Sunday, November 20, 2016

არასრულწლოვანთა დევიაცია

      დევიანტური ქცევა - ესაა ნებისმიერი ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში არსებულ დომინანტურ ნორმებს. არსებობს მრავალი თეორია, იქნება ეს სოციოლოგიური, ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური, რომლებიც ცდილობს ახსნას მიზეზები იმისა, რატომ ახორციელებენ ადამაინები დევიანტურ ქცევას.
      აქვე, მიზანშეწონილია, განვმარტოთ დელიკვენტური ქცევა. ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმედებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დელიკვენტურობის სოციოლოგიური ანალიზი ფოკუსირდება კრიმინალური დელიკვენტურობის ხარისხზე, რომელიც უკავშირდება მამრობითი სქესის მოზარდებს 12-დან 20 წლამდე და მოიცავს მაღალი რანგის სისხლის სამართლის დანაშაულებს. 


      სოციოლოგიაში დევიაცია განმარტება, როგორც ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ ნორმებს, იგი მოიცავს როგორც ფორმალურად დადგენილ  (მაგ. კრიმინალი), ასევე არაფორმალურ წესებს (ტრადიცია, ადათი და ა.შ.). ნორმები - ესაა წესები და მოლოდინები, რომლითაც საზოგადოების წევრები კონვენციურად იმართებიან. დევიაცია კი არის კონფორმულობის არქონა ამ ნორმებისადმი. სოციალური ნორმები განსხვავდება კულტურების მიხედვით. მაგალითად, დევიანტური ქცევა შეიძლება არღვევდეს რომელიმე კულტურის ნორმებს, მაგრამ ნორმალური და მისაღები იყოს სხვა კულტურისათვის. რადგან სოციოლოგებმა დევიაცია განიხილეს, როგორც სოციალური ნორმებიდან გადახრა, იგი დახასიათებულ იქნა, როგორც ნებისმიერი აზრი, გრძნობა ან ქცევა, რომელსაც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრები აფასებენ, როგორც მავნებელს თავინათი ღირებულებებისთვის, წესებისთვის, ჯგუფური ქცევისთვის და რაც აზიანებს ჯგუფის წევრების მიერ ადეკვატურად განსაზღვრულ და გაზიარებულ ქმედებას.
      რაც შეეხება დევიაციის ფსიქოლოგიურ ახსნას, არსებობს რამდენიმე ფუნდამეტური დაშვება, რომლებიც საერთოა დევიაციის ამხსნელი ყველა ფსიქოლოგიური თეორიისთვის. პირველი, ადამიანი არის ინდივიდუალური, ცალკეული ერთეული ანალიზისთვის დევიაციის ფსიქოლოგიურ თეორიებში, რომელიც მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი განხორციელებულ დედევიანტურ ქცევაზე. მეორე, ინიდივიდის პიროვნული მახასიათებლები არის მთავარი მამოტივირებელი ელემენტი, რომელიც წარმოქმნის ინდივიდუალურ ქცევას. მესამე, კრიმინალები და დევიანტები, მიჩნეულია, რომ  იტანჯებიან პიროვნული დეფიციტით. ამგვარად, კრიმინალი - ეს არის არანორმალური, დისფუნქციური ან შეუსაბამო მენტალური პროცესების შედეგი, რომელიც მიმდინარეობს პიროვნების შიგნით.  დეფექტური და პათოლოგიური მენტალური პროცესები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით: არასწორი დასწავლა, მცდარი განპირობება, შეუსაბამო როლური მოდელი და ა.შ.



დევიაციის გამომწვევი მიზეზები

      ფსიქოანალიტიკური თეორია, რომლის ფუძემდებელიც არის ზიგმუნდ ფროიდი, ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებს თანდაყოლილად აქვთ დრაივები და მისწრაფებები, რომლებიც რეპრესირებულია არაცნობიერში. დამატებით, ყოველ ადამიანს აქვს კრიმინალური ტენდენციები, თუმცა სოციალიზაციის პროცესში ამ ტენდენციების შეკავება ხდება. ბავშვს, რომლის სოციალიზაციაც არასწორად და არაჯანსაღად მიმდინარეობს, შეიძლება განუვითარდეს პათოლოგიური პიროვნულობა, რომელიც მიმართავს მის ანტისოციალურ იმპულსებს შიგნით ან გარეთ. როდესაც ამ იმპულსების მიმართვა ხდება შიგნით ვიღებთ ნევროტულ ადამიანს, ხოლო გარეთ მიმართვის შემთხვევაში - კრიმინალს.

      კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, კრიმინალური და დევიანტური ქცევა  შედეგია იმისა, როგორ ორგანიზებას უკეთებენ ინდივიდები თავინთ აზრებს მორალსა და კანონთან მიმართებით. ლოურენს კოლბერგის თეორია ეხება იმას თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. მან შემოგვთავაზა სამსაფეხურიანი მოდელი. პირველ, პრეკონვენციურ სტადიაზე ბავშვი მიმართულია მორჩილებასა და სასჯელის არიდებაზე. მეორე, კონვენციურ სტადიაზე ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება, წესების დაცვა, ავტორიტეტების პატივისცემა. მესამე - ეს არის პოსტკონვეციური სტადია, როდესაც ორიენტაცია ხდება სოციალურ კონტრაქტზე და უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს. ადამიანები, რომლებიც არ პროგრესირებენ ხსენებული საფეხურების შესაბამისად, ხდებიან შეფერხებულები მორალურ განვითარებაში და შედეგად ვიღებთ დევიანტებსა და კრიმინალებს.
      დასწავლის თეორია დამყარებულია ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის პრინციპებზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის ქცევა დაისწავლება და ნარჩუნდება მისი შედეგებიდან (დასჯა-წახალისება) გამომდინარე. ინდივიდები დაისწავლიან დევიანტურ და/ან კრიმინალურ ქცევას სხვათა ქცევაზე და იმაზე დაკვირვებით, რა შედეგი მოჰყვება მათ ქცევას.  მაგალითად, ინდივიდი, რომელიც ხედავს რომ ქურდობა დაუსჯელი რჩება, სავარაუდოა, რომ მანაც განახორციელოს იგივე.
      ქცევითი აშლილობა - ეს არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომლის დიაგნოსტირება ხდება ბავშვობაში და რომლის დროსაც გამოიხატება განმეორებითი და პერსისტენტული ქცევითი პატერნები, რომლებიც არღვევენ სხვათა ძირითად უფლებებსა და ადეკვატურ ნორმებს. ბავშვთა ეს დარღვევა ძალიან ხშირად არის ანტისოციალური პიროვნული აშლილობის წინამორბედი. DSM IV-ის მიხედვით, ქცევითი აშლილობა წარმოდგენილია, როგორც აგრესიული და უდიერი ქცევა. აშლილობის საწყის ეტაპზე შეიმჩნევა შეყოვნებული რეაქცია ტვინის იმ რეგიონებში, რომლებიც პასუხს აგებენ ანტისოციალურ ქცევაზე. ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი აღენიშნებოდათ ნაკლები მგრძნობელობა ტვინის ორბიტოფრონტალურ რეგიონებში. ეს ფსიქოლოგიური სიმპტომები გვეხმარება ავხსნათ კავშირი ფსიქოლოგიასა და კრიმინალურ ქცევას შორის.
      უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც ეძღვნება არასრულწლოვანთა დელიკვენტობის ჩამოყალიბებას, წარმოშვა თეორიების მრავალფეროვნება მის ჩასახვასა და განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა დელიკვენტობის რისკ ფაქტორები შედარებით კარგად არის ცნობილი არ არსებობს საკმარისი თეორიული თანხმობა მის წარმოშობაზე. არ არის გამოკვეთილი დელიკვენტობის გამომწვევი ცალსახა მიზეზი, იგი არის შედეგი რისკ ფაქტორების კომბინაციისა (მაგ. პერინატალური პრობლემები, ტემპერამენტი, ჰიპერაქტიურობა, არახელსაყრელი ოჯახური გარემო,  ჯგუფის მხრიდან უარყოფა), რომელიც ინტერაქციაშია დამცავ ფაქტორებთან (პოზიტიური ოჯახური გარემო, მშობლების მხრიდან კონტროლი).
      დელიკვენტობის ამხსნელი ბევრი სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური თეორია ამახვილებს ყურადღებას ისეთი ცვლადების გავლენაზე, როგორიცაა სოციალური კლასი და ოჯახის შემადგენლობა. კრიმინალურობის მემკვიდრეობითობის შეახებ მოსაზრებებს მივყავართ მოლოდინამდე, რომ სოციოეკონომიკურ სტატუსსა და დამნაშავეობას შორის არის მჭიდრო კავშირი. ინდივიდები დაბალი ინტელექტითა და ანტისოციალური პიროვნული ნიშნებით, როგორციაა აგრესიულობა, დაუდევრობა, არაკეთილსინდისიერება, გაუფრთხილებლობა, მოსალოდნელია, რომ იყვნენ უფრო დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონენი. რამდენადაც ეს მახასიათებლები განიცდიან გენეტიკურ გავლენას, იმდენად არის შანსი იმისა, რომ გენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხსენებულ პიროვნულ ნიშნებზე, ასევე დაკავშირებულია იქნება სოციოეკონომიურ სტატუსთან. ანტისოციალური ინდივიდების შვილები, ლოგიკურად, მიეკუთხვენიან დაბალ სოციალურ ფენას, გარდა იმ შემთხვევისა თუკი გააშვილეს. გარდა ამისა, ანტისოციალური პიროვნული მახასიათებლების მქონენი არიან ცუდი მშობლები, იმყოფებიან არასტაბილური ქორწინების რისკის ქვეშ და, ძირითადად, ჰყავთ სხვა შვილები ქორწინების გარეთ. აქედან გამომდინარე, მათი შვილები უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან განახორციელონ დელიკვენტური ქცევა. ასევე, აღასანიშნავია, რომ სხვა რისკ ფაქტორებთან ერთად ოჯახური კონტექსტი გაშუალებულად  ხსნის მოზარდთა დელიკვენტობას იმ ხარისხით რა ხარისხითაც აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს.  ამ მოსაზრების თანახმად, მშობლების არაეფექტური პრაქტიკა აქეზებს ბავშვებში ანტისოციალური ქცევებისა და ატიტუდების ჩამოყალიბებას, რომელთა ტრანსფერიც ხდება შემდეგ სხვა სიტუაციაში, მაგალითად, სკოლაში, სადაც შედეგად ხელი ეშლება სწავლას, აკადემიურ მოსწრებას, პოზიტიური ურთიერთობების განვითარებას თანატოლებთან. ოჯახში არსებული ინტერაქციული პატერნები ასევე გადაიტანება და გენერალიზდება თანატოლებტან ურთიერთობისას. ანტისოციალური ჯგუფები აქტიურად აქეზებენ და უჭერენ მხარს მსგავსი ქცევის განხორციელებას. ეს მოდელი ამტკიცებს, რომ მექანიზმი და პროცესები, რის შედეგადაც ბავშვობაში ფორმირდება ანტისოციალური ქცევა, გადაიქცევა ზრდასრულთა ქცევის დელიკვენტურ ფორმებად. პეტერსონი და კოლეგები ამტკიცებენ, რომ ოჯახური კონტექსტი და მის წევრებს შორის ინტერაქცია პირდაპირ და არაპირდაპირ ახდენს გავლენას ანტისოციალური ქცევის განვითარებაზე. ოჯახის მახასიათებლაბი და რისკ ფაქტორები შეიძლება გაერთიანდეს ოთხ ჯგუფად: ოჯახის მახასიათებლები (მაგ. სოციოეკონომიკური სტატუსი), მშობლების მახასიათებლები (მაგ. ანტისოციალური პიროვნული ნიშნები), აღზრდის ტექნიკა (მაგ. კონტროლის ნაკლებობა, არასტაბილური დისციპლინა), მშობლისა და შვილის ურთიერთობა (მაგ. უარყოფა მშობლის მხრიდან). პატერსონი და კოლეგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორები ადიფერენცირებს ადრე დამწყებებს (ისინი, ვინც დააკავეს 15 წლამდე)  მათგან, ვინც დააკავეს უფრო გვიან. მიუხედავად იმისა, რომ გვიან დამწყებებს აქვთ რამდენადმე მაღალი ქულები ჩამოთვლილ განზომილებებში არადელიკვენტებთან შედარებით, ეს მაჩვენებლები მაინც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ადრე დამწყებებისა.

ჯგუფის გავლენა
      ამ ეტაპისთვის ძირითადი მოდელი ჯგუფის წვლილის გასაგებად დელიკვენტობის ჩამოყალიბებაში არის ჯგუფის გავლენის მოდელი. ეს მოდელი გვეუბნება, რომ არაეფექტური აღზრდა წინაპირობაა დევიანტი მეგობრების გაჩენისა, რომელსაც, თავისთავად, მივყავართ დელიკვენტობამდე. ამ პერსპექტივის თანახმად, ბავშვები ავითარებენ მეგობრობასა და კავშირებს, რომლებიც მარს უჭერს ანტისოციალურ ქცევას. ჯგუფის მხრიდან გავლენა იწყება ადრე. სკოლამდელ ასაკში ადრეული უარყოფა ჯგუფის მხრდიდან ემსახურება აგრესორი ბავშვის იზოლაციას და, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს აგრესიის წახალისებაში. უარყოფა, შესაძლოა, იყოს იმ ფაქტის ფუნქცია, რომ აგრესიული ბავშვები ავლენენ მნიშვნელოვნად მეტ შეუფერებელ ქცევას და ისინი მეტად აზიანებენ, ემუქრებიან, ურტყამენ სხვებს თანატოლებთან შედარებით. ასეთი ბავშვებისგან ნაკლებად არის მოსალოდნელი დიალოგსა თუ ჯგუფურ აქტივობაში ჩართვა. მოკლედ რომ ვთქვათ, აგრესიულ ბავშვბეს აქვთ დეფიციტური პროსოციალური უნარები და აგრესიული და ანტისოციალური ქცევების ფართო ასორტიმენტი.
      როდესაც აგრესიული ბავშვები უარყოფილნი არიან თანატოლების მიერ, მათი გარიყულობა და სტატუსი არის შედარებით სტაბილური და რეზისტენტული ცვლილებისადმი. მაგალითად, როდესაც აგრესიული ბავშვი განიცის უარყოფას ჯგუფისაგან, ის ამწვავებს საკუთარ აგრესიულ ქცევას და საფუძველს უმზადებს შემდგომ უარყოფას და მომატებულ მარგინალიზებას მეინსტრიმული ჯგუფის მხრიდან. მარგინალიზაცია, ასევე, დაკავშირებულია მსგავსად აგრესიულ ჯგუფთან, რომლებიც აგრესიულ ქცევას დადებითად განამტკიცებენ და მის მოდელირებას ახდენენ. განმეორებადი და რეციპროკული იძულებითი აგრესიული ინტერაქცია ჯგუფის შიგნით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აგრესიული ქცევის განვითარებას და მსგავსია ოჯახში მიმდინარე  უარყოფის პროცესებისა. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ უარყოფა მეინსტრიმული ჯგუფის მხრიდან აიძულებს აგრესიულ ბავშვებს მიიზიდონ ერთმანეთი გამომდინარე ქცევითი მსგავსებიდან და შემდეგ შექმნან ე.წ. ანტისოციალური ხროვა. მას შემდეგ რაც მოზარდები შეუერთდებიან მსგავს ხროვას, მათი ქცევით პრობლემები უფრო მრავალფეროვანი ხდება და განიცდის ესკალაციას.

ჰორმონები
      აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონი დადებითად კორელირებს ანტისოციალურ ქცევასთან, აგრესიულობასთან, დომინანტურობასთან და იმპულსურობასთან. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტოსტერონი მაღალ კორელაციაშია ანტისოციალურ ქცევასთან დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე მამაკაცებში ვიდრე მაღალი სტატუსის მქონეებში. რაც შეეხება სხვა ჰორმონებს, კორტიზოლი დადებითად არის დაკავშირებული ავტომატურ სექსუალურ აღგზნებასთან, შფოთვასთან, ქცევით შეფერხებასთან. კორტიზოლის დაბალი დონე აღმოაჩნდათ იმ პატიმრებს, რომლებმაც ჩაიდინებს ძალადობრივი დანაშაული. ასევე, კორტიზოლის დაბალი დონე აღენიშნებათ იმ ბავშვებს რომლებსაც აქვთ ქცევითი აშლილობა. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ტესტოსტერონსა და აგრესიას შორის კავშირი უფრო ძლიერია იმ ადამიანებში ვისაც აქვთ კორტიზოლის დაბალი დონე. დაბოლოს, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს მონოამინოქსიდაზას, ნევროლოგიურად აქტიური ენზიმის დაბალი დონის კავშირს კრიმინალურობასთან და ისეთ ქცევით პრობლემებთან, როგორიცაა ალკოჰოლისა და წამალმოხმარება და მძაფრი შეგრძნებების ძიება.

ინტელექტი, პიროვნული მახასიათებლები და დელიკვენტობა
      ლონგიტუდურმა კვლევებმა დაადგინა კავშირი პიროვნულ მახასიათებლებსა და დელიკვენტობას შორის. ერთ-ერთი ასეთია სიგვარდსონის, ბოჰმანისა და კლონინგერის მიერ ჩატარებული კვლევა. მათ შეისწავლეს 431 შვედი 11, 15 და 27 წლის ასაკში. შეფასებულ იქნა პიროვნული მახასიათებლების სამი განზომილება: სიახლის ძიება, ზიანისთვის თავის არდება (მგრძნობიარობა ავერსიულ სტიმულებზე) და ჯილდოზე დამოკიდებულება (მოიცავს ისეთ თრეიტებს, როგორიცაა სოციალური სტიმულები, სენტიმენტალურობა, შრომისმოყვარეობა). აგრესიული ქცევა 15 წლის ასაკში და კრიმინალური ქცევა უკვე მოზრდილობისას ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორც ზემოთ ხსენებულ მახასიათებლებთან  კავშირში მყოფი. მართლაც, აღნიშნული ფაქტორები დაკავშირებულია ანტისოციალურ ქცევასთან.
      ბევრი კროს-სექციური და ლონგიტუდური კვლევა მიეძღვნა ინტელექტსა და კრიმინალურობას შორის კავშირის შესწავლას. აღმოჩნდა, რომ ინტელექტის დაბალი მაჩვენებელი კორელაციაშია აგრესიის გამოვლენასთან ბავშვობასა და ძალადობასთან მოზრდილობაში და წარმოადგენს ერთ-ერთ პრედიქტორს. მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია აღინიშნა IQ-სა და დელიკვენტობას შორის მას შემდეგ, რაც გააკონტროლეს სოციოეკონომიკური სტატუსი, რასა, აკადემიური მოსწრება, ბავშვის მოტივაცია უშუალოდ ტესტის ჩატარების დროს. კავშირი IQ-სა და დელიკვენტობას შორის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ანტისოციალური ქცევის განვითარებამდე დიდი ხნით ადრეც კი.
      Ball-ის მიზანი იყო ეკვლია კავშირი პიროვნულ მახასიათებლებსა და სოციალურ დევიაციას შორის მოზარდებში.  უფრო კონკრეტულად, კავშირი დელიკვენტობას, უმცირესობის ჯგუფის სტატუსს, დაბალ სოციო-ეკონომიკურ სტატუსს, არასრულ/დარღვეულ ოჯახსა და სკოლაში წარუმატებლობას შორის პიროვნულ პატერნებთან მიმართებით. კვლევა ჩატარდა კენტუკიში პატიმრობაში მყოფ მოზარდებსა და  საშუალო სკოლის ორივე სქესის მოსწავლეებზე.
      ხსენებული კვლევა არის კროსსექციური, რომელიც ადარებს პიროვნულ და ქცევით პატერნებს ჯგუფთა შორის. დელიკვენტები შედარებული არიან არადელიკვენტებთან, თეთრკანიანი მოსწავლეები შავკანიანებთან, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონენი მაღალი სტატუსის მქონეებთან, მოსწავლეები დისფუნქციური ოჯახებიდან სტაბილური ოჯახის მქონეებთან, წარმატებული აკადემიური მოსწრების მქონენი დაბალი მოსწრების მქონეებთან, მასწავლებლების მიერ შეფასებულები, როგორც სოციალურად დეზადაპტირებულები ასეთი შეფასების არმქონეებთან. ჯგუფები გაანალიზებული და შედარებული იქნა ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, ინტელექტის კოეფიციენტი, საქმიანობა, ჩამორჩენა სწავლაში, რასა, სოციოეკონომიკური სტატუსი, ოჯახის წევრების შემადგენლობა, აკადემიური მიღწევები, მასწავლებელთა შეფასება. კვლევაში გამოყენებული იქნა მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნული კითხვარი, რომელიც მოიცავს 9 კლინიკურ სკალას. ესენი: (1) იპოქონდრიულობის სკალა - Hs; (2) დეპრესიის სკალა - D; (3) ისტერიის სკალა - Hy; (4) ფსიქოპათიური დევიაციის სკალა - Pd; (5) მასკულინობა-ფემინურობის სკალა - Mf; (6) პარანოიის სკალა - Pa; (7) ფსიქასთენიის სკალა - Pt; (8) შიზოფრენიის სკალა - Sc და (9) ჰიპომანიის სკალა - Ma.
      ხსენებულ კვლევაში პატიმრობაში მყოფი 34 არასრულწლოვანი შედარებულია 200 მეცხრეკლასელ მოსწავლესთან. ასაკი ვარირებდა 13-დან 18 წლამდე, თუმცა უმრავლესობა იყო 14, 15 და 16 წლის.  ყველაზე დიდი განსხვავება დელიკვენტებსა და არადელიკვენტებს შორის იყო 4 და 8 - ფსიქოპათიისა და შიზოფრენიის სკალებზე, რასაც მოსდევდა 9 (ჰიპომანია) და 7 (ფსიქასთენია). შედეგები მეტყველებს შიზოიდურ და მანიაკალურ ტენდენციებზე. ფსიქოპათიის მაჩვენებელი იყო შესამჩნევად მაღალი დელიკვენტებისთვის და ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. დელიკვენტ ბიჭებს ასევე შედარებით მაღალი, თუმცა სტატისტიკურად უმნიშვნელო მაჩვენებელი ჰქონდათ 2, 5 და 6 სკალაზე (დეპრესია, მასკულინობა, პარანოია). აღსანიშნავია დეპრესიის მაჩვენებელიც თუმცა ივარაუდება, რომ  ეს პატიმრობის შედეგია. დელიკვენტ გოგონებს ჰქონდათ შესამჩნევად მაღალი მაჩვენებლები 4, 6, 8 და 9 სკალებზე (ფსიქოპათია, პარანოია, შიზოფრენია, ჰიპომანია) და იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი .001 დონეზე. ეს მაჩვენებლები ადასტურებს მნიშვნელოვან შეუსაბამობას დელიკენტ გოგონებსა და ბიჭებს შორის. როგორც ჩანს, ეს ფაქტი დაკავშირებულია შემთხვევით, სხვადასხვაგვარ სექსუალურ ქცევასთან და თანმხლებ პიროვნულ დეზორგანიზაციასთან, რომელიც გამოსცადეს მდედრობითი სქესის დამნაშავეებმა.
      აღსანიშნავია, რომ 2-ვე ჯგუფის, დელიკვენტებისა და არადელიკვენტების ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებლები საკმაოდ მსგავსი იყო. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება დელიკვენტ და არადელიკვენტ პოპულაციას შორის იყო სწავლაში ჩამორჩენაში, სოციოეკონომიკურ სტატუსსა და ოჯახის შემადგენლობაში. დელიკვენტი ბიჭების 57,9 % და დელიკვენტი გოგონების 26,7 % იყო არასრული ოჯახიდან (იგულისხმება მშობლების განქორწინება, გარდაცვალება), როდესაც არადელიკვენტი ბიჭებისა და გოგონების შესაბამისად 12,6%-სა და 20.0%-ს ჰქონდა არასრული ოჯახი. დელიკვენტების 91,2% წარმოადგენდა დაბალ სოციალურ ფენას საპირისპიროდ არადელიკვენტების 55.1%-სა. განხორციელებული დელიკვენტური ქცევების მიხედვთ, ბიჭები ჩადიან ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება და მათთვის დამახასიათებელია გამოუსწორებლობა და დაუდევრობა. გოგონებისთვის ასევე დამახასიათებელია გამოუსწორებლობა, მოუწესრიგებელი სექსუალური ქცევა, ქურდობა და სკოლის გაცდენა.
     ზოგადი სურათის მიხედვით, დელიკვენტები ხასიათდებიან მოუმწიფებელი, განუვითარებელი, ამორალური და მეამბოხე პიროვნულობით არადელიკვენტებისაგან განსხვავებით.  MMPI-ს პროფილის მიხედვით, დელიკვენტები განიცდიან წარუმატებლობას სოციალიზაციის პროცესში. დაბალი სოციალური ფენის წევრობა, არასტაბილური ოჯახური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე ვერ უზრუნველჰყოფს პიროვნების უნარის განვითარებას ისე, რომ დაემორჩილოს საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს. დელიკვენტები, ჩვეულებრივ აკადემიური მოსწრების რეიტინგის დაბალ საფეხურზე იმყოფებიან და კომპენსაციის მიზნით სხვა გზებით ცდილობენ სტატუსის მოპოვებას, აფექტის რეალიზებას, მტრულობის გამოვლინებას. ბიჭებისთვის ეს არის ძირითადად, ქურდობა, გოგონებისთვის კი მრავალფეროვანი სექსუალური ქცევა.

ბულინგი

      არასრულწლოვანთა დევიაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ბულინგი. ბულინგი, ძირითადად, ხასიათდება აგრესიული ქცევითა და შემდეგი ნიშნებით: 1. მიზანია დისტრესისა და ზიანის გამოწვევა; 2. გულისხმობს ძალაუფლების დისბალანსს აგრესორსა და მსხვერპლს შორის; 3. აქვს განმეორებითი ხასიათი.  ბულინგი ვლინდება სხვადასხვა სახით, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ბულინგი, მუქარა ან ზედმეტსახელების შერქმევა, სექსუალური შევიწროება, ბულინგი რასის, ეთნიკურობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტიფიკაციის გამო, კიბერ ბულინგი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ბულინგი ბავშვთა შორის აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა, ის მაინც განსხვავდება სხვა ფორმებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ ბულინგი დამახასიათებელია აშშ-ს არასრულწლოვანთა დიდი ნაწილისთვის მიუხედავად სოციო-ეკონომიკური სტატუსისა. არსებობს გენდერული განსხვავება ბულინგის იმ სახეებს შორის რომელსაც გამოცდიან ბავშვები. ბიჭები არიან ძირითადად ფიზიკური ბულინგის მსხვერპლი, გოგონები კი ჭორებისა და სექსუალური ხასიათის კომენტარებისა. ასევე, გოგონები აღნიშნავენ, რომ არიან მსხვერპლი 2-ვე სქესის მხრიდან, როდესაც ბიჭები მხოლოდ თავისივე სქესის მხრიდან განიცდიან  ბულინგს.
      აღმოჩნდა, რომ ბულინგი დაკავშირებულია მსხვერპლის ნეგატიურ ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებასთან, რომელიც გულისხმობს დაბალ თვითშეფასებას, დეპრესიულობას, შფოთვას, მარტოობას, სუიციდისადმი მიდრეკილებას, სკოლის გაცდენას.
ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებითა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ან ისინი, ვინც ასეთებად აღიქმებიან ყველაზე ხშირად იმყოფებიან ბულინგის რისკის ქვეშ. მჩაგვრელი ბავშვები თანატოლებთან შედარებით მეტად უჭერენ მხარს აგრესიას და მეტად არიან მიდრეკილი წააქეზონ თანატოლები ბულინგისკენ.
      კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბულინგის გამომწვევი რაიმე ცალკეული მიზეზი არ არსებობს. მასზე გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახის, თანატოლების, საზოგადოების ფაქტორები. ბულინგი დაკავშირებული სხვა ისეთ პრობლემურ ქცევებთან, როგორიცაა ვანდალიზმი, ჩხუბი, ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, სკოლის მიტოვება, იარაღის შენახვა/ტარება და ა.შ.

      რაც შეეხება არასრულწლოვან დამნაშავეთა აღწერით ტიპოლოგიას, ერთ-ერთი ასეთია უკვე ხსენებული ადრე და გვიან დამწყებები. ადრე დამწყებთათვის დაკავების პირველი შემთხვევაა 15 წლის ან უფრო ადრეული ასაკი, ხოლო გვიან დამწყებთათვის 15 წელზე მეტი. მოდელის თანახმად, ადრე დამწყებები პასუხისმგებელნი არიან უფრო ბევრ და უფრო სერიოზულ დანაშაულზე, როდესაც გვიან დამწყებები სჩადიან დანაშაულს მოზარდობისას, თუმცა ადრეული მოზრდილობისას თავს ანებებენ და, ასე ვთქვათ, გამოსწორდებიან. ეს მოდელი უშვებს, რომ არსებობს ერთად ერთი ძირითადი გზა ქრონიკული დელიკვენტობისკენ და სწორედ ამ გზას ადგანან ადრე დამწყებები, ხოლო გვიან დამწყებების დელიკვენტურ ქცევას საფუძვლად უდევს განსხვავებული მექანიზმები. ადრე დამწყებთა დელიკვენტობას ახასიათებს პროგრესულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ იწყება ძალიან ადრეულ ბავშობაში, მაშინ როცა სიარულს სწავლობენ და პროგრესირებს ასაკის მატებასთან ერთად, იძენს უფრო განვითარებულ სახეს, გარდაიქმნება ქცევით პრობლემებად, რასაც მოსდევს დაკავება, არასრულწლოვანთა ქრონიკული დელიკვენტობა და მოზრდილთა ქრონიკული დამნაშავეობა.





გამოყენებული ლიტერატურა:
  1. APA resolution on bullyng among children and youth, 2004;
  2. Juvenile delinquency: understanding the origins of individual differences; Quinsey, Vernon L. Skilling, Tracey A. Lalumiere, Martin L. Craig, Wendy M. 2004;
  3. Social deviancy and adolescent personality: an analytical study with the MMPI; Ball, John C. Lexington, KY, US: University of Kentucky Press, 1962;
  4. Sociology, Macionis, J. Gerber, L. Toronto: Pearson, 2010, 7th Canadian ed;
  5. https://www.boundless.com/sociology/textbooks/boundless-sociology-textbook/deviance-social-control-and-crime-7/theories-of-crime-and-deviance-61/psychological-theories-of-deviance-373-8672/
  6. http://sociology.about.com/od/Deviance/a/Psychological-Explanations-Of-Deviant-Behavior.htm
  7. http://www.nplg.gov.ge/glossword/index.php?a=term&d=10&t=356


ავტორი:კესო ჭურღულია

No comments:

Post a Comment