იმისათვის რომ გავცეთ პასუხი კითხვას რა აიძულებს პიროვნებას ჩაიდინოს დანაშაული? საჭირო ხდება მოვახდინოთ უშუალოდ დევიანტი პიროვნების ფსიქოლოგიური ანალიზი. არსებული ანალიზის პროცესში აქცენტი კეთდება:
- სიტუაციურ;
- ფსიქოლოგიურ;
- გენეტიკურ ფაქტორებზე;
იურიდიული ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა აზრით, როდესაც საუბარი მიდის, დამნაშავის დახასიათებაზე, დაახასიათო დამნაშავის პიროვნება-ნიშნავს იკვლიო და განსაზღვრო ინდივიდის ისეთი ტიპოლოგიური თვისებები, რომლებიც გავლენას ახდნენ დევიანტური ქცევის ჩამოყალიბებაზე. ფსიქოლოგიური მიდგომიდან გამომდინარე, კეთდება დაშვება, რომ დევიანტი პიროვნება წარმოადგენს ინდივიდის ნეგატიური თვისებების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ალბათობას (Еникеев, 2005). კრიმინალის დეფინიციისას ფსიქოლოგიური თეორიები აქცენტს აკეთებენ დანაშაულის ინდივიდუალურ ბუნებაზე და შესაბამისად იმაზე, თუ რა ინდივიდუალურმა თავისებურებებმა შეიძლება მოახდინონ ზეგავლენა პიროვნების დელიქვანტური ქცევის ფორმირებაზე და საერთოდ არსებობს, თუ არა ესეთი ინდივიდუალური თავისებურებები. კრიმინოლოგიური მეცნიერების ის წარმომადგენლები რომლებიც ფსიქოსოციალურ მიდგომას ემხრობიან, ხშირად აღნიშნავენ, რომ დანაშაული გამომდინარეობს პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებებიდან, სოციალური გარემო და პირობები ახდენენ „დანაშაულის სცენის“ მომზადებას, თუმცა ამ სცენაზე მთავარი აქტორი უშუალოდ პიროვნებაა (Antony Walsh, Craig Hemmens, 2011).
რუსული კრიმინოლოგიური სკოლის მიხედვით, დანაშაული ხდება არა უბრალოდ იმის გამო რომ დამნაშავეს მოსწონს თავისი საქმიანობა ან იმიტომ რომ ვერ ხვდება „წესიერად ცხოვრების“ აუცილებლობას, არამედ იმ განწყობების და დამოკიდებულებების გამო რომელთა საშუალებითაც ინდივიდს ჩამოუყალიბდა არა ადეკვატური დამოკიდებულება სოციალური რეალობის და მისი გარკვეული მახასიათებლების მიმართ (Еникеев, 2005). მარტივად რომ ვთქვათ, დანაშაულებრივი ქმედება არა უბრალოდ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლააა, არამედ ესაა პიროვნების მიერ სამყაროს განსხვავებული ინტერპრეტაცია. დამნაშავეები სხვაგვარად ხედავენ საზოგადოებას, მასში გავრცელებულ ნორმებს, ისინი ცხოვრობენ განსხვავებულ წესით. შესაბამისად, დამნაშავეზე საუბრისას, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მის ისეთ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, როგორიცაა მოტივაციური სისტემა, აქტივობის ზოგადი თავისებურებები, სოციალური განწყობები, რომელთა საშუალებითაც ყალიბდება პიროვნების აქტივობის ზოგადი სტრატეგია.
მოტივაციურ-მოთხოვნილებითი სფერო დამნაშავეებთან შესამჩნევად პრიმიტიზირებულია, მათი ქცევები ხშირ შემთხვევაში განპირობებულია იმპულსურობით და დაბალი რეგულაციის მოთხოვნებით (ფიზიოლოგიური მოთხოვნები) (Ильин, 2008). სოციალიზირებულ ინდივიდს არ შეუძლია იარსებოს მხოლოდ დაბალი რანგის მოთხოვნილებების დონეზე. მისი ფსიქიკური განვითარება საჭიროებს მოთხოვნილებათა ცენტრის თვითრეალიზაციაზე და განვითარებაზე ორიენტირებას. ეს თავისებურება დამნაშავეთა უმრავლესობისათვის უცხოა. ენიკეევის აზრით დამნაშავეების მოთხოვნილებები გამოირჩევა: სივიწროვით, შეზღუდულობით, მატერიალურ/უტილიტარული ცალმხრივობით, სოციალურად მისაღები მოთხოვნილებების განუვითარებლობით (შრომისმოყვარეობა), დაბალი დონის მოთხოვნილებების ჰიპერტროფირებით, გარყვნილებით.
ასევე, პიროვნების ტიპოლოგიური თავისებურების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი დამოკიდებულებები. ადამიანი იმ დამოკიდებულების შესაბამისად იქცევა რომელიც სწორად მიაჩნია. შესაბამისად, ადამიანის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ქცევა იძლევა საშუალებას ვისაუბროთ უშუალოდ ამ პიროვნების შესახებ. ადამიანის ქცევაში ჩანს მისი დამოკიდებულება ქცევის მიმართ. ადამიანი იქცევა ისე როგორც საჭიროდ მიაჩნია, როგორადაც ფიქრობს რომ უკეთესი იქნება კონკრეტული მისაღწევი მიზნის თავისებურებიდან გამომდინარე. ქცევა წარმოადგენს ფიქრის განხორციელებულ ვარიანტს. შეიძლება პიროვნება ყველა დამოკიდებულებას ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ რასაც აცნობიერებს ის მის განხორციელებას საჭიროდაც თვლის.
დამნაშავის აზროვნების პროცესს ამ მხრივ გარკვეული დეფექტი აქვს, ის არაადეკვატურად აფასებს დანაშაულის ჩადენის სარგებლიანობას. დამნაშავეები მეტნაკლებად აცნობიერებენ ხოლმე საკუთარ ანტისოციალურ აზრს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მოყავთ ისეტი ტიპის მოტივები რომლებიც მათი ქცევის გამართლებას და მათი განწყობების საწინააღმდეგო შეხედულებების გაქარწყლებას ემსახურება.
სოციალური ღირებულებების უარყოფის შემდეგ დამნაშავე ცდილობს სულიერი წონასწორობის აღდგენას და საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალებას, იმის შემდეგ რა ქცევაა განხორციელებული, პიროვნება ახდენს საკუთარი ქცევის გამართლებას, მის ატრიბუციას. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება ძირითადად კავშირში არის ხოლმე დამნაშავის არაადეკვატურად მაღალ თვითშეფასებასთან. რაც გვითითებს დამნაშავეთა ღირებულებათა სისტემის ნაკლებ ადეკვატურობაზე და მათი შეფასებათა სისტემის ნაკლოვანებებზე.
მაგალითად, განზრახ ჩადენილი დანაშაულების გამართლება ხდება შემდეგი მოტივებით:
- მსხვერპლის ბრალეულობის უტრირება ;
- სოციალური ნორმების გაუფასურება რეფერენტულ ნორმებთან დაპირისპირებით(ბანდის წესები);
- პასუხისმგებლობების სხვაზე გადატანა/შექმნილ სიტუაციაზე გადატანა.;
კრიმინალური ქცევის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ პრინციპებზე:
- კრიმინალური ქცევის, ისევე როგორც ნორმირებული ქცევის(სოციალურად მიღებული ქცევის) ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ერთი ფაქტორი, არამედ გარკვეულ ფაქტორთა ჯგუფი. ეს არ ნიშნავს რომ ქცევის წარმოშობის შესწავლა შეუძლებელია. კრიმინალური ქცევის წარმომშობ მიზეზთა შესასწავლად აუცილებელია დამნაშავეთა ცალკეული კატეგორიათა (ქურდები, მოძალადეები და ა.შ.) ისეთი თავისებურებების განსაზღვრა როგორიცაა: მოტივაციური სისტემები, ღირებულებები, ანტისოციალური სტერეოტიპები.
- კრიმინალური ქცევა განსხვავდება სოციალურად მისაღები ქცევისაგან არამარტო შინაარსით და მიმართულებით, ასევე განსხვავდება ინდივიდის ფსიქო-რეგულაციური სისტემების ჩართულობის ხარისხითაც. დამნაშავეთა უმეტესი ნაწილის ქცევისათვის დამახასიათებელია სოციალურ-ღირებულებითი დეზადაპტაცია და პრობლემები თვითრეგულაციასთან. თვითრეგულაციის დაბალი დონის გამო ინდივიდი ვეღარ ახერხებს საკუთარი ანტი-სოციალური განწყობების კონტროლ ქვეშ აყვანას და რიგ შემთხვევაში არა მხოლოდ კონტროლს კარგავს ამ განწყობებზე (ახდენს დევიანტურ ქცევას), არამედ არსებული ანტისოციალური განწყობებით ცვლის სოციალურად მისაღებ განწყობებს (ჩაანაცვლებს მას).
- დანაშაულებრივი ქცევა ხორციელდება პიროვნების მიერ სოციალურ პასუხისმგებლობების მოხსნით, რასაც ის ახერხებს დაცვის მექანიზმის (გამართლების) საშუალებით. შესაბამისად, ის აუფასურებს გარემოში არსებული ღირებულებათა სისტემას საკუთარ თვალში.
- დანაშაულებრივი ქცევის ძირითადი მახასიათებელი მისი კონფლიქტურობაა. დევიანტური ქცევა ყოველთვის საზოგადოებაში არსებული ნორმების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დანაშაულებრივი ქმედებისას ჩადენისას იქმნება კონფლიქტი როგორც ინდივიდის შიგნით (შიდა პიროვნული კონფლიქტი), ასევე ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის.
No comments:
Post a Comment