Sunday, November 20, 2016

ნარკოდამოკიდებულება და კრიმინალური ქცევა

     წამლის ბოროტად გამოყენება და კრიმინალური ქცევა, როგორც წესი ერთმანეთთან კავშირშია. თუმცა ყველა ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას ან ალკოჰოლს არ ხდება მასზე დამოკიდებული და ყველა არ ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა კრიმინალი, ავადმყოფობა, ნაადრევი სიკვდილლიანობა და პროდუქტიულობის დაკარგვა ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ალკოჰოლოსა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენებით.




დამოკიდებულება

     ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია წამალდამოკიდებულებას განმარტავს, როგორც კომპლექსურ მდგომარეობას, ეს არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელიც მანიფესტირდება პიროვნებისათვის უარყოფოთი შედეგებით. ადამიანები, რომლებიც ხასიათდებიან დამოკიდებულების მაღალი ხარისხით (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული აშლილობა) აქვთ მიდრეკილება მოიხმარონ ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები ( APA, 2015).
     ადამიანებს ნივთიერების მოხმარების აშლილობით (ნარკოდამოკიდებულება) უუარესდებათ აზროვნება, ქცევა და სხვა ფუნქციონირების სფეროები. ტვინში არსებული ცვლილებები, არის მიზეზი მათი ძლიერი სურვილისა, მიიღონ ნარკოტიკი და რაც შემდგომში ართულებს შეწყვიტონ მისი მოხმარება. ტვინის მაგნიტორეზონანსულმა შესწავლამ დაადასტურა, რომ მისი ის უბნები განიცდიან ცვლილებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კრიტიკულ აზროვნებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, დასწავლაზე, დამახსოვრებასა და ქცევით რეგულაციაზე (Ranna Parekh, M.D., M.P.H., 2015).

დამოკიდებულება ვლინდება ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა:

ο  ალკოჰოლი
  ο  მარიხუანა
  ο  PCD, LSD და სხვა ჰალუცინოგენები
  ο  ინჰალატორები, როგორიცაა გამხსნელი და წებო
  ο  ოპოიდები (ტკივილის შემამსუბუქებლები), როგორიცაა კოდეინი, მორფინი და ჰეროინი
  ο  კოკაინი, მეტამფეტამინი და სხვა  სტიმულანტები
  ο  ტრანკვილიზატორები
  ο  თამბაქო

     ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები უარყოფით გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე. ეს ცვლილებები შესაძლოა გამოვლინდეს კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებში, რასაც უწოდებენ - ინტოქსიკაციას. ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოვლინდეს სიამოვნებაში, შეგძნებების ზღურბლის გაზრდაში, ეიფორიაში და ა.შ. სიმპტომები დამოკიდებულია თვითონ ნივთიერებაზე. წამლის მომხმარებლები დროთა განმავლობაში ავლენენ ამ ნივთიერებისადმი ტოლერანტობას, რაც მისაღები დოზის გაზრდაში გამოიხატება.
     წამალმოხმარების ნაციონალური ინსტიტუტი აქვეყნებს იმ მიზეზებს, რისთვისაც ადამიანები მოიხმარენ  ნარკოტიკულ საშუალებებს:
    ο   გრძნობდე თავს კარგად = გრძნობდე სიამოვნებას 
    ο  გრძნობდე თავს უკთესად= მაგ., სტრესის მოხსნა
    ο  აკეთო უკეთესად = გაიმჯობესო შესრულების, მოქმედების ხარისხი

     ადამიანები დამოკიდებულების აშლილობით შესაძლოა აცნობიერებდნენ თავიანთ პრობლემებს, თუმცა მათ არ შეუძლიათ შეწყვიტონ მოხმარება მიუხედავათ სურვილისა. დამოკიდებულება შესაძლოა საფუძვლად ედებოდეს ჯანმთელობის პრობლემებს, ასევე პრობლემებს სამსახურში, ოჯახთან და მეგობრებთან. ალკოჰოლის დ წამლის ბოროტად გამოყენება პროვოცირებას იწვევს სხვადასხვა დაავადების და ნაადრევი სიკვდილიანობის.

ნივთიერების მოხმარების აშლილობის სიმპტომები ერთიანდება შემდეგ ოთხ კატეგორიაში:

დარღვეული კონტროლი - ძლიერი სურვილი ნივთიერების მოხმარების და დარღვეული კონტროლი საკუთარი თავის მიმართ.
სოციალური პრობლემები - ნივთიერების მოხმარების შედეგად მნიშვნელოვნად უარესდება ფუნქციონირება სამსახურში, სკოლაში ან სახლში.
სარისკო ქმედებები
წამლის ეფექტები - ტოლერანტობა ( წამლის გაზრდის სურვილი); აბსტინენცია. 


კავშირი ნარკოდამოკიდებულებასა და კრიმინალს შორის


     როგორც ვხედავთ ნარკოდამოკიდებულება და წამლის ბოროტად გამოყენება ადამინს ფუნქციონირების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დამოკიდებულების მქონე ადამიანის ქცევა შეიცვლება და ხშირ შემთხვევაში, ის კანონსაწინააღმდეგო ქმედების სახეს მიიღებს.
     გოლდშტეინმა (1985) შემოგვთავაზა სამი გზა, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების მოხმარება საფუძვლად ედება კრიმინალურ ქცევას. პირველი, ფარმაკოლოგიური მოდელი, გულისხმობს, რომ ინტოქსიკაციის სიმპტომპტომები ( გაღარიბებული თვითკირტიკულობა, კოგნიტურ-პეცეპტული დეფორმაცია, შეკავების დაქვეითება) და დამატებითი სიმპტომები ( აღკვეთა,  ფსიქოლოგიური აშლილობების განვითარების დიდი რისკი,ძილის პრობლემები) მიზეზი ხდება კრიმინალური ქცევის. მეორე, ეკონომიკური მოტივაციის მოდელის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლები ხშირად შემოსავლის მიღების მიზნით ახორციელებენ ისეთ კრიმინალურ ქმდებებს, როგორიცაა ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მესამე, სისტემური მოდელის მიხედვით, ნარკოტიკების გავრცელებისა და მისი მოხმარების სისტემა ხასიათდება კრიმინალური აქტივობებით, როგორიცაა შეიარაღებული თავდასხმა „გარჩევები“, დილერების გაძარცვა და ა.შ.). კვლევებით, რომელიც ნარკოტიკებისა და კრიმინალის შესახებ ლიტერატურაშია მოცემული, აღნიშნული მოდელები ემპირიულად იქნა  დამოწმებული (MacCoun, Kilmer, & Reuter, 2003; White & Gorman, 2000).
      მეორეს მხრივ, მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ  რომ დევიანტ ადამიანებს უფრო მეტი შანსი აქვთ, ვირდე არადევიანტებს, აღმოჩნდნენ ისეთ სოციალურ გარემოში სადაც ნარკოტიკებს მოიხმარენ(Collins & Messerschmidt, 1993; White, 1990). დევიანტი ადამიანები შესაძლოა იყენებდნენ ნარკოტიკებს, საკუთარი დევიაციური ქცევების განსახორციელებლად და თვითდაჯერებულობის ასამაღლებლად  (Collins, 1993; Khantzian, 1985). ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად  ნარკოტიკებსა და კრიმინალს შორის არ არსებობს კაუზალური კავშირი, თუმცაღა ისინი ბევრი მიზეზით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები . ეს მიზეზები შესაძლოა ეყრდნობოდეს გენეტიკურ და ტემპერამენტის მახასიათებლებს, ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას, მშობლების ალკოჰოლიზმს და მშობლების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას (White, Brick, & Hansell, 1993). სუბკულტურის წესები, რომელიც აპირობებს ე.წ. „ქუჩის“ ქცევებს, შესაძლოა განსაზღვრავდეს ორივეს, კრიმინალურ ქცევასა და ნარკოტიკების მოხმარებას (Gorman & White, 1995).

     კვლევებით დასტურდება ნარკოტიკებსა და კრიმინალს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კალიფორნიისა და ლოს ანჯელესის ინსტიტუტის , წამალმოხმარების ცენტრის (1998) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ისეთი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებში, როგორიცაა კოკაინი, კრეკი, ამფეტამინი და მარიხუანა მაღალია კრიმინალის მაჩნებელი. 
     მსგავსი ტიპის კვლევაში (1998) დასტურდება, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ინდივიდებში კრიმინალური ქცევა 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ , როდესაც ისინი არ ავლენდნენ დამოკიდებულებას. ჰარისონი (1992) გამოთქვამდა ვარაუდს, რომ კრიმინალური ქცევა უფრო მაღალია ნარკოტიკული საშუალებების მიღების პროცესში. კვლევები ადასტურებს კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს, წამლის მოხმარების (ინტოქსიკაციის) პერიოდში (Caulkins, Rydell, Schwabe, & Chiesa, 1997; Chaiken & Chaiken, 1990).
     კვლევებმა ასევე დაადასტურა ალკოჰოლსა და კრიმინალურ ქცევას შორის კავშირი, რომელსაც საფუძვლად უდევს ეკონომიკური მოტივაციის მოდელი.  გარკვეული სახის ნარკოტიკები ( მაგ., ამფეტამინი)  უფრო მეტად ზრდის ძალადობრივ ქმედებებს, მისი ფარმაკოლოგიური ეფექტიდან გამომდინარე (Gelles, 1994).

     როგორც ვხდედავთ კავშირი ნარკოტიკებსა და კრიმინალს შორის კომპლექსურია, ერთის მხრივ წამალმოხმარება ზრდის კრიმინალურ ქცევას და მეორეს მხრივ ისინი ვინც მოიხმარენ ნარკოტიკებს აქვთ პრედისპოზიცია განახორციელონ მსგავსი ტიპის ქცევა. არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებლები მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევისაკენ. არსებული კვლევების  და დაგროვილი მონაცემების დაფუძველზე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ წამალდამოკიდებულებასა და კრიმინალურ ქცევას შორის არსებობს მაღალი კორელაცია.


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ციხეში მყოფი პოპულაციის უმეტესობა სწორედ ნარკოტიკების მომხმარებლები არიან : 


  • დამნაშავეთა 80%  ნარკოტიკებისა ან ალკოჰოლის მომხმარებელია.
  • პატიმართა დაახლოებით 50% ავლენს კლინიკურ დამოკიდებულებას.
  • დაახლოებით 60% არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება გავრცელებისთვის იხდის სასჯელს.
      მილიონობით ადამიანი დაპატიმრებულია ინტოქსიკაციის პროცესში მანქანის ტარების გამო , რაც  აშშ_ში ერთ-ერთ ყველაზე ხშირ კრიმინალურ ქცევად ითვლება. ავტოავარიების შემთხვევათა 40%_ში, მძღოლი როგორც წესი ალკოჰოლის ან  ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
     კრიმინალის რიცხვი ასევე მაღალია, იმ მოზარდებში, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიიკულ საშუალებებს. სტატისტიკური მონაცემებით ყოველი ხუთი დაკავებული მოზარდიდან, ოთხი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია. 2.4 მილიონი მოზარდიდან, რომლებიც კრიმინალური ქცევის გამო აღმოჩნდნენ ციხეში, მათი 80% ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებელია.



  • ყოველ წელს 600,000 მეტი კოლეჯის სტუდენტი 18 დან 24 წლამდე ხდება ძალადობის მსხვერპლი, იმ სტუდენტების მხრიდან, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს.
  • კოლეჯში მომხდარი კრიმინალურ შემთხვევათა 95%_ში თავდამსხმელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.



გამოყენებული ლიტერატურა :


  1. Substance Use, Drug Treatment, and Crime: An Examination of Intra-Individual Variation in a Drug Court Population Denise C. Gottfredson, Brook W. Kearley, Shawn D. Bushway , 2008;
  2. The Relationship Between Substance Abuse and Crime, 2010;
  3. ოქსფორდის კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელო;
  4. https://www.ncadd.org/about-addiction/alcohol-drugs-and-crime;
  5. https://www.psychiatry.org
ავტორი:ნანა პეტრიაშვილი

No comments:

Post a Comment