Tuesday, May 26, 2015

განწყობის თეორია და დელიქვანტური ქცევა

       ფსიქო-სოციალური მიდგომის მომხრე თეორიები, განავრცობენ თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული მოსაზრებას, რომ პიროვნება ყალიბდება  ინდივიდუალური და გარემო ფაქტორების ინტერაქციის შედეგად, რაც იძლევა საშუალებას დაიძლიოს დილემა თანდაყოლილობისა თუ  გარემოს უპირატესობის შესახებ. აღსანიშნავია, არსებული დილემის გადაჭრა სხვა ქვეყნების ფსიქოლოგიური სკოლებისათვის შედარებით ახალია, როდესაც ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არსებული საკითხი 50-იან წლებში უკვე დაიყვანებოდა „განწყობის ცნებაზე“.

   განწყობა დიმიტრი უზნაძის დეფინიციით განისაზღვრება, როგორც ყოველგვარი ფსიქიკური აქტივობის საფუძვლად მდებარე ფსიქიკური მდგომარეობა (უზნაძე, 2009). თეორიის განვითარების შემდეგ ეტაპებზე, განწყობის საშუალებით აიხსნა პიროვნების მიერ განხორციელებული მიზანშეწონილი ქცევა, არსებულ ეტაპზე გადასვლით, განწყობა განისაზღვრა როგორც ერთ-ერთი ფსიქიკური წარმონაქმნი, რომელიც აზრების, ემოციების, მოტივებისა და სხვა ფსიქიკური ფაქტორების გვერდით განსაზღვრავს ადამიანის ქცევას (ნადირაშვილი, 2014).
    ქცევის ფორმირების საფუძვლად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაზღვრავდენ შინაგან ფაქტორებს (მოთხოვნილება, მოტივაცია, გენეტიკური თავისებურებები და ა.შ.), ან გარეგან ფაქტორებს (სოციუმის თავისებურება, ეკონომიკური ფონი, საზოგადოების მოწყობის წესი). რაც თავისთავად ქცევის აღწერის თვალსაზრისით ცალმხრივ მიდგომას წარმოადგენდა და შესაბამისად მოწინააღმდეგეთა კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგალითად, დღემდე ფართოდ გავრცელებული აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა თეორია, პიროვნების ქცევას, მისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განხორციელებულ მიზანმიმართულ აქტივობად განიხილავს, რაც ვერ ხსნის თუ რატომ იქცევა ერთი და იგივე მოთხოვნილების ეტაპზე მყოფი პიროვნება, ერთი და იგივე სიტუაციაში სხვადასხვანაირად.  ანალოგიური ნაკლოვანებით ხასიათდება ბიჰევიორისტული მიდგომაც პიროვნების ქცევის ახსნის თვალსაზრისით, რადგანაც ვერ ხსნის სრულყოფილად თუ რატომ ახორციელებენ პიროვნებები სხვადასხვა საპასუხო რეაქციას ერთი და იმავე სტიმულზე.
    განწყობის თეორიის საწყისს ეტაპზე, განიხილებოდა რომ განწყობის ფორმირებისათვის საჭიროა პიროვნების მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო შესაბამისი გარემო. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პიროვნებას აქვს „ვაშლის“ მოპოვების მოთხოვნილება, აუცილებელია რომ მის გარშემო არსებობდეს შესაბამისი გარემოც, მაგალითად „ვაშლის ხე“. თუკი ორივე ასპექტი ემთხვევა ერთმანეთს(მინდა ვაშლი და არსებობს ვაშლის მოპოვების შესატყვისი გარემო) პიროვნებას უყალიბდება შესაბამისი განწყობა, რომელიც ხდება მისი აქტიობის საფუძველი. სქემატურად არსებული პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი სახით:


განწყობის განვითარების შემდეგ ეტაპზე ორკომპონენტიან მოდელს დაემატა მესამე შემავსებელი კომპონენტი.  შ. ნადირაშვილის აზრით (ნადირაშვილი.შ.1983)  იმისათვის, რომ განწყობა ჩამოყალიბდეს, გარდა მოთხოვნილებისა და სიტუაციისა საჭიროა იმ  ოპერაციათა სისტემა, რომელიც ამ ქცევის წარმატებით განხორციელებისათვის არის საჭირო. განვიხილოთ ზემოთმოყვანილი ვაშლის მაგალითი. სუბიექტს აქვს ვაშლის მოთხოვნილება და სიტუაციაც შესაბამისია, ანუ ხედავს ვაშლის ხეს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ განწყობა ჩამოყალიბდება, მაგრამ რა ხდება მაშინ თუკი ვაშლის მოპოვება ხეზე ასვლას საჭიროებს, ხოლო სუბიექტმა ხეზე ასვლა არ იცის? სავარაუდოდ განწყობა არ ჩამოყალიბდება და შესაბამისად არც ვაშლის მოპოვების ქცევაც განხორციელდება. მაგრამ, თუკი სუბიექტს აქვს შესაბამისი უნარები (ოპერაციათა სისტემა), ვაშლის მოპოვების ქცევა ხდება შესაძლებელი და შესაბამისად განწყობაც ყალიბდება. განწყობაში ასახულია მოთხოვნილება, სიტუაცია და ესკიზურად, წინასწარ მომზადებულია ის ქცევა, რომელიც უნდა განხორციელდეს (ნადირაშვილი შ.1983)  აღნიშნული სამკომპონენტიან მოდელს აქვს შემდეგი სახე:

ზემოთმოყნილი მოდელიდან, გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ განწყობის მოდელი ახდენს საკუთარ თავში როგორც ვიტალისტური ასევე მექანისტური მიდგომის გაერთიანებს.  სამკომპონენტიანი მოდელის განხილვით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, განწყობის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენს სოციალური/გარეგანი ფაქტორები, კონკრეტულად კი სიტუაცია და შინაგანი ფაქტორები მოთხოვნილება  და ოპერაციათა სისტემა.

მოთხოვნილება და ქცევა


ადამიანი, როგორც ცოცხალი ინდივიდი, სინამდვილის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს ერთგვარად მაინც გამოყოფილია სინამდვილისაგან და მთლიან სისტემას წარმოადგენს, შესაბამისად ინდივიდი ცდილობს ამ მთლიანობის შენარჩუნებას და წინააღმდეგობას უწევს გარემოს დამანგრეველ ზემოქმედებას, რაც მისი შინაგანი სასიცოცხლო ძალების დახმარებით მიიღწევა. ინდივიდის მთლიანობის შენარჩუნების ტენდენცია სასიცოცხლო მოთხოვნილებათა საფუძველზე ხორციელდება (ნადირაშვილი, 2014).  მოთხოვნილება წარმოადგენს პიროვნების აქტივობის განმსაზღვრელ იმპულს. მოთხოვნილება წარმოადგენს იმ ხიდს რომლის საშუალებითაც პიროვნება ახდენს გარემოსთან ურთიერთობას. მაგალითად, თუკი პიროვნებას არ ექნებოდა შიმშილის განცდა, მას არ მოუწევდა საკვების ძიება და მისი მოპოვების ახალ-ახალი გზები მოგონება.  ინდივიდს თავისი მოთხოვნილების შესახებ ცნობა გაუცნობიერებელი განცდების სახით ეძლევა და შესაბამისად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნილების ცნება ადამიანისათვის თანდაყოლილი და გარკვეულ დონემდე უნივერსალურია. სათანადო ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ მოთხოვნილებათა ორი სახე:
  1. საგნობრივი მოთხოვნილებები (დანაკლისის შევსების, გამრავლების და აგრესიის მოთხოვნილებები)
  2. ფუნქციონალური მთხოვნილებები.

საგნობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რეალურად არსებული საგნები საშუალებით ხდება, უზნაძის მიხედვით საგნობრივ მოთხოვნილებებზე დაფუძნებულ ქცევას ექსტეროგენული ქცევა ეწოდება (უზნაძე, 2009). ფუნქციონალური მოთხოვნილებები კი ადამიანს შინაგანი ძალების სპონტანური გამოვლენისა და რეალიზაციის ტენდენციის სახით ეძლევა (ნადირაშვილი, 2014). მოთხოვნილებები, მიუხედავად იმისა რომ თანდაყოლი ელემენტებს წარმოადგენენ, მაინც განიცდიან გარემოს ზემოქმედებას და შესაბამისად სოციუმის კულტურული და მორალური ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია მოდიფიცირდენ, თუმცა მათი ძირითადი სახე და ხერხემალი მაინც იგივე შინაარსის რჩება. მაგალითად, ფუნქციონალური მოთხოვნილება შეიძლება ტრანსფორმირედეს ერთ კულტურაში ხელოვნების დარგში და მეორე კულტურაში დევიანტურ ქცევაში, მაგრამ მისი შინაარსი და მიმართულება „აქტივობა“ იგივე რჩება.
დელიქვანტური ქცევის ჭრილში მოთხოვნილებას მნიშვნელოვანი როლი უკავია, რადგანაც დელიქვანტურ ქცევათა გარკვეული წილი (ქურდობა, ყაჩაღობა, ფინანსური დანაშაული) საგნობრივი მოთხოვნილებით შეიძლება იყოს განპირობებული და დელიქვანტური ქცევა უბრალოდ ინსტრუმენტალურ საშუალებას წარმოადგენდეს (ისევე როგორც აგრესიის მოთხოვნილება ინტერპრეტირდება, რიგი თეორიების მიხედვით, როგორც მიზნის მიღწევის ინსტრუმენტული საშუალება), არსებული მიზნის მიღწევისათვის. პიროვნება იპარავს იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს დანაკლისის მოთხოვნილება (შიმშილი). მხატვრულ ლიტერატურაში, არსებული მოსაზრების ნათელი მაგალითია ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული რომანი „საბრალონი“, სადაც პერსონაჟი ჩადის დელიკვანტურ ქცევას-ქურდობას (იპარავს პურს), იმისათვის რომ დაიკმაყოფილოს დანაკლისის მოთხოვნილება-შიმშილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციონალური მოთხოვნილების განხილვა დელიკვანტურ ჭრილში, რადგანაც არსებობს ადამიანთა კატეგორია თანდაყოლილი ფსიქიკური გადახრით (ფსიქოპათები, სოციოპათები), რომელთათვისაც დელიკვანტურ ქცევას საგნობრივი დატვირთვა არა აქვს და ის მათთვის მისაღებია, როგორც აქტივობის პროცესი. მათთვის დანაშაული წარმოადგენს არა ინსტრუმენსტს, არამედ თვითმიზანს ფუნქციონალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ესეთი ტიპის ადამიანები უხეშად რომ ვთქვათ თვითაქტუალიზირდებიან დევიაციური ქცევის საშუალებით.

ოპერაციათა სისტემა და ქცევა

იმისათვის რომ პიროვნებამ მიზანშეწონილი ქცევა განახორციელოს,  უნდა იცოდეს თუ რა ესკიზური სქემით უნდა მოიქცეს. ნებისმიერ მიზანშეწონილ ქცევას აქვს თავისი ესკიზი და ადამიანები ხშირად ვერც ამჩნევენ ამ ესკიზების არსებობას. მაგალითად, ყველამ ვიცით, როგორ უნდა დავკეტოთ სახლიდან გამოსვლისას კარები, თუმცა არ გვახსოვს პირველად როდის ვისწავლეთ კარის დაკეტვა და რა სირთულესთან იყო დაკავშირებული ეს აქტივობა. ადამიანის აქტივობა სავსეა უამრავი ტიპის ესკიზით, რომელიც მას ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში. ამასთან, მას ყოველდღიურად უწევს ახალი სქემების მოფიქრება ან არსებულში კორექციების შეტანა. პიროვნება ვერ განახორციელებს ქცევას თუკი მას არა აქვს ამ ქცევისათვის საჭირო ესკიზი. ესკიზის ჩამოყალიბებაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს პიროვნების უნარები და შესაძლებლობები, რადგანაც იმისათვის რომ ესკიზი გამოიყენო, საჭიროა ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო ოპერაციათა სისტემა გაგაჩნდეს. მაგალითად, იმისათვის რომ ხეზე ახვიდე, უნდა იცოდე როგორ ადიან ხეზე (ესკიზი) და შეგეძლოს ხეზე ასვლა (ოპერაციული შესაძლებლობები).
ადამიანი არსებულ ესკიზებს იგონებს ან სწავლობს სხვისი გამოცდილებით (სოციალური დასწავლის საშუალებით), საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. პიროვნების შესაძლებლობები გარკვეულწილად თანდაყოლილია (ინტელექტის თანდაყოლილობის ინდექსი(64/36 % შეფარდება). შესაბამისად, თუ არსებულ ლოგიკას გავყვებით, პიროვნების ქცევის ფორმირებაზე არსებული შესაძლებლობები გავლენას ახდენს.
დელიქვანტური ქცევის ფორმირების თვალსაზრისით ესკიზებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგანაც ესკიზები შეიძლება წარმოადგენდენ დელიქვანტური ქცევის როგორც წამახალისებელ, ასევე ამკრძალავ წინაპირობას. მაგალითად, ლუვრის ერთ-ერთი გახმაურებული ძარცვა მოხდა, წინა პერიოდში გამოსული მხატვრული ფილმის შემდეგ. ფილმში დეტალურად იყო ასახული ძარცვის პროცესი. სინამდვილეშიც მძარცველებმა  ზუსტად გამოიყენეს უკვე არსებული ესკიზი ლუვრის გასაქურდად. არსებული მაგალითი გვიბიძგებს დავფიქრდეთ შემდეგ საკითხზე: რომ არ ცოდნოდათ ქურდებს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ ქურდობა, ჩაიდენდენ აღნიშნულ საქციელს? სავარაუდოდ არა. იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს მიზანშეწონილი ქცევის განწყობა (მიუხედავად იმისა რომ ეს ქცევა შესაძლებელია დელიქვანტური იყოს) საჭიროა გაწერილი იყოს იმ აქტიობათა სისტემა რომელსაც ქცევის წარმატებით განხორციელებისაკენ მივყავართ.

ქცევა და სიტუაცია

ქცევის განმაპირობებლი ფაქტორია არსებული სიტუაციაც. სიტუაცია წარმოადგენს „გამზადებულ სცენას“ (Antony Walsh, Craig Hemmens, 2011) დანაშაულის განხორციელებისათვის. შესაბამისად, მან შეიძლება ითამაშოს, როგორც წამახალისებელი ასევე შემაკავებელი ფაქტორის როლი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე დევიაციურ ქცევას ეხება. არსებული მოსაზრების ნათელ დახასიათებას წარმოადგენს „ჩამსხვრეული ფანჯრების თეორია (Broken windows theory)“. რომელიც ჩამოაყალიბა ჯეიმს უილოსნმა (James Q. Wilson) და ჯორჯ კელინგმა (George L. Kelling). აღნიშნული თეორიის მიხედვით „თუკი ვინმემ სახლში ფანჯარა ჩატეხა და ეს ფანჯარა არავინ შეაკეთა, მალე სახლში არცერთი მთელი ფანჯარა აღარ დარჩება“. სიტუაციას აქვს შესაძლებლობა მიიზიდოს გარკვეულწილად ადამიანი და უბიძგოს მას გარკვეული ქცევის ფორმირებისაკენ. მაგალითად თუკი არსებულ საზოგადოებაში, ქრთამი არაა იშვიათი ფენომენი, მეტია ალბათობა რომ ამ ტიპის ქცევები მომავალშიც განხორციელდება ისეთი ადამიანების მიერ, ვისაც აქამდე ამ ქცევისათვის არ მიუმართავს, ხოლო თუკი საზოგადოებაში ქრთამის აღების ფაქტი თითქმის ნულს უტოლდება, ის პიროვნებაც კი რომელიც შეიძლება მოტივირებული იყოს არსებული ქცევის განხორციელებისაკენ, თავს შეიკავებს ამ აქტიობისაგან.
ადამიანის განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, განსხვავებულია სიტუაციური ფაქტორის ზეგავლენის დონე პიროვნებაზე. ადამიანთა გარკვეული კატეგორია მეტადაა კონფორმული სიტუაციური ფაქტორის მიმართ, როდესაც გარკვეული კატეგორია შეიძლება მკვეთრად უპირისპირდებოდეს საზოგადოების და სიტუაციის ზეგავლენას.

განწყობის სამკომპონენტიანი მოდელი და დანაშაულებრივი ქცევა

ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლების აზრით, ქცევა ხორციელდება შექმნილი განწყობიდან გამომდინარე. განწყობაში მოცემულია ქცევის განხორციელებისათვის საჭირო მოთხოვნილება, ესკიზი და ამ მოთხოვნილებას მორგებული სიტუაციური გარემოც. როდესაც საუბარი მიდის კრიმინალური ქცევის ფორმირებაზე(ისევე როგორც ნებისმიერი ქცევის დროს) საჭიროა პიროვნებას შეექმნას შესაბამისი განწყობა. დანაშაული ისევე როგორც სხვა ტიპის ქცევა ატარებს მიზანშეწონილ ხასიათს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არა გვაქვს შემთხვევითი ტიპის დანაშაულებზე). დევიაციური ქცევის ფორმირებისას ადამიანს ჭირდება განწყობის ფორმირება, რადგანაც განწყობის გარეშე შეუძლებელია მოხდეს ქცევის განხორციელება. განწყობაში გათვალისწინებულია, როგორც პიროვნების მოთხოვნილება ასევე გარემო. არსებული ქცევა ატარებს მიზანშეწონილ ხასიათს და პიროვნებაც დანაშაულის ჩადენისას, აცნობიერებს მის მიერ განხორციელებული დელიქავანტური ქცევის ხასიათს, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ პიროვნება წარმოადგენს სოციალურად დეგრადირებულ არსებას, რომლისთვისაც საზოგადოებრივი კონტრაქტი არაფერს წარმოადგენს.  დანაშაულებრივი ქცევის ფორმირება შესაძლებელია განწყობის სამკომპონენტიანი მოდელის თითოეული კომპონენტის ან მათი ჯგუფური დეგრადაციის შემთხვევაში. დეგრადირებული შეიძლება იყოს როგორც პიროვნების მოთხოვნილება, ასევე ესკიზი და მის მიერ განხორციელებული სიტუაციური აღქმაც.  ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ელემენტის დეფორმირებას და მის განწყობათა ჯაჭვში ფიქსირებას, შეუძლია პიროვნების ერთჯერადი სიტუაციურ განწყობაზე დაფუძნებული ქცევა დააფიქსიროს და აიყვანოს დისპოზიციური განწყობის დონეზე.  დელიქვანტური ხასიათის დისპოზიციური განწყობების ქონა, უკვე იძლევა იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ვთქვათ „დანაშაული იქცა პიროვნების ცხოვრების წესად და მის ფსიქოლოგიურ მახასიათებლად“

განწყობის დონეები და ქცევა

განწყობის ფსიქოლოგიაში, პიროვნების განვითარებისა და მის მიერ განხორციელებული მიზანშეწონილი ქცევის ახსნის მიზნით, შემოტანილი იქნა განწყობის სტადიები. თითოეული სტადია გამოხატავს ადამიანის განვითარების სიმწიფეს და არა ასაკობრივ ზღვარს, ამასთან ერთად განვითარების თითოეული დონის  ქცევას განაპირობებს შესაბამისი სპეციფიკური დონის განწყობა: ინდივიდის დონის განწყობა, სუბიექტის დონის განწყობა, პიროვნული დონის განწყობა. არსებული კლასიფიკაცია იერარქიულია, რაც უფრო განვითარებულია პიროვნება მით უფრო მაღალია მის მიერ ფორმირებული განწყობის დონე.
ინდივიდის დონის განწყობის ქცევა გამოხატავს ზოგადად ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური მოთხოვნილების  დამაკმაყოფილებელ ქცევას (ნადირაშვილი, 2014). ინდივიდის დონეზე აქტივობა მიმდინარეობს იმპულსურად, ცნობიერის აქტიურად ჩართვის გარეშე.  თუკი ინდივიდის ქცევას შეექმნა პრობლემა და მან ვეღარ მოახერხა მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ის აჩერებს იმპულსურ ქცევას და სუბიექტი იწყებს პრობლემური რეალობის გააანალიზებას. გაურკვეველი სიტუაციის  საფუძველზე პიროვნებას უჩნდება პრობლემურ სიტუაციაში გარკვევის განწყობა, შემეცნების განწყობა, არსებული ტიპის განწყობა კი უკვე წარმოადგენს სუბიექტის აქტივობის დონეს. მოკლედ, რომ გავაანალიზოთ ინდივიდი საგნობრივ სინამდვილეს უკავშირდება და შესატყვისი განწყობის საფუძველზე ეგუება მას. სუბიექტი სინამდვილეს ასახავს და მოპოვებული ცოდნით ავსებს განწყობას, რითაც აგრძელებს შეფერხებულ მოქმედებას (ნადირაშვილი, 2014).  როდესაც ობიექტივაციის აქტი ადამიანის ქცევასთან საგნობრივი სინამდვილის შეუსაბამობის გამო ჩნდება, ადამიანი სუბიექტი ხდება და აზროვნებას იწყებს. მაგრამ როდესაც ობიექტივაციის აქტი ჩნდება ადამიანის ქცევასთან მისი შინაგანი ბუნების დაპირისპირების გამო, ე.ი. როცა იმპულსურ ქცევას ადამიანის მორალური და სოციალური ორიენტაციები ეწინააღმდეგება, მაშინ ადამიანი საქმიანობაში ნებისყოფის პროცესს რთავს და იგი პიროვნება ხდება. პიროვნება კი თავისუფალი შემოქმედი არსებაა. ახალ სინამდვილეს ქმნის და ამით აფართოებს სულიერ სამყაროს, ამდიდრებს სინამდვილეს ახალი მატერიალური და სულიერი ღირებულებებით. პიროვნება ქმნის კულტურას და თავისუფლდება სინამდვილის მექანიცისტური დეტერმინაციისაგან (ნადირაშვილი, 2014). ნადირაშვილის აზრით ინდივიდის და სუბიექტის დონეზე განწყობის შინაარსი სინამდვილის კანონზომიერებებით არის დეტერმინირებული, პიროვნება კი შემოქმედების პროცესში ახალ სინამდვილეს აგებს.
არსებული განწყობის დონეები, ნათელს ფენს პიროვნების დანაშაულებრივი ქცევის ფორმირების გარკვეულ ასპექტებსაც. როგორც თემის დასაწყისში იყო აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს სოციალური კონტრაქტის დარღვევას, შეიძლება ითქვას რომ გარკვეული კუთხით დანაშაული ამორალური საქციელია. შესაბამისად პიროვნებამ რომ გააცნობიეროს საკუთარი ქცევის ამორალურობა, მას უნდა შეეძლოს შესაბამისის დონის განწყობის ფორმირება, მორალი, ეთიკა, მაღალი ღირებულებები წარმოადგენს პიროვნების დონის განწყობის მახასიათებლებს, შესაბამისად იმისათვის რომ პიროვნებამ გაიაზროს და გაიშინაგანოს საკუთარი ქცევის ამორალურობა, მას უნდა შეეძლოს შესაბამისი დონის განწყობის ფორმირება.  შოთა ნადირაშვილის აზრით კი, პიროვნება შესაძლებელია ვერც ავიდეს პიროვნების დონის განწყობის ფორმირებაზე ანუ მისგან ვერ ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი პიროვნება (ნადირაშვილი, 2014).
არსებული მიდგომა ხსნის დანაშაულის მატების ტენდენციას, სოციალური ძვრების დროს. თუკი დავუშებთ, მოსახლეობის ნაწილი არაა პიროვნების დონეზე ასული, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არ შეუძლია მორალური და ეთიკური ნორმების გაშინაგნება. განწყობის ქვედა დონეებზე, სოციალური წესრიგი თავს მოხვეული ცნებააა, რომელიც სუბიექტისათვის განიხილება როგორც მოცემულობა და მეტი არაფერი, საზოგადოებრივი წესრიგი მისთვის ინსტრუმენტალური ღირებულებაა და არა თვითმიზანი, შესაბამისად სანამ არსებული წესრიგი მუშაობს, პიროვნება ემორჩილება მას, ხოლო როდესაც წესრიგი ირღვევა, პიროვნების უუნარობის გამო რომ შექმნას ახალი მორალური ღირებულება ის ექცევა სოციალური კატაკლიზმების ზეგავლენის ქვეშ, კონკრეტულად კი „ხდება დამნაშავე“.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, განწყობის თეორიიდან გამომდინარე საჭიროა, არა პიროვნების იძულება და სოციალურ მარწუხებში მოქცევა, არამედ მისი შინაგანი აღზრდა(აღსანიშნავია, რომ ისეთი განმანათლებლები როგორებიც იყვნენ ჟან-ჟაკ რუსი, ჯონ ლოკი და სხვები, აღნიშნავდენ იგივე პრობლემატიკას, თუმცა უფრო ფილოსოფიური და არა ემპირიული კუთხით.).  თუკი პიროვნების განვითარების დონე იქნება ასული, პიროვნული განწყობის ფორმირების დონეზე, შესაძლებელია ითქვას, დანაშაული დაკარგავს თავის ინსტრუმენტალურ ღირებულებას, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი სუბიექტი ყოველთვის ჩასაფრებულ რეჟიმში იქნება, რადგანაც ნებისმიერი სოციალური ცვლილება მასში დელიქვანტური განწყობების გააქტიურებას გამოიწვევს.




No comments:

Post a Comment