Tuesday, July 7, 2015

დამნაშავეთა ფსიქოლოგიური ტიპოლოგია


    კრიმინალური ფსიქოლოგია არის სწავლება დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი ინდივიდის სურვილების, ფიქრების, განზრახვებისა და რეაქციების შესახებ. გამოძიება ყოველთვის წარიმართება იმის მიხედვით თუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი-ადამიანი მოქმედებდა მასში მყარად არსებული კოგნიტური სქემების მიხედვით, თუ მისი ქმედება გამოწვეული იყო გარემო პირობების ზემოქმედებით. დანაშაულის მოტივის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბრალდებულისაგან/სავარაუდო ბრალდებულისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად საჭირო პროცესის დაგეგმარებისათვის, რადგანაც თუკი გამომძიებელმა იცის პიროვნების ქცევითი აქტიობის მოტივი, მას შეუძლია ააგოს დამნაშავის ქცევის ესკიზური და ლოგიკურად გამართული ხატი, შეუძლია შევიდეს მის მდგომარეობაში(მოახდინოს პირთან იდენტიფიცირება) და მოძებნოს ის დამატებითი საყრდენები, რომლებიც დაეხმარება პირთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარებაში, რაც აღიარებითი ჩვენების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
     დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის ფსიქოლოგიური თავისებურება აიხსნება ისეთი კოგნიტური სქემების არსებობით, რომელიც განაპირობებს კანონსაწინააღმდეგო ქცევის განხორციელებას და განსაზღვრავს პიროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ქცევით მახასიათებლებს.