები რგორც მამაკაცების, ისე სხვა ქალების მიმართ. ქალის მიერ ქალის მიმართ განხორციელებული სტალკინგის გავრცელებული მიზეზი არის ყოფილი პარტნიორის ამჟამინდელი სიყვარულის ობიექტის თვალთვალი. კაცის მტკიცება, რომ მას უთვალთვალებს ქალი, ისევე სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, როგორც შემთხვევა, როდესაც მამაკაცი არის ქალის სტალკერი. ხშირად, მიჩნეულია, რომ კაცს შეუძლია ‘’მიხედოს საკუთარ თავს’’ და მათი შემთხვევები არ არის სათანადოდ გადამისამართებული იქამდე, სანამ ისინი კონტროლს მიღმა არ აღმოჩნდება.  კვლევამ აჩვენა, რომ  ძალადობის დონე სტალკინგის მსხვერპლ ქალებსა და მამაკაცებთან ერთნაირი იყო (Spitzberg, NIcastro, and Cousins 1998).

თვალთვალის მსხვერპლი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22- ნაწილის თანამხად, დაზარალებული არის სახელმწიფო, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა დანაშაულის ჩადენის შედეგად. „მსხვერპლი არის პირი, ვინც დანაშაულისაგან ზიანი, ზარალი განიცადა“ . პირველყოვლისა, საინტერესოა მივიჩნევთ თუ არა თვალთვალს, გადაკიდებას დანაშაულად. მსგავსი მუხლი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში,  თუმცა თვალთვალის ან გადაკიდების პროცესში განხორციელებულ ქმედებას შესაძლებელია მიეცეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით კვალიფიკაცია. საწყის ეტაპზე თვალთვალს კრიმინოლოგიურად, შესაძლოა, ვუწოდოთ უარყოფითი სოციალური მოვლენა, რომლის საფუძველზე ხორციელდება არაერთი კრიმინალური ქმედება. ბუნებრივია, თვალთვალის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მსხვერპლს, ადამიანს, რომლისკენაც მიმართულია ეს უარყოფითი სოციალური ქმედება. თვალთვალის მსხვერპლი ხშირად დაუსვამს შეკითხვას საკუთარ თავს, „რატომ მაინდამაინც მე“?. ვიქტიმოლოგიურ ლიტერატურაში არსებობს მსხვერპლთა ტიპოლოგიები, მაგ: პროვოკაციული მსხვერპლი, სრულიად უდანაშაულო მსხვერპლი, ბიოლოგიურად სუსტი მსხვერპლი, თანამონაწილეობითი მსხვერპლი და .  . აღნიშნული ტიპლოგიების შესაწავლით ვასკვნით, რომ სტალკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი კატეგორიის მსხვერპლი.  

თვალთვალის მსხვერპლის კატეგორიები
 თვალთვალის მსხვერპლის შესასწავლად აუცილებელია მისი კატეგორიზება. პირობითად, შესაძლებელია გამოვყოთ ორი ჯგუფი - თვალთვალის მსხვერპლი მამაკაცები და თვალთვალის მსხვერპლი ქალბატონები. ასევე გამოიყოფა თვალთვალის მსხვერპლი არასრულწლოვანი ბავშვები, თუმცა მათი გაერთიანება სქესის მიხედვით აღნიშნულ 2 კატეგორიაშიც არის დასაშვები. მოთვალთვალე მსხვერპლს ირჩევს გარკვეული ნიშნის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიყოფა შესაბამისი მახასიათებლები. ესენია: ფიზიოლოგიური სისუსტე, რითაც ზოგადად ქალები გამოირჩევიან მამაკაცებისაგან. აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თვალთვალის მსხვერპლიდან 70% ქალბატონია და 30 %მამაკაცი . აღნიშნული კვლევის შედეგები აშშ- სხვდასხვა შტატში განსხვავებული იყო. უმრავლეს შემთხვევაში, თვალთვალის მსხვერპლთა უმრავლესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა, არც თუ იშვიათად, თვალთვალის, გადაკიდების მსხვერპლი მამკაცები არიან.
 თვალთვალის  მსხვერპლი მამაკაცები  
თვალთვალის და გადაკიდების მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს, როგორც ქალბატონი ასევე მამაკაცი. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად გადაკიდების მსხვერპლ მამაკაცთა 64 % მათი ახლო ნაცნობებისგან თვალთვალის ობიექტი იყო, 4 %  გამხდარა მსხვერპლი სექსუალური ნიშნით. განსხვავებით ქალებისაგან, მამაკაცების მოთვალთვალე ხშირ შემთხვევაში იყო ისევ მამაკაცი.
თვალთვალის მსხვერპლი ქალები
თვალთვალის მსხვერპლის უმრავლესობა სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან. არსებობსმონაცემები, რომ აშშ-ში ყოველი 20 ქალბატონიდან 1 მაინც გამხდარა თავისი სიცოცხლის განმავლობაში გადაკიდების ან თვალთვალის მსხვერპლი. გერმანელებმა პიროვნების ვიქტიმირება დაჰყვეს სამ ეტაპად: ადამიანის პირველადი, მეორადი და მესამედი ვიქტიმირება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენელი, გახდება მსხვერპლი გადაკიდების, თვალთვალის, მას შესაძლოა, ჩამოუ ყალიბდეს რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შიში, მოჩვენებები და .. ქალების შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი, რომ ის გახდეს როგორც მეორადი, ისე მესამედი ვიქტიმირების მსხვერპლი.
თვალთვალის მსხვერპლის დემოგრაფიული მონაცემები
მსხვერპლის არჩევისას მოთვალთვალეს გააჩნია მიზანი, მოტივაცია, რის გამოც ახორციელებს თვალთვალს. იმისათვის, რომ მოთვალთვალემ განახორციელოს საკუთარი მიზანი მას ესაჭიროება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ადამიანის პერსონალური ინფორმაცია არის მოთვალთვალის .საგანძური“  . აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება მოძალადეს იყოს უფრო ახლოს მსხვერპლთან და მოახდინოს მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა. პერსონალური ინფორმაციაში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ სახელს და გვარს, საცხოვრებელი სახლის მისამართს, ტელეფონის ნომერს, სამუშაო ადგილს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი: მოძალადისათვის მნიშვნელოვანია მსხვერპლის სახელი და გვარი, რისი მეშვეობითაც ის მოიპოვებს სხვა ახალ ინფორმაციას მასზე. საცხოვრებელი სახლი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ადამიანი ატარებს ყველაზე მეტ დროს. როგორც წესი, ყველაზე უსაფრთხოდ ადამიანი თავს გრძნობს სახლში, თუმცა, თვალთვალის შემთხვევაში, შესაძლებელია, ეს სახლი საშიშ ადგილად გადაიქცეს. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელები არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა მოძალადისთვის განახორციელოს ფსიქოლოგიური ძალადობა და დამატებით შეიტყოს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. სამუშაო ადგილი მოძალადეს აწვდის ინფორმაცია თქვენ შესახებ. მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თვალთვალის განხორციელება მსხვერპლის  სამსახურზე. სად მუშაობს, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში მუშაობს. ბუნებრივია, ადამიანებს, რომლებსაც უწევთ ღამით მუშაობა ან ღამის საათებში სახლში დაბრუნება, არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ თვალთვალის და გადაკიდების მსხვერპლად გახდომის .


სტალკინგის ფიზიკური შედეგები

როდესაც ადამიანი გაოცებული ან შეშინებულია, მან შეიძლება აუჩქარდეს გულისცემა, გაუოფლიანდეს ხელები და გაიზარდოს მისი სხეულის ტემპერატურა.  ეს არის სდაუყოვნებელი ცვლილებები სხეულის ბიოქიმიურ ბალანსში. როდესაც ადამიანი არის მუდმივად საფრთხის მოლოდინის შიშში, ეს ქიმიური ცვლილებები ხდება პრობლემური. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მუდმივ სტრესს ან ტრამვას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემები, გამოფიტვა,  ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია. რაც უფრო დიდხანს გრძელდება სტალკინგი, მით უფრო სერიოზულია მისი ფიზიკური შედეგები. რთული ხდება კონცენტრირება სკოლაზე ან სამსახურზე,  ძნელდება მარტივი დავალებების დამახსოვრება და საკმარისი ენერგიის ქონა ოჯახის, რომანტიკული თუ მეგობრული ურთიერთობებისთვის. როდესაც მსხვერპლი ცდილობს სიტუაცია მოუყვეს პოლიციას ან პროფესიონალ დამხმარეებს, მისი მონაყოლი დანაწევრებული და აბნეულია. ამის შედეგად, მსხვერპლი გაკრიტიკებულია და აღქმულია უფრო საეჭვოდ, ვიდრე მისი სტალკერი.

ფსიქოლოგიური გავლენა

სტალკინგის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინტენსიური და ხანგრძლივია. ადამიანის განცდაზე, რომ ის უსაფრთხოდაა, განმეორებადმა თავდასხმებმა შეიძლება ნებისმიერი ინდივიდი გაანადგუროს. სტალკინგის გამოცდილება ცვლის მსხვერპლის აზროვნების , გრძნობის და ქცევის სტილს საკუთარი თავის და სხვების მიმართ.ალბათ  ყველაზე შსამჩნევი სტალკინგის პოტენციური გავლენებიდან არის თვითდადანაშაულება.ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ხვდებოდა სტალკერს.
მსხვერპლი განიცდის შიშს, მუდმივად ათვალიერებს გარემოს, ვეღარ ენდობა ადამიანებს, უჩნდება განცდა, რომ დაკარგა კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე.


თვალთვალის ხანგრძლივობა
თვალთვალის კრიმინოლოგიური დახასიათებისას მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა. თვალთვალსქრონიკულ ძალადობასაცუწოდებენ . შესაძლოა თვალთვალი გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საშუალოდ თვალთვალი გრძელდება რამდენიმე თვეს, თუმცა რიგ შემთხვევებში, გრძელდება რამდენიმე კვირაც. აშშ-ში იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ქალბატონი გახდა თვალთვალის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხიდან 31 წლის განმავლობაში . კრიმინოლოგები ხშირად აწარმოებენ თვალთვალის მსხვერპლთა გამოკითხავს. რესპოდენტებს ეკითხებიან, რომ, მათი აზრით, რატომ გახდნენ დანაშაულის მსხვერპლნი. ისინი ხშირად პასუხობენ, რომ მათ ვერ აიტანეს ურთიერთობის გაწყვეტა, ვერ აიტანეს ის, რომ ჰყავდათ სხვა მეგობარი. თვალთვალის მსხვერპლნი ხშირად ამბობენ, რომ მათ იცოდნენ თვალთვალის შესახებ თუმცა არ ამხელდნენ სხვდასხვა მიზეზის გამო.
თვალთვალი საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი, რითაც მოხდება დასჯა ადევნების და უკანონო თვალთვალის, თუ აღნიშნულ ქმედებებს არ მოჰყვა რაიმე შედეგი.ამართალდამცველებთან მიმართვის შემთხვევაში, პოლიციას არ აქვს ბერკეტები მოახდინოს რეაგირება თვალთვალის და გადაკიდების შემთხვევებზე. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია პოლიციას არის, ის რომ მოძალადის ვინაობის ცოდნის შემთხვევაში დაიბარონ და გაესაუბრონ, ჩამოართვან ხელწერილი.
თვალთვალი საზღვარგარეთის ქვეყნების სიხლის სამართლის კოდექსში
გადაკიდება, თვალთვალი, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია და შემაწუხებელ ზარებს, შეტყობინებებს ან პირის ქონების დაზიანებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. „სტალკინგი“ - თვალთვალი კრიმინალიზებულია საზღვარგარეთის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ჰოლანდია და .. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სტალკინგის მსხვერპლები, ძირითადად, ქალები არიან და შევიწროებას, უმეტეს წილად, ქმედითი ან ყოფილი პარტნიორების მხრიდან განიცდიან. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლის თანახმად, უკანონო თვალთვალი (Nachstellung) ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნულ მუხლს აქვს მაკვალიფიცირებელი შემადგენლობაც და მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისიწინებს. ჰოლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 285b მუხლის თანახმად, „სტალკინგინიშნავს უკანონო და სისტემატიურ თვალთვალს, რომელიც ადამიანში იწვევს შიშს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სტალკინგი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. აშშ-ში სტალკინგი რამდენიმე ათეული წელია კრიმინალიზებულია. სტალკინკი სხვადასხა შტატში სხვდასხვაგვარად ისჯება და განიმარტება. მაგ: ტეხასის შტატში სტალკინგი შესაძლებელია განხორციელდეს ერთ-ერთი ფორმით, მსხვერპლის ან მისი ოჯახის წევრზე ადევნებით, მსხვერპლის საკუთრების განადგურებით, მსხვერპლის საცხოვრებელი სახლის ან პირადი ნივთების დაზიანებით, განადგურებით, ელექტრონული საფოსტო გზავნილებით და ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების განხორციელებით. ტეხასის შტატში თვალთვალი და გადაკიდება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 42.072 მუხლით. აშშ-ში 50 შტატში სტალკინგი კრიმინალიზებულია და საკმაოდ მკაცრად ისჯება. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ განიზასღვრა ის ქმედებები, რაც ახასიათებს  სტალკინგს, ესენია:
  • არასასურველი ზარები, არასასურველი წერილები და ელექტრონული შეტყობინებები;
  • მსხვერპლისათვის დალოდება ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე  მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება;
  • მსხვერპლის თვალთვალი ან ადევნება;
  • ყვავილების, საჩუქრების გაგზავნა;

გამოყენებული ლიტერატურა
 Spence-Diehl , Stalking: A Handbook for Victims: Emily

Adler, F,. Mueller, G. O.W,. Laufer, W.S,. Criminology, 7th Edition; 2004;
Barkan, S. E,. Criminology, A Sociological Understanding, University of Maine. 2009;
Bull. R, and others,. Criminal Psychology; 2009
Meloy J. Reid,. The psychology of stalking,. 1998;
Mullen P. E; Pathe M; Purcell R; Stalkers and their victims,. 2000;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

ავტორი: მაგდა ბერიშვილი

No comments:

Post a Comment